ბუტანი გვაოცებს: პატარა ქვეყანამ კრიპტოში ინვესტირება დაიწყო?

ფოტო - ბუტანი გვაოცებს: პატარა ქვეყანამ კრიპტოში ინვესტირება დაიწყო?
ბუტანი მსოფლიოს ერთ-ერთ იზოლირებულ ქვეყნად ითვლება, მაგრამ BlockFi-ისა და Celsius-ის სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში ის აქტიურად დებდა მილიონობით დოლარის ინვესტიციას კრიპტოვალუტების შეძენაში.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტურ პროექტებთან თანამშრომლობისთვის, ბუტანის მთავრობა დიდი ხანია იყენებს ეროვნულ საინვესტიციო კომპანიას Druk Holding & Investments (DHI). ის 2,9 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს მართავს და გააჩნია ინვესტიციები ეკონომიკის უამრავ სექტორში: ავიამიმოსვლაში, ენერგეტიკაში, ადგილობრივ წარმოებაში. კომპანიის სტატუსი მაღალ დონეზე არსებული პარტნიორობის გაფორმების საშუალებას იძლევა. მაგალითად, 2021 წელს დაანონსდა შეთანხმება Ripple-თან CBDC-ის (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის) ამოქმედების მიზნით, ახლახან კი DHI-მ, Bitdeer-თან თანამშრომლობით, შექმნა $500-მილიონიანი ფონდი კრიპტოვალუტების მაინინგის ორგანიზების მიზნით. ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და ტექნოლოგიური პროგრესის დაბალი დონის მიუხედავად, აშკარაა, რომ სახელმწიფო ამ საკითხს სწავლობს, მაგრამ პირდაპირ ინვესტიციას არავინ ვარაუდობდა.

თუმცა, DHI-მ მაინც გამოიყენა საკრედიტო პლატფორმები BlockFi და Celsius ციფრული აქტივების ფარულად შესაძენად და ეს ინვესტიციები მხოლოდ ამ კრიპტოვალუტური პროექტების გაკოტრებამ გამოავლინა. ამ მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს ბუტანის მოსახლეობის უკმაყოფილება, რადგან ამ კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო ინვესტირება მხოლოდ შიდა ბიზნესში და არა ბუნდოვან ციფრულ აქტივებში. ამ დროისთვის, ბუტანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. 

სდუმდა BlockFi-იც, მაგრამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კომპანიამ DHI-ის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი მანამდე აღებული სესხის ($30 მლნ USDC-ში) დაფარვაზე უარის თქმის გამო. ამის გამო კრედიტორს გირაოს ლიკვიდაცია მოუწია, მაგრამ $1 მილიონის ოდენობის ზარალით, რომლის კომპენსირება ნაკლებად სავარაუდოა. ამასთან დაკავშირებით, DHI-ის გენერალურმა დირექტორმა,  უჯვალ დიპ დაჰალმა მოკლედ ისაუბრა და დეტალებში არ შევიდა:
არავითარი კომენტარი არ გვაქვს, რადგან BlockFi-ისთან დაკავშირებული პრობლემა უკვე მოგვარებულია. კონფიდენციალურობის გამო კომენტარს ვერ გავაკეთებთ
Celsius-ის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი პრეტენზია არ არსებობს DHI-ის მიმართ, რომელიც გასული წლის სამი თვის განმავლობაში პლატფორმასთან რეგულარულად ურთიერთქმედებდა კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვისა და დაკრედიტების მიზნით. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ შექმნა 18 მილიონი დოლარის ოდენობის დეპოზიტი, გამოიტანა 65 მილიონ დოლარზე მეტი და ამ გადარიცხვების ახსნაზე უარი განაცხადა.

ამიტომ, ამ დრომდე გაუგებარია, ნამდვილად შექმნა თუ არა DHI-მ ეროვნული კრიპტოვალუტური ფონდი ციფრული აქტივების პირდაპირი შეძენისთვის, თუ ეს მხოლოდ ფინანსური მაქინაციებია სახელმწიფო ხელმძღვანელობის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი მსოფლიოში, რაც სხვა ქვეყნებს მსგავსი ინვესტიციებისკენ უბიძგებს.