BIS ასრულებს CBDC-სთან დაკავშირებულ Icebreaker-ის ექსპერიმენტს

icon FOR
ფოტო - BIS ასრულებს CBDC-სთან დაკავშირებულ Icebreaker-ის ექსპერიმენტს
BIS (საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი) ასრულებს Icebreaker-ის საპილოტე პროექტს, რომელშიც იკვლევდნენ საერთაშორისო გადახდებში ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) გამოყენებას.
ბევრმა ცენტრალურმა ბანკმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შიდა გადახდები და DLT-ის ბაზაზე (განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიაზე) საცალო ციფრული ვალუტის (rCBDC) შექმნის შესაძლებლობას იკვლევს. ზოგიერთს უკვე გააჩნია რეალიზებული პროექტები, რომლებიც მზადყოფნის სხვადასხვა ეტაპზეა. მაგრამ, მთავარ პრობლემად რჩება ტრანსსასაზღვრო გადახდები. ახლა ისინი წარმოებს დაბალი სიჩქარით, მაღალი ხარჯებითა და გამჭვირვალობის ნაკლებობით, ხოლო იმისათვის, რომ rCBDC-ის გამოყენებით, საერთაშორისო გადახდების გააქტიურება გახდეს შესაძლებელი, მათ მიმართ მოთხოვნების დანერგვა ადრეულ ეტაპზეა საჭირო.

ამიტომ, BIS-ის გარდა, პროექტში მონაწილეობა მიიღეს ისრაელის, ნორვეგიისა და შვედეთის ცენტრალურმა ბანკებმა, რომლებმაც  შეამოწმეს ტრანსსასაზღვრო გადახდების ტექნიკური შესაძლებლობა სხვადასხვა ექსპერიმენტულ საცალო CBDC სისტემებს შორის (rCBDC სისტემა არის ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს rCBDC-სთან დაკავშირებულ ბევრ ელემენტსა და ფუნქციას).
მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად CBDC-ის ტრანსსასაზღვრო საცალო გადახდების ერთ-ერთი პირველი საპილოტე გამოცდის მონაწილენი ვართ. ეს პროექტი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ ძალისხმევაში ტრანსსასაზღვრო გადახდების გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნორვეგიის ცენტრალურ ბანკის მიერ CBDC-ის შიდა საცალო გადახდის სისტემის საპილოტე ტესტირებაში
, – © ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის აღმასრულებელი დირექტორი, თორბიორნ ჰეგელუნდი.

Icebreaker-ის მოდელი

Icebreaker-ის პროექტი შედგება rCBDC-ის შიდა სისტემებისგან, FX პროვაიდერებისა (სავალუტო პროვაიდერები) და Icebreaker Hub-ისგან:

1.  rCBDC-ის შიდა სისტემები

rCBDC-ის სისტემები განვითარებადი ეკოსისტემებია, რომლებიც შედგება სხვადასხვა დონისა და მონაწილეებისგან, ხოლო ბირთვი - ცენტრალური ბანკია. ის წარმოადგენს ძირითად ტექნიკურ ინფრასტრუქტურას rCBDC-ების გამოშვებისა და დაფარვისთვის. ის ასევე მოიცავს წესების ნუსხას, რომელიც განსაზღვრავს უფლებებს, ვალდებულებებს, იურიდიულ მოთხოვნებსა და ა.შ.

საფულის პროვაიდერები, იქნება ეს ბანკები თუ ლიცენზირებული ფინანსური ორგანიზაციები, მომხმარებლებს (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) სთავაზობენ საფულეებს rCBDC-ის მისაღებად, შესანახად და გადასაცემად.

2. FX პროვაიდერები

Icebreaker-ს მოდელი ახორციელებს ტრანსსასაზღვრო rCBDC გადახდებს FX პროვაიდერების (ვალუტის გაცვლის სერვისის პროვაიდერების) მეშვეობით, რომლებიც ფლობენ საფულეებს ორ ან მეტ rCBDC-ის სისტემაში. ისინი ყიდულობენ ერთ rCBDC-ს თავიანთი საფულის გამოყენებით პირველ სისტემაში, ხოლო მეორეს ყიდიან მეორე სისტემაში, ყველა რისკის საკუთარ თავზე აღებით. ლიკვიდობის შენახვისა და მართვის ღირებულება, სავალუტო რისკთან ერთად, აისახება თითოეული სავალუტო წყვილის სპრედში (სხვაობა ყიდვასა და გაყიდვას შორის).

3 Icebreaker Hub

Hub ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას: ტრანსსასაზღვრო გადახდის შეტყობინებების მარშრუტიზაციას სისტემებს შორის და საბაზრო პლატფორმის უზრუნველყოფას, რომლებზეც გამგზავნები იღებენ კოტირებებს FX პროვაიდერებისგან.

4. Hub-and-Spoke (HaS)

Icebreaker-ის პროექტში გამოყენებულია HaS გადაწყვეტილება rCBDC სისტემების გასაერთიანებლად. ისინი მხოლოდ Icebreaker Hub-თან უნდა იყოს ინტეგრირებული და არა ერთმანეთთან. სხვა გადაწყვეტილებებთან შედარებით უპირატესობის სახით დასახელებულია ის, რომ მოდელის მასშტაბირება შესაძლებელია სირთულის გაზრდის გარეშე, rCBDC-ის სისტემებს შორის ურთიერთქმედების დეცენტრალიზებული ვარიანტებისგან განსხვავებით.

5. FX-ის ბაზარი

თითოეული FX პროვაიდერი აგზავნის ვალუტის კურსებს Icebreaker Hub-ში, რომლის მონაცემთა ბაზაში ვალუტების კურსები რეალური დროის რეჟიმში აისახება და გამგზავნის მოთხოვნის შემთხვევაში, უჩვენებს მას საუკეთესო ხელმისაწვდომ კურსს FX პროვაიდერის სახელთან ერთად.

გადახდის პროცესი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრანსსასაზღვრო გადახდა FX პროვაიდერის ორ შიდა გადახდად იყოფა. ამავდროულად, არც ერთი rCBDC არ ტოვებს თავის იურისდიქციას. Icebreaker Hub-ის მეშვეობით კავშირის უზრუნველყოფა ხდება API-ის საშუალებით და კონკრეტული rCBDC-დან გამომდინარე, მთელი დავალება შეიძლება სრულდებოდეს თავად საფულის ან მისი პროვაიდერის მიერ (მფლობელის სახელით).

გადახდის პროცესი შედგება ოთხი ეტაპისგან:

1. კოტირებების მიღება.

გამგზავნს შეჰყავს მიმღების ქვეყანა და გადასარიცხი თანხის ოდენობა, პროცესში მონაწილე მხარეების მიერ შერჩეულ ვალუტაში. შემდეგ, საფულე აგზავნის მოთხოვნას Icebreaker Hub-ში. ის საუკეთესო გაცვლითი კურსის შეთავაზებას პოულობს.

მომხმარებელი არ არის მიბმული კონკრეტულ FX პროვაიდერზე და Icebreaker Hub მოქმედებს როგორც მიუკერძოებელი ბროკერი, რაც ზრდის გამჭვირვალობას და კონკურენციას. ტრანზაქციისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას შუალედური წყვილი, მონოპოლიის თავიდან ასაცილებლად.

2. გადახდის პროცესი.

თუ გამგზავნი ეთანხმება კოტირებას, მას შეჰყავს მისამართი და შესაბამისი ინფორმაცია გადახდის მიმღების შესახებ.

მოთხოვნა გადაიგზავნება მიმღების საფულეში და ის ქმნის საიდუმლო ფრაზას. SHA-256 ჰეშის გენერირების ფუნქციის გამოყენებით  ბლოკავს მოთხოვნას კონკრეტული ჰეშის მნიშვნელობით. ეს  Icebreaker-ის მოდელის თავისებურებაა: ყველა გამოთვლა PvP სქემის მიხედვით ხდება. ის იყენებს HTLC-ის მიერ მხარდაჭერილ დაბლოკილ გადახდებს (ჰეშ კონტრაქტი არის სმარტ კონტრაქტის ტიპი გადახდების დროებითი ბლოკირებით, რომელიც გამოიყენება DLT აპლიკაციებში რისკის შესამცირებლად). თუ გადახდის მონაცემები ემთხვევა, მაშინ ჰეშის მნიშვნელობა იგზავნება Icebreaker Hub-ის მეშვეობით გამგზავნის საფულეში.

HTLC-ის გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ნდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, მაგრამ ზოგიერთი მხარე, მაგალითად საფულის პროვაიდერები, მაინც უნდა ენდონ ერთმანეთს. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ დავის გადაწყვეტის პროცესის არსებობა ასევე აუცილებელია ნებისმიერი მცდარი შემთხვევებისას.

3. გადახდის კონფიგურაცია.

ჰეშის მნიშვნელობის მიღებისთანავე, გამგზავნი აინიციირებს შიდა გადახდას FX პროვაიდერის საფულეზე, რომელიც, თავის მხრივ, აგზავნის ინფორმაციას ამ გადახდის შესახებ და ჰეშის მნიშვნელობას მიმღების საფულეზე Icebreaker Hub-ის მეშვეობით, რის შემდეგაც ის უკვე აინიციირებს საკუთარ შიდა გადახდას მიმღების საფულეზე.

ორივე გადახდა იბლოკება ჰეშის ერთსა და იმავე მნიშვნელობით, რომელიც მიმღების საფულის მიერ მეორე ეტაპზე იქმნება.

4. გადახდის დასრულება.

გადარიცხვა სრულდება გადახდების განბლოკვით. მიმღების საფულე ხედავს, რომ არის შემომავალი დაბლოკილი გადახდა, იკვლევს ინფორმაციას მის შესახებ და თანხვედრის შემთხვევაში აწვდის საიდუმლო ფრაზას HTLC მექანიზმს. წარმატებული გამოყენების შემთხვევაში (ჰეშის მნიშვნელობების შესაბამისობა), თანხები მიმღების საფულეში ირიცხება, ხოლო საიდუმლო ფრაზა გადაეცემა FX პროვაიდერს Icebreaker Hub-ის მეშვეობით, რათა განიბლოკოს გამგზავნისგან შემომავალი გადახდა.

ერთი შეხედვით, სისტემა ვეებაა და უამრავ შეტყობინებას გადასცემს, მაგრამ ტესტირების დროს მთელი პროცესი რამდენიმე წამში წარმატებით სრულდებოდა.

მოთხოვნები rCBDC-ის სისტემების მიმართ

Icebreaker-ის მოდელი rCBDC-ის სისტემებს მინიმალურ მოთხოვნებს უყენებს, კერძოდ:

1. ყველა სისტემა უნდა მუშაობდეს რეალურ დროში, სასურველია 24/7/365.

2. თითოეულ სისტემას უნდა შეეძლოს HTLC-ის დანერგვა და მხარდაჭერა.

3. თითოეულ სისტემას უნდა ჰყავდეს მონაწილეები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ როგორც საკმარისი ლიკვიდობის მქონე FX პროვაიდერებმა.

ტექნოლოგიური მოთხოვნები მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ხელს უწყობს მასშტაბირებას, თავსებადობას და სიმარტივეს. Icebreaker-ის პროექტი აჩვენებს, რომ ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ იქონიონ პრაქტიკულად სრული ავტონომია rCBDC-ების შემუშავებაში, თუმცა, ამასთან, მონაწილეობა მიიღონ ფორმალიზებულ ქსელთაშორის შეთანხმებაში ტრანსსასაზღვრო გადახდების უზრუნველსაყოფად.

რეალურ სამყაროში, Icebreaker-ის მოდელის დანერგვა მოითხოვს მთელი რიგი ტექნოლოგიური, პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხების მოგვარებას.