2022 წლის შედეგები. რეკორდული ინფლაცია და ენერგეტიკული კრიზისი

ფოტო - 2022 წლის შედეგები. რეკორდული ინფლაცია და ენერგეტიკული კრიზისი
2022 წელი სავსე იყო უარყოფითი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით.რეკორდულ ინფლაციასთან გასამკლავებლად უკიდურესი ზომების მიღება ძლიერ ეკონომიკებსაც კი მოუწიათ. ვაჯამებთ 2022 წლის ძირითად ეკონომიკურ შედეგებს.

შესავალი

მოლოდინების მიუხედავად, 2022 წელს განვითარებულ კრიზისის დროს, კრიპტოვალუტის ბაზარი ვერ  იქცა  "მშვიდ ნავსადგურად". ბევრი კრიპტოენთუზიასტი იმედოვნებდა, რომ მზარდი ინფლაცია გავლენას არ მოახდენდა კრიპტოვალუტებზე, ზოგიერთმა კი პირიქით, ამ პერიოდში მათი მკვეთრი ზრდა იწინასწარმეტყველა.   მაგრამ 2022-მა ნათლად აჩვენა,, რომ კრიპტოვალუტები ძალიან მჭიდრო კორელაციაშია საფონდო ბირჟასთან: ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი ზუსტად ისევე მოქმედებს კრიპტოვალუტაზე, ხოლო ზოგიერთ სიტუაციაში რეაქცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ამიტომ მნიშვნელოვანია მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რადგან,  ეს მაჩვენებლები გლობალურია და ყველა ბაზრის მიმართულებას განსაზღვრავს.

ინფლაცია მსოფლიოში

კრიპტოვალუტის სექტორში 2022 წლის შედეგების შეჯამებისას, შეუძლებელია არ გამოვყოთ ინფლაცია გაჭიანურებული დათვის ტრენდის მთავარ მიზეზად. უკრაინაში დაწყებულმა ომმა და ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოიწვია ინფლაციის რეკორდული ზრდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში: ზოგიერთ ეკონომიკაში ინფლაციის მაჩვენებლები სამნიშნა რიცხვადაც კი შეფასდა.

ფასების ზრდამ აიძულა ცენტრალური ბანკები ინფლაციის შეკავებაზე გადასულიყვნენ საპროცენტო განაკვეთების  გაზრდით. და ეს ტენდენცია შეიძლება შენარჩუნდეს 2023 წელს. 

ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე  ქვეყნების ხუთეულში შედიან: ზიმბაბვე,  269%-ი მაჩვენებლით, ლიბანი - 162%, ვენესუელა - 156%, სირია - 139%, სუდანი - 103%. 

ენერგეტიკული კრიზისი

2020 წლის ოქტომბრიდან  მსოფლიოში  დაიწყო ენერგომატარებლებზე ფასების ინდექსის ზრდა, რომელიც შედგება ქვანახშირის, ნედლი ნავთობის, პროპანისა  და ბუნებრივი აირისგან. ომმა კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია.  

ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის საშუალო  ფასი, 2021  წელთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. ხოლო შინამეურნეობებისთვის ელექტროენერგიის რეალური ფასი 78%-ით გაიზარდა.

ინფლაცია ევროპაში

2022 წელს ევროპის ქვეყნებში ინფლაციამ ასევე ყველა რეკორდი  დაამხო. დაზარალდა როგორც განვითარებადი, ისე ძლიერი, მდგრადი ეკონომიკები. და სწორედ ენერგორესურსების გაძვირება არის ამ მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ინფლაციის მაჩვენებელი ევროკავშირსა და ევროზონაში

ინფლაციის მაჩვენებელი ევროკავშირსა და ევროზონაში

მოკლედ განვიხილოთ ცალკეულ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა

გერმანია

ოქტომბერში გერმანიაში ინფლაცია 10,4%-ს შეადგენდა. ეს იყო ყველაზე მაღალი დონე უკანასკნელი  70 წლისა  და პირველი შემთხვევა 23 წლის განმავლობაში, როდესაც მაჩვენებელმა  ორნიშნა ციფრს  მიაღწია.  

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის მაჩვენებლით,  ინფლაციამ 11,1%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 1981 წლის შემდეგ.

საფრანგეთი

საფრანგეთი ინფლაციას უკეთესად უმკლავდება ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნები. აქ ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მთელ ევროპაში. ოქტომბერში პიკის ნიშნულზე შეადგენდა 6,2%-ს.

ECB საკვანძო განაკვეთი

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო განაკვეთის გაზრდა პირველად 2011 წლიდან დაიწყო. 2022 წელს დაფიქსირდა 4 ზრდა, სულ 250 საბაზისო პუნქტით. ამ დროისთვის ძირითადი მაჩვენებელი 2.5%-ია, რაც 2009 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

აშშ-ს ინფლაცია

აშშ-ს ეკონომიკა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ამიტომ, ანალიტიკოსების ყურადღება  მთელი წლის განმავლობაში მიპყრობილი იყო მზარდი ინფლაციისკენ  შეერთებულ შტატებში, რომელმაც  ამ მხრივ,  2022  წელს, ბოლო 40 წლის მაქსიმალური  მაჩვენებლები განაახლა. 

ინფლაციის ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა (9.1%). შემდეგ  დაიწყო ვარდნა და  ნოემბერში 7.1%-მდე შემცირდა.

ამგვარად, ძვირდება ფასები საკვებზე, მატულობს  ელექტროენერგიის გადასახადები, იზრდება ფასები სხვა საქონელსა და მომსახურებაზე. მარტივად რომ ვთქვათ -  ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდება.

ამიტომაც აშშ-ის  ფედერალური სარეზერვო სისტემა, საკვანძო საპროცენტო განაკვეთის ზრდით და  რაოდენობრივი გამკაცრების პოლიტიკით ცდილობს  შეაჩეროს ინფლაციის ზრდა.

ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი

აშშ-ში ფასების ზრდის გაკონტროლების  მიზნით, მარეგულირებელმა 2022 წელს საპროცენტო განაკვეთები შვიდჯერ გაზარდა, საერთო ჯამში 425 საბაზისო პუნქტით.

ამ დროისთვის ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 4.25%-4.5%-ია და ყველაზე მაღალია 2007 წლის შემდეგ.

რაოდენობრივი გამკაცრების პოლიტიკა

2022 წელს რაოდენობრივი გამკაცრების (QT) ტაქტიკის მიხედვით, ფედერალური სარეზერვო სისტემის ბალანსის შემცირება დაიწყო, რომლის პროცესშიც ეკონომიკაში ლიკვიდურობაც მცირდება.

გრაფიკში ჩანს ფედერალური სარეზერვო სისტემის, რეზერვის კლების ტემპი, რომელიც  2023 წლის 4 იანვრის მონაცემებით, აპრილის $8 965 ტრილიონის მაჩვენებლიდან, $8 507 ტრილიონამდე შემცირდა.

ფედერალური სარეზერვო სისტემა  საბოლოო  მიზნად ისახავს ინფლაციის  2%-იან  ნიშნულზე გაჩერებას  და მოსახლეობის  მაქსიმალურ დასაქმებას. ამისათვის მარეგულირებელი 2023 წელს, საპროცენტო განაკვეთების ზრდის და ბალანსის შემცირების პოლიტიკის  გაგრძელებას  გეგმავს.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის  ინფლაციის მონაცემებმა თითქმის ყველა ქვეყანაში ოდნავი კლება დაიწყო, ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული პოლიტიკა შეიძლება გაგრძელდეს 2023 წლამდე, სანამ ინფლაცია არ მიაღწევს სამიზნე  ნიშნულებს.

მარეგულირებლებისთვის ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა -  უპირველესი ამოცანაა. და სანამ ისინი არ შეარბილებენ  ხისტ პოლიტიკას, მანამდე  ფინანსური  ბაზრები (მათ შორის კრიპტოვალუტისაც)  კვლავ განაგრძობენ კლებას.