ალტერნატიული სოციალური ქსელები: ტოპ-5 DeFi-პროექტი

ფოტო - ალტერნატიული სოციალური ქსელები: ტოპ-5 DeFi-პროექტი
უმეტეს ჩვენგანს Twitter-ზე, Facebook-ზე, ან Instagram-ზე ანგარიშები აქვს, სადაც ჩვენს აზრებსა და გრძნობებს ვაზიარებთ, მეგობრებს ვეკონტაქტებით და ახლებს ვეძებთ. მაგრამ მართლა სუფევს თუ არა სიტყვის თავისუფლება ამ ციფრულ სამყაროებში?
სოციალური ქსელები თანამედროვე ადამიანის მუდმივი თანამგზავრია. ისინი გაგამხიარულებს, ახალ ამბებს გაცნობებს და იმ ახლობლებთან კონტაქტში დაგეხმარება, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. ინსტალაციისა და გამოყენების სიმარტივე, ელეგანტური დიზაინი, მრავალი დამატებითი ფუნქცია - ყველა ამ უპირატესობამ ცენტრალიზებული სოციალური ქსელები (FB, Twitter, Instagram და ა.შ.) პოპულარული ყველა ასაკის მომხმარებელში გახადა. თუმცა, მათ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები აქვთ - ცენზურა და კონფიდენციალური მონაცემების არასაკმარისი დაცვა.

კლასიკური სოციალური ქსელები აქტიური რეკლამით (ზოგჯერ ის აგრესიულში გადადის), მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაჟონვითა და გამოქვეყნებული კონტენტის დეტალური მოდერაციით სცოდავს. თუ პირველი ორი ნაკლი მთლიანად დეველოპერების სინდისზეა, პოსტებისა და ვიდეოებისადმი გაზრდილი ყურადღება, ერთი შეხედვით, მისასალმებელია. მოდერაცია ვებ-გვერდებზე მომხმარებლისთვის პოტენციურად სახიფათო და კანონის დამრღვევი ინფორმაციის მოხვედრის პრევენციას ახდენს. ასეთ ინფორმაციას განეკუთვნება: მოწოდებები ძალადობისა და ტერორიზმისკენ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის რეკლამები, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების შეურაცხყოფა.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონტენტის მიმართ მოთხოვნებს თავად პლატფორმა ადგენს. ეს მოდერაციას ეფექტურ ინსტრუმენტად აქცევს, რომელიც სოციალური ქსელისთვის, მისი მენეჯმენტისა თუ პარტნიორებისთვის არასასურველი თემების დამალვის საშუალებას იძლევა. 

არსებობს თუ არა სივრცე, სადაც თვითგამოხატვა შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი (რა თქმა უნდა კანონით დაშვებულის ფარგლებში)? დიახ. ეს დეცენტრალიზებული სოციალური ქსელებია.

DeFi-პროექტების უპირატესობები

ბლოკჩეინზე დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები პლატფორმებია, რომლებშიც მთავარი როლი სწორედ  მომხმარებლებს და არა დეველოპერებს ენიჭება. მათი პრიორიტეტები სიტყვის თავისუფლება, ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლა და მონაწილეთა ანონიმურობის უფლების მხარდაჭერაა. რატომ ჟღერდება საზოგადოებაში უფრო და უფრო ხშირად მოსაზრება, რომ მომავალი DeFi-ის პროექტებს ეკუთვნის?

  1. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების საიმედო დაცვა. ცენტრალიზებულ სოციალურ ქსელებში კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელია დამფუძნებელი, რომელსაც მასზე სრული წვდომა აქვს. ეს მონაცემთა უნებლიე, ან განზრახ გაჟონვას, გაყიდვასა და ნატიურ რეკლამაში გამოყენებას შესაძლებელს ხდის. DeFi-პლატფორმების მომხმარებლებს ასეთი პრობლემები არ აქვთ. მათი მონაცემების შესანახად განაწილებული რეესტრები გამოიყენება, საჯარო გასაღების დაშიფვრა კი დაცვას აძლიერებს.
  2. ცენზურის არარსებობა. დეცენტრალიზებულ სოციალურ ქსელებში მოდერაცია და ცენზურირება არ არსებობობენ. კონტენტის გამოქვეყნების შემდეგ, მასზე წვდომა მხოლოდ მომხმარებელს აქვს. არავის, მათ შორის პლატფორმის მფლობელს, გამოქვეყნებული ინფორმაციის რედაქტირება, ან წაშლა არ შეუძლია. DeFi-პლატფორმებზე პოსტები მოდერატორების მითითებით ბანში არ ხვდება, მომხმარებლის ანგარიშები კი არ იბლოკება.
  3. არავითარი ნატიური რეკლამები! გაღიზიანებთ, რომ ფიდში თქვენი მეგობრების პოსტები იმაზე ნაკლებია, ვიდრე უსახელო კომპანიების ტანსაცმელი და ქოუჩების სუპერმეთოდები ნებისმიერი ცხოვრებისეული შემთხვევისთვის? დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაგიჭრით. ამავდროულად, ისინი ასევე მომხმარებლების წახალისებისა და კონტენტის მონეტიზაციისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს, მაგრამ რეკლამასა და მონაწილეთა პერსონალურ მონაცემებს არ ყიდის.

DeFi-პროექტების მთავარი ნაკლი აბსოლუტური თავისუფლებაა, რომლითაც ბოროტმოქმედებმა შეიძლება ისარგებლონ. როგორ არ მივცეთ ასეთ პლატფორმებს დარქნეტად ქცევის საშუალება, სადაც ნამდვილად საშიში და შოკისმომგვრელი კონტენტია? ამჟამად, ეს ამოცანა დეველოპერებისთვის ყველაზე აქტუალურია. სანამ ისინი მის გადაწყვეტაზე მუშაობენ, გთავაზობთ, ყველაზე პოპულარული დეცენტრალიზებული სოციალურ ქსელების ხუთეულის გაცნობას, რომლებმაც მომხმარებლების აღიარება უკვე დაიმსახურა.

Steemit

წყარო: steemit.com

წყარო: steemit.com

DeFi-პლატფორმა, რომელიც ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს ჯილდოებით ახალისებს. უპირატესობა მაღალი ხარისხის უნიკალურ კონტენტს ენიჭება. რაც უფრო მაღალია პუბლიკაციის დონე, მით მეტს გამოიმუშავებს ავტორი.

Steemit-ზე ჯილდოს მიღების ორი გზა არსებობს - კონტენტის განთავსებით (პოსტინგი) და მისთვის ხმის მიცემით/კომენტირებით (კურირება). რაზეა დამოკიდებული შემოსავალი? ავტორისთვის მნიშვნელობა მიღებული ხმების რაოდენობას აქვს, ხოლო კურატორისთვის - ხმის მიცემისა და კომენტირების აქტივობას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სიჩქარეც: თუ თქვენ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც სამომავლოდ პოპულარულ პოსტს ხმა მისცა, ჯილდო უფრო მაღალი იქნება.

პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ტოკენი STEEM, შიდა ვალუტა STEEM DOLLARS (დაახლოებით $1 USA-ის ეკვივალენტი, ბირჟაზე გაყვანა შესაძლებელია) და კარმა STEEM POWER (ხმების ღირებულებას ზრდის).

Minds

წყარო: minds.com

წყარო: minds.com

უფასო დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, რომელსაც ხშირად Facebook-ის ალტერნატივას უწოდებენ. მართლაც, პლატფორმას FB-ის მსგავსი ფუნქციონალი აქვს: მომხმარებლები ფოტოებს, ვიდეოებსა და სტატუსებს აქვეყნებენ, შეტყობინებებსა და ვიდეოჩატებში ურთიერთობენ, საინტერესო კონტენტს არხებისა და ჰეშთეგების გამოყენებით ეძებენ.

სოციალურ ქსელებს შორის მთავარი განსხვავება ორგანიზაციასა და პრიორიტეტებშია. Minds ბლოკჩეინზე დაფუძნებული  პლატფორმაა, რომელსაც მონეტიზებული კონტენტის სისტემა აქვს. თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, საზოგადოების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის ჯილდო ტოკენ Mind-ებში მიიღოს. რას შეეხება ღირებულებებს, Minds-ითვის უმნიშვნელოვანესი კონფიდენციალურობა და გამოხატვის თავისუფლებაა.

PeerTube

წყარო: joinpeertube.org

წყარო: joinpeertube.org

ღია კოდის მქონე არაკომერციული DeFi-პროექტი ვიდეო ჰოსტინგისა და ვიდეომაუწყებლობის ორგანიზებისთვის. მარტივი სიტყვებით, PeerTube YouTube-ის დეცენტრალიზებული ალტერნატივაა.

პლატფორმა ActivityPub და WebTorrent ტექნოლოგიებზე არის დაფუძნებული. ის დამოუკიდებელ ვიდეოსერვერებს ფედერაციულ ქსელში აერთიანებს, რომლის მომხმარებლები კონტენტის მიწოდებაში მონაწილეობენ, არხებს იწერენ და  ახალი პუბლიკაციების შესახებ შეტყობინებებს იღებენ.

PeerTube-ის მთავარი უპირატესობა სრული დამოუკიდებლობაა. პლატფორმაზე იდუმალი მოდერაცია და ჩვენების მუდმივად ცვალებადი ალგორითმები არ არის. PeerTube მომხმარებელთა დონაციების ხარჯზე არსებობს, სარეკლამო კამპანიებში არ მონაწილეობს და მომხმარებლებს არ უთვალთვალებს.

Mastodon

წყარო: joinmastodon.org

წყარო: joinmastodon.org

Twitter-ის დეცენტრალიზებული ალტერნატივა. სოციალური ქსელის პოპულარობა ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. გარიგებიდან ერთ კვირაში Mastodon-ის ახალი მომხმარებლების რაოდენობამ 230 000-ს მიაღწია!

ამ სოციალურ ქსელში დადგენილი წესების მქონე ცენტრალური სერვერები არ არსებობს. პროექტი მომხმარებლებს თავისი პლატფორმების გაშლის, ან უკვე არსებულ საზოგადოებებთან მიერთების საშუალებას აძლევს. სხვადასხვა სერვერზე რეგისტრირებული მომხმარებლები საკუთარ წესებს ამყარებენ, მაგრამ ამავე დროს, ერთმანეთის შეტყობინებებს ხედავენ.

Mastodon-ის ფიდში პოსტები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის განთავსებული. აქ რეკლამები და აკრძალული თემები არ არის, რისთვისაც  Twitter-ზე სულ უფრო ხშირად ბლოკავენ.

Diaspora

წყარო: diasporafoundation.org

წყარო: diasporafoundation.org

კიდევ ერთი დეცენტრალიზებული ანტი-ფეისბუქი. არსებობს მოსაზრება, რომ Google+-ისა და FB-ის დეველოპერებმა გარკვეული ფუნქციები სწორედ ამ პლატფორმისგან ისესხეს, მაგრამ ამისი ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. 

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სოციალური ქსელი ურთიერთდაკავშირებული კვანძებისგან (პოდებისგან) შედგება, რომლებსაც სხვადასხვა მომხმარებელი და ორგანიზაცია განაგებს. სინამდვილეში, ისინი დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში მყოფი ვებ-სერვერებია. ეს განაწილება პლატფორმას მარკეტინგული კამპანიების, ცენზურისა და კორპორაციული მიტაცების მიმართ უფრო მდგრადს ხდის.

Diaspora-ს მომხმარებლები სხვადასხვა ტიპის კონტენტს აქვეყნებენ, ფსევდონიმები აქვთ და პერსონალურ ინფორმაციაზე უფლებებს ინარჩუნებენ. ამასთან, მათ ანგარიშების უეცარი დაბლოკვა არ ემუქრებათ. საჭიროების შემთხვევაში, ყველა შეტყობინებისა და ფაილის ჩამოტვირთვა, შემდეგ კი სამომხმარებლო ანგარიშის წაშლაა შესაძლებელი.

დასკვნა

დეცენტრალიზებული სოციალური ქსელები იმაზე ახლოსაა, ვიდრე Twitter-ის, FB-ისა და Instagram-ის ბევრ ადეპტს წარმოუდგენია. თუკი ახლო მომავალში მათი დეველოპერები უკანონო კონტენტის გამოქვეყნების პრობლემის მოგვარებას მოახერხებენ, მომხმარებლებისთვის ცენტრალიზებული და DeFi-პლატფორმების ნამდვილი ბრძოლა გველის.