"ბოლინჯერის ზოლების" ინდიკატორი: გამოყენება პრაქტიკაში
ბოლინჯერის ზოლები ინდიკატორია, რომელიც ჯონ ბოლინჯერმა შეიმუშავა. ის ბაზრის ვოლატილობის შეფასებასა და იმ მომენტების განსაზღვრას ეხმარება, როდის არის აქტივი ჭარბად შესყიდული, ან ჭარბად არის გაყიდული.
ბოლინჯერის ინდიკატორი ტექნიკური ანალიზის პოპულარული ინსტრუმენტია, რომელიც პოპულარობით ტრეიდერებში სარგებლობს. მის შემადგენლობაში სამი მარტივი მცოცავი საშუალო შედის, რომლებიც საჭირო ინფორმაციას აგროვებს და ასახავს:
1. შუა ზოლი ფასის თაიმფრეიმზე დომინანტ მიმართულებას აჩვენებს.
2. ზედა ზოლი SMA 20 ორი სტანდარტული გადახრით ზემოთ არის გადაადგილებული.
3. ქვედა ზოლი SMA 20 ორი სტანდარტული გადახრით ქვემოთ არის გადაადგილებული.
აქტივის ფასის პოზიციის ზოლებთან შედარებით, ტრეიდერს შეუძლია, განსაზღვროს, იმყოფება თუ არა ფასი შედარებით მაღალ, ან დაბალ საფასო ნიშნულებზე დროის მოცემულ მონაკვეთში.
მანძილი SMA-ებს შორის მაღალი ვოლატილობის დროს იზრდება და ბაზრის სტაბილიზაციის მომენტში მცირდება. თუ ხაზები ზედმეტად მჭიდროდ ვიწროვდება, ითვლება, რომ დაბალი ვოლატილობის პერიოდი თითქმის დასრულდა და მალე ამას ერთ-ერთი მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა მოჰყვება. თუ ველები ძალიან შორს სცილდება ერთმანეთს, ითვლება, რომ მაღალი ვოლატილობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება.
ვოლატილობა კრიპტოვალუტის ბაზარზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ტრადიციული აქტივების ბაზრებზე. ამიტომ, ინდიკატორი, რომელიც ვოლატილობას ითვალისწინებს, ტრეიდერებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია.
როგორ გამოვიყენოთ ბოლინჯერის ზოლები პრაქტიკაში?
ინდიკატორი უამრავ სიგნალს იძლევა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ყოველთვის არ მუშავდება. ძლიერი ტრენდის პერიოდში ფასი შეიძლება, ქვედა ან ზედა ზოლის საზღვრებს სცილდებოდეს და იქ საკმაოდ დიდხანს რჩებოდეს.
ფასი ზოლებს შორის არსებულ ცენტრალურ ზონაში პრაქტიკულად ყოველთვის ბრუნდება. ამიტომ თუ ფასი ზედა ხაზს ეხება, ეს მოკლე პოზიციის გასახსნელად შესაძლო სიგნალია. თუ ფასი ქვედა ხაზს ეხება, ესაა შესაძლო სიგნალი გრძელი პოზიციის გასახსნელად.
გარიგებაში შესვლამდე სიგნალის დადასტურება ტექნიკური ანალიზის სხვა ინდიკატორებზე ყოველთვის უნდა იპოვოთ. ხშირად, რაც უფრო დიდია თაიმფრეიმი, მით უკეთესად ასრულებენ ზოლები დინამიკური მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის როლს.
უმეტეს შემთხვევაში, ზედა და ქვედა ზოლები მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ფუნქციებს ასრულებს. წყარო - Tradingview
თუ ზოლები ზედმეტად იკუმშება, ამას სქვიზი ეწოდება. ხშირად, ეს ვოლატილობის მალე ზრდასა და ერთ-ერთი მიმართულებით მკვეთრ მოძრაობაზე მიუთითებს. იმ შემთხვევაში, თუ აქტივის ფასი ზედა ზოლზე მაღლა იმყოფება, ზრდა, სავარაუდოდ, გაგრძელდება. თუ ის ქვედას ქვეშაა, დაცემა, სავარაუდოდ, გარდაუვალია.
სქვიზი ბიტკოინის გრაფიკზე. წყარო - Tradingview
ბოლინჯერის ზოლები ტრენდის ძალის დასადგენადაც კარგად გამოდგება. თუ აღმავალი ტრენდის დროს ფასი ქვედა ხაზს ეხება, ეს მოწმობს იმას, რომ ხარები დაღლას იწყებენ. თუ დაღმავალი ტრენდის დროს ფასმა ქვედა ხაზთან მოძრაობა შეწყვიტა და ზედა ხაზს ეხება, ეს მოწმობს, რომ გამყიდველები ძალას კარგავენ.
სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიისთვის, ყველაზე კარგად ინდიკატორის სხვადასხვა პარამეტრები გამოდგება.
1. მოკლევადიანი ვაჭრობისთვის უფრო ხშირად გამოიყენება 10-დღიანი SMA და 1,5 სტანდარტული გადახრით გადაადგილებული ხაზები.
2. საშუალოვადიანი ვაჭრობისთვის უფრო 20-დღიანი SMA და 2 სტანდარტული გადახრით გადაადგილებული ხაზები გამოგადგებათ. ასეთი პარამეტრები ინდიკატორს ნაგულისხმევად აქვს.
3. გრძელვადიანი ტრეიდერები 50-დღიან SMA-სა და 2.5 სტანდარტული გადახრით გადაადგილებულ ხაზებს იყენებენ.
ბოლინჯერის ზოლები ცალკე სავაჭრო სისტემა არ არის. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც ტრეიდერებს ბაზარზე არსებული ვითარების შეფასებაში ეხმარება. თავად ჯონ ბოლინჯერის თქმით, მისი სისტემა ყველაზე უკეთ MACD-თან, RSI-სა და მოცულობის ინდიკატორთან ერთად მუშაობს.