Bank of America: CBDC – ფულის ევოლუცია
Bank of America ფულის ისტორიაში უპრეცედენტო ტექნოლოგიურ გარღვევას გვპირდება. ფიატის წესრიგი დასრულდა.
CBDC-ზე დაფუძნებული გლობალური ფინანსური სისტემა საცაა შემოვა. ეს პროგნოზი ამერიკის Bank of America-ს (BoA) ანალიტიკოსებმა გააკეთეს. ამერიკელი ბანკირების აზრი დიდწილად დღევანდელ სტატისტიკას ეფუძნება. BoA-ს ინფორმაციით, ციფრული ფულის დანერგვის იდეით მსოფლიოს ქვეყნების 58%-ის ცენტრალური ბანკებია დაინტერესებული, რომლებიც ჯამში გლობალური მშპ-ს 95%-მდე გენერირებენ. 2020 წელს ასეთი ცენტრალური ბანკი რიცხვი მხოლოდ 30-ზე ოდნავ მეტი იყო. „ციფრული ვალუტა გარდაუვალად გვეჩვენება“, - აცხადებენ BoA-ში. რატომ?
CBDC-ის აშკარა უპირატესობები
CBDC ტექნოლოგია ბაზრიდან შუამავლებს განდევნის, - ასე თვლიან BoA-ში. შედეგად, ფინანსური დაწესებულებებისა და მათი კლიენტების ხარჯები შემცირდება. ანგარიშსწორება სრულიად გამჭვირვალე გახდება და რეალურ დროში მოხდება.
ახლა რა ხდება? ვთქვათ, ბანკები დღეს იძულებულნი არიან, საკორესპონდენტო ბანკების ანგარიშებზე $4 ტრილიონის დეპონირება მოახდინონ, რათა ანგარიშსწორების რისკები თავიდან აიცილონ. ეს გაყინული კაპიტალია, რომელსაც არ მოაქვს არანაირი შემოსავალი (არადა შეუძლია). გარდა ამისა, საკორესპონდენტო ანგარიშებზე მნიშვნელოვანი თანხების შეტანის აუცილებლობის გამო, მცირე ბანკებს უცხოური გადახდების მომსახურება არ შეუძლიათ.
შედეგი არის შუამავლების განშტოებული ჯაჭვი, რომელიც ფინანსური მომხმარებლებისთვის საკმაოდ ძვირია. ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ, მაგალითად, EUR-ში ტრანსსასაზღვრო გადახდების მეხუთედის მომსახურება ხუთი, ან მეტი კორესპონდენტი ბანკის მონაწილეობას მოითხოვს. საშუალოდ, ნებისმიერ უცხოურ გადახდას 2.6 ბანკი ემსახურება. ჯერ ერთი, ეს ხანგრძლივია. მეორეც, ძვირია – ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებში კლიენტები ზოგჯერ შიდა ტრანზაქციებზე 10 (!)-ჯერ მეტს იხდიან. BoA-ში თვლიან, რომ CBDC-ის დანერგვით ყველა ეს პრობლემა მოგვარდება.
გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები „ცივილიზაციასთან მიაახლოებს“ დაახლოებით 1,4 მილიარდ ადამიანს, რომლებსაც საბანკო სერვისების გამოყენების შანსი ცხოვრებაში არასდროს ჰქონიათ. საკრედიტო ისტორიის არქონის გამო, უბედურები იძულებულნი არიან, აიღონ მომენტალური სესხები „დოკუმენტების შემოწმების გარეშე“, მათი დრაკონული პირობებით. ასეთ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ CBDC საფულე (სმარტფონი, როგორც წესი, მათ უკვე აქვთ), - ამბობენ BoA-ში. ასეთი საფულის დახმარებით, ისინი შეძლებენ ფულადი სახსრების მიღებასა და შენახვას, თანხის გადახდასა და გზად საკრედიტო ისტორიის ჩამოყალიბებას.
CBDC vs სტეიბლკოინები
მაგრამ სანამ ცენტრალური ბანკი მხოლოდ სწავლობს ციფრული ვალუტების დანერგვის შესაძლებლობას, სტეიბლკოინებს CBDC-ის საბაზრო წილი მიაქვთ. გასულ წელს ამ ტიპის კრიპტოვალუტის ტრანზაქციების მოცულობამ თითქმის $8 ტრილიონს მიაღწია. მათ შორისაა სწორედ ის ტრანსსასაზღვრო გადახდები, რომლებშიც ფიატის კომერციული ბანკები სამჯერ ძვირს იღებენ. BoA-ში სტეიბლკოინების ბრუნვის ზრდას უკონტროლოსა და არარეგულირებადს უწოდებენ, შესაბამისად, სარისკოს არსებული ფინანსური არქიტექტურისთვის.
ანალიტიკოსები აშკარად ხედავენ კავშირს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვაზე უარსა და სტეიბლკოინების მზარდ პოპულარობას შორის. ზოგადად, ესენი პირდაპირი კონკურენტები არიან და ბაზარზე დარჩენა მხოლოდ ერთს მოუწევს. CBDC კი ამ ბრძოლაში გამარჯვებას შეძლებს, თუ ცენტრალური ბანკის ვალუტა მაქსიმალურად მოახდენს ურთიერთქმედებას ბლოკჩეინთან და მასზე დაფუძნებულ აპლიკაციებთან.
CBDC-ის გახმოვანებული რისკები
იმ საფრთხეების განხილვისას, რომლებსაც CBDC-ის შემოღება ფინანსურ ბაზარს უქმნის, BoA საუბრობს კლიენტებისთვის ბრძოლაზე, რომელშიც აუცილებლად ჩაებმებიან ცენტრალურ ბანკი და კომერციული ბანკები (მათ, ფაქტობრივად, თავად Bank of America-ც განეკუთვნება). ახლა ცენტრალური ბანკი, პირველ რიგში, არის მარეგულირებელი, რომელიც მოქალაქეებთან და ბიზნესთან უშუალოდ არ ურთიერთობს. ფაქტობრივად, ცენტრალური ბანკის კლიენტები თავად კომერციული ბანკები არიან. CBDC-ის შემოღება ცენტრალურ ბანკს ფიზიკური პირებისა და ბიზნესებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდებისთვის გზას უხსნის. BoA-ში მორცხვად ინტერესდებიან, როგორი იქნება ამ შემთხვევაში კონკურენცია კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო ცენტრალურ ბანკს შორის?
მეორე შეკითხვა, რომელსაც ბანკირები სვამენ, არის ის, თუ რა მოხდება, თუკი ადამიანები მოულოდნელად დეპოზიტების მასობრივად გატანასა და დოლარის გაცვლას CBDC-ზე გადაწყვეტენ? როგორ უნდა დაბალანსდეს ამ შემთხვევაში ქვეყნის ფინანსური სისტემა და დაცული იყოს კომერციული ბანკების ლიკვიდობა? და პირიქით სიტუაცია. კომერციული ბანკებისთვის გაუგებარია, როგორ წაახალისებს ხელისუფლება მოქალაქეებს CBDC-ის გამოყენებაში? და რა შეიძლება იყოს ცენტრალური ბანკის, როგორც კომერციული ბანკების მარეგულირებლის შემდეგი ნაბიჯები, როდესაც CBDC-ები მასობრივ მიმოქცევაში შევა?
ამავდროულად, BoA-ში წამოსცდათ, რომ ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვება ამ ტიპის ფულზე გადასვლაზე მომხმარებლის თანხმობის გარანტიას არ იძლევა. თუ CBDC-ის გამოყენებას ანონიმურობის სრული დაკარგვა მოჰყვება, ადამიანები კარგად ნაცნობი ქეშის დათმობას არასოდეს დათანხმდებიან. ამიტომ, ბანკირები CBDC გადახდების გარკვეული დონის კონფიდენციალურობის შენარჩუნებას გვთავაზობენ. ცენტრალურ ბანკს, ან ხელისუფლებას ასეთი ტრანზაქციების მონიტორინგის უფლება მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების, გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრებისა და სხვა ეჭვის შემთხვევაში უნდა მიეცეს.