“ოზი” სტეიბლკოინი AUDN საერთაშორისო გადარიცხვებისთვის

ფოტო - “ოზი” სტეიბლკოინი AUDN საერთაშორისო გადარიცხვებისთვის
ავსტრალიურმა ბანკმა NAB-მა განახორციელა პირველი ტრანზაქციები საკუთარი სტეიბლკოინის, AUDN-ის გამოყენებით, რომელიც შექმნილია მომენტალური ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის. სხვა ქვეყნებში მისი შვილობილი კომპანიებისთვის AUDN-ების გადასარიცხად NAB-ი Ethereum-ის ბლოკჩეინს გამოიყენებს .
ავსტრალიის ეროვნულმა ბანკმა (NAB) დაიწყო Ethereum ბლოკჩეინის მეშვეობით განხორციელებული საკუთარი ERC-20 სტეიბლკოინის საერთაშორისო გადარიცხვების ტესტირება. ბანკი დაინტერესებულია SWIFT-ზე სწრაფი და ბევრად უფრო იაფი ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების სისტემის შექმნით. მისი არსი მდგომარეობს ტრანზაქციების გაცვლაში ბანკის პარტნიორებთან და შვილობილ კომპანიებთან ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, იაპონიაში, შეერთებულ შტატებში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში.

2023 წლის იანვარში NAB გახდა მეორე მსხვილი ავსტრალიური ბანკი, რომელმაც შექმნა ფიატური ავსტრალიური დოლარით უზრუნველყოფილი და მასთან 1:1 კურსით მიბმული სტეიბლკოინი, AUDN. პირველი ასეთი პრეცედენტი გასულ წელს მოხდა, როდესაც სხვა ავსტრალიურმა ბანკმა, ANZ-მა შექმნა მსგავსი სტეიბლკოინი, სახელწოდებით A$DC.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, მსხვილი საბანკო დაწესებულების მიერ შექმნილი, სტეიბლკოინის გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციები, არის სახსრების ტრანსსასაზღვრო მულტისავალუტო გადარიცხვის პირველი შემთხვევა.

მიმდინარე წლის მარტიდან ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა (RBA) ასევე დაიწყო ადგილობრივი CBDC-ის (ციფრული ავსტრალიური დოლარის) საპილოტე ტესტირება. თუმცა, ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად,  ავსტრალიაში CBDC-ს სრულფასოვან ამოქმედებას, შესაძლოა, ხუთ წლამდე დრო დასჭირდეს.

NAB-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავის დროზე მათ ჰქონდათ დიალოგი RBA-სთან, ორ საბანკო ინსტიტუტს შორის კოოპერაციის იმედით, მოკლე ვადებში, CBDC-ის ერთობლივი დანერგვის თაობაზე. როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა, NAB-მა საკუთარი გზა აირჩია.

საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ ბანკი აპირებს AUDN-ი კორპორატიულ და ინსტიტუციონალურ კლიენტებს შესთავაზოს. ეს მათ საშუალებას მისცემს უახლოეს მომავალში საბანკო ოპერაციებში  ციფრული აქტივები გამოიყენონ და RBA-ს CBDC-ის დროში გაწელილ ამოქმედებას არ დაელოდონ.

ბანკი ANZ ასევე ცდილობს  საკუთარი სტეიბლკოინი RBA გამოიყენოს საპილოტე პროექტების მიღმა, რომლებშიც ის Commonwealth Bank-თან (CBA)  ერთად  მონაწილეობს. სხვა მსხვილი ავსტრალიური ბანკები, როგორიცაა CBA და Westpac, სტეიბლკოინების  შექმნას ჯერ არ გეგმავენ, ამიტომ NAB-ს ბევრი კონკურენტი არ ჰყავს.

NAB-ის სტეიბლკოინები (AUDN) ავსტრალიური დოლარით სრულად არის უზრუნველყოფილი და გირაოს სახით ცალკე გამოყოფილ ანგარიშებზე შეინახება.

„მომავალ წელს ვგეგმავთ გადავიდეთ რეალურ ოპერაციებზე კორპორატიულ კლიენტებთან. ჩვენ გვყავს რამდენიმე კლიენტი, რომლებიც ისწრაფვიან ამ ტექნოლოგიის გამოყენებისკენ,”   - განაცხადა NAB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაზრის განვითარების განხრით დრიუ ბრედფორდმა.

NAB თანამშრომლობს ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურის პროვაიდერთან Fireblocks-თან და ფინტექ პლატფორმასთან Blockfold-თან, რომლებიც ეხმარებიან სმარტ-კონტრაქტების, ტოკენების ემისიისა და დაწვის საკითხებში და ასევე კასტოდიანის მომსახურებას უწევენ.

„ამჟამად ნიუ-იორკში მყოფი კლიენტი, რომელსაც ავსტრალიური დოლარით სურს გადახდის განხორციელება, ამას ვერ შეძლებს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს, რადგანაც ეს მთლიანად დამოკიდებულია ავსტრალიური ბანკის სამუშაო საათებზე“, - განაცხადა დრიუმ. ”მაგრამ სტეიბლკოინი უზრუნველყოფს ამის შესაძლებლობას მყისიერად, ნებისმიერ დროს და უფრო მცირე საფასურით, თუმცა ეს არ არის მთავარი უპირატესობა ჩვენი კლიენტებისთვის.”

ბანკის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სტეიბლკოინებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაამარტივონ უცხოური ვალუტების გაცვლის პროცედურა, რომელიც ხორციელდება საბითუმო გაცვლითი კურსებით და უზრუნველყოფილია ისეთი კომპანიების მიერ, როგორიცაა ლონდონური Wise.

AUDT სტეიბლკოინის შექმნისას, ბანკმა NAB ამერიკული საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის გამოცდილება გამოიყენა, რომელმაც თავის დროზე შექმნა JPM Coin, რათა თავისი მომხმარებლისთვის აშშ დოლარის ციფრულ ფორმატში გადარიცხვის შესაძლებლობა მიეცა.

დრიუ ბრედფორდმა განაცხადა, რომ ობლიგაციები უკვე გაიცემა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენებით, ამიტომ სამომავლოდ უფრო და უფრო მეტი სერვისი, მათ შორის იპოთეკური სესხი, იქნება გაცემული დეცენტრალიზებული განაწილებული რეესტრის გამოყენებით.

AUDN სტეიბლკოინისა და ახალი მყისიერი ტრანსსასაზღვრო გადარიცხვის სისტემის დანერგვის გათვალისწინებით, Fireblocks-ის აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ შაულოვს მიაჩნია, რომ აქტივების ტოკენიზაციისა და ციფრული ფინანსური სერვისების სფეროში ავსტრალია გლობალური ლიდერი გახდა.