კრიპტობაზარზე კაპიტალის შენარჩუნების წესები

ფოტო - კრიპტობაზარზე კაპიტალის შენარჩუნების წესები
ნებისმიერი ტრეიდერისთვის ან ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კაპიტალის დაგროვება ციფრული აქტივების საინვესტიციო პორტფელის ფორმირების შედეგად, არამედ მისი შენარჩუნება და შესაძლებლობების ფარგლებში მისი გაზრდა. ამისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ კაპიტალის შენარჩუნების წესებით.
არ არსებობს გამოცდილი ტრეიდერი, რომელიც უგულებელყოფს კაპიტალის მართვის წესებს და იმავე დროს სტაბილურად გამოიმუშავებს ფულს ბირჟებზე. ამ წესებს დაერქვა „მანიმენეჯმენტი“ (money management). ის წარმოადგენს სავაჭრო დეპოზიტისა და საინვესტიციო პორტფელის აქტივებს შორის ბალანსის მართვის მნიშვნელოვან პრინციპებს.

მანიმენეჯმენტის წესები ეხება ვაჭრობას ნებისმიერ ბაზარს და არც კრიპტოვალუტური ბაზარია  გამონაკლისი.

ტრეიდინგში ფინანსების ეფექტიანი  მართვის წესების დაცვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს საბირჟო გარიგებების შედეგები.

კაპიტალის მართვის სისტემა

სავაჭრო დეპოზიტი თითოეული ტრეიდერისთვის არის როგორც კაპიტალი, ასევე ინსტრუმენტი აქტივების პორტფელის შემდგომი გაზრდისთვის, ამიტომ კაპიტალის მართვის სისტემის გამოყენება მნიშვნელოვანი პირობაა წარმატების გზაზე. კაპიტალის მართვის უნარი არანაკლებ ღირებული უნარია, ვიდრე ბაზრის ტექნიკური და საბაზისო ანალიზის ჩატარება. და, შესაძლოა, ყველაზე ღირებულიც კი.

კაპიტალის მართვის სისტემას (მანიმენეჯმენტს) აქვს რამდენიმე კომპონენტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული კომპლექსურად, ციფრული აქტივების პორტფელის შენარჩუნებისა და გაზრდის მიზნის მისაღწევად:

  • საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურის მართვა;
  • დეპოზიტის მართვა;
  • გარიგებების მართვა;
  • კაპიტალის შენარჩუნების წესები.

საინვესტიციო პორტფელის სტრუქტურის მართვა

კრიპტოინვესტორის საინვესტიციო პორტფელს შეიძლება ჰქონდეს ციფრული აქტივების განსხვავებული სტრუქტურა და კლასები.

კონსერვატიული პორტფელი შეიცავს ლიკვიდურ კრიპტოვალუტებს პირველი ოცდაათი (ან თუნდაც ასი) აქტივიდან CoinMarketСap რეიტინგის მიხედვით. მონეტებისა და სტეიბლკოინების  კლასიკური თანაფარდობა 50/50%-ზეა. ბაზრის ჩავარდნის შემთხვევაში, სტეიბლკოინები გამოიყენება პოზიციების გასახსნელად, ხოლო ზრდის ციკლის შემდეგ, ვოლატილური  აქტივები, რომლებმაც 10%-ზე მეტი მომგებიანობა აჩვენეს, სტეიბლკოინებში გასვლით იყიდება. შემდეგ ყველაფერი თავიდან მეორდება.

დაბალანსებული პორტფელი შეიძლება შედგებოდეს 50% ლიკვიდური კრიპტოვალუტისა და სტეიბლოკოინებისგან, ხოლო დანარჩენი 50% შეიძლება ჩამოყალიბდეს უფრო სარისკო ინსტრუმენტებისგან: გაყიდვების ადრეულ ეტაპზე შეძენილი ტოკენებისგან, NFT-ების და დაბალლიკვიდური აქტივებისგან, რომლებიც პასიურ შემოსავალს აგენერირებენ (სტეიკინგი, მომგებიანი ფერმერობა და ა.შ.) 

აგრესიული პორტფელი 100%-ით შედგება მაღალი რისკის მქონე აქტივებისგან, რომლებიც  მნიშვნელოვან მოგებას გვპირდებიან აჟიოტაჟური  NFT-ების ან გაყიდვების ადრეულ ეტაპზე შეძენილი ტოკენებისგან. მაგრამ, აუცილებელია ცნობილი წესის დამახსოვრება: ძუნწი ორჯერ იხდის და ასეთი აქტივების შეძენისას უმჯობესია შვიდჯერ გაზომოთ (რისკებისა და შესაძლო დანაკარგების აწონ-დაწონა).

პერიოდულად უნდა მოხდეს აქტივების პორტფელის რებალანსირება (მინიმუმ ყოველ ნახევარ წელიწადში ან წელიწადში ერთხელ), მისი სტრუქტურის რეფორმატირება ბაზრის ტენდენციების შესაბამისად და ტექნიკურ და ფუნდამენტურ ანალიზებზე დაყრდნობით.

დეპოზიტის მართვა

თქვენ ასევე უნდა ისწავლოთ დეპოზიტის მართვა. ტრეიდერები-ახალბედები ძირითადად მის შესავსებ ოპერაციებს ახორციელებენ, ხოლო პროფესიონალებს უფრო ხშირად თანხები გამოჰყავთ. დეპოზიტის ზომა უნდა იყოს ისეთი, რომ გარანტირებული იყოს ღირსეული ყოველთვიური მოგება. ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში!

დეპოზიტის გაორმაგების შემდეგ, მიზანშეწონილია 25 ან 50%-ის ცივ საფულეში გატანა ფინანსური ბალიშის ფორმირებისთვის ბაზარზე რთული პერიოდის შემთხვევაში ან სარეზერვო ფონდის შესაქმნელად მომავალი ინვესტიციებისთვის.

ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებზე ვაჭრობისას ნუ შეინახავთ ყველა კვერცხს ერთ კალათაში. რისკების დივერსიფიკაციის მიზნით (CEX ბირჟების სქამი არავის გაუუქმებია), ანაბარი უნდა დაიყოს რამდენიმე ნაწილად (3–5) და სხვადასხვა ბირჟის ანგარიშზე შეინახოს. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო უსაფრთხო, მაგრამ ნაკლებად ლიკვიდური ვაჭრობა ინსტრუმენტების მინიმალური ნაკრებით DEX ბირჟებზე.

გარიგებების მართვა

ტრეიდინგის  დროს თქვენ გარიგებების რაოდენობა და მათი თანხები უნდა აკონტროლოთ. შეცდომად ითვლება დიდი რაოდენობის ტრანზაქციის შექმნა (ორზე მეტი) წყვილში ერთ და იგივე აქტივთან მხოლოდ ერთი მიმართულებით (მაგალითად, ყიდვაზე, მისი ღირებულების გაზრდის იმედით). თუ კურსი სხვა მიმართულებით წავა, ყველა ტრანზაქცია სტოპით დაიხურება  (stop-loss order) ზარალის დაფიქსირებით. თუ ტრეიდერს არ დაუყენებია სტოპი და არ სურს ზარალის დაფიქსირება (სპოტ ბაზრისთვის ტიპიური სიტუაცია), მაშინ ეს თანხა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს თამაშის მიღმა და რეალურად იმობილიზებული იყოს  (მიმოქცევიდან ამოღებული). და ეს ასევე წამგებიანი სიტუაციაა ბალანსზე საბრუნავი კაპიტალის შემცირების გამო, რაც ავტომატურად ამცირებს დეპოზიტის  და პორტფელის მომგებიანობას.

გარიგებების  თანხის განსაზღვრასთან დაკავშირებით შემდეგი წესები მოქმედებს:

  • დამწყები ტრეიდერები ხსნიან გარიგებებს მიმდინარე დეპოზიტის თანხის 1–2%-ზე;
  • პროფესიონალი ტრეიდერები ხსნიან ვაჭრობას მიმდინარე დეპოზიტის თანხის 2–5%-ზე (მაქსიმუმ 10%-ზე).

კაპიტალის შენახვის წესები

ასევე არსებობს წესების გარკვეული ჩამონათვალი, რომელთა იგნორირება არ შეიძლება. ის ხელს უწყობს დეპოზიტის შენარჩუნებას და საბირჟო ვაჭრობის მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება.

ყოველთვის გამოიყენეთ stop-loss ორდერი. იდეალურ შემთხვევაში, გამოიყენეთ დინამიური stop-loss, რათა შეძლოთ მისი გადაადგილება და გამოიყენოთ ის, როგორც მინიმუმ, დანაკარგების თავიდან ასაცილებლად.

ფრთხილად შეარჩიეთ სავალუტო წყვილები. იდეალურ შემთხვევაში, ივაჭრეთ ლიკვიდური აქტივებით, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობა და მნიშვნელოვანი საბაზრო კაპიტალიზაცია. არალიკვიდური აქტივებით, ICO-ს შემდგომი ტოკენებით, შითკოინებით, აჟიოტაჟური NFT-ებით ვაჭრობა - მაღალი რისკის ზონაა!

ნუ უგულებელყოფთ ფუნდამენტურ ანალიზს. პოზიციის გასახსნელად აქტივის არჩევისას ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, ყურადღება ასევე ფუნდამენტურ ანალიზს უნდა დაეთმოს. თუ პროექტის პირველი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იყო ქსელის გატეხვის მცდელობა, ან არის რაიმე სხვა ნეგატივი, თქვენ არც უნდა სცადოთ თამაში ზრდაზე.

ლევერიჯი - არის ბოროტება! სიხარბეს  და FOMO-ს ჯერ არავინ გაუმდიდრებია. მარჟინალური ბაზარი 100x-მდე ლევერიჯით  დიდ მოგებას გვპირდება, მაგრამ პრაქტიკაში, ყველაფერი, შემთხვევების 99,9%-ში, მარჟინ ქოლით (margin call) მთავრდება, რაც დეპოზიტის ლიკვიდაციას ნიშნავს. თუ გსურთ სცადოთ ვაჭრობის ეს გზა, აირჩიეთ არაუმეტეს 3-5x-ის ლევერიჯი.

აწარმოეთ სავაჭრო ჟურნალი (დღიური). ჩაწერეთ ყველა დახურული გარიგება და მათი შედეგები. ამისთვის Excel-იც კი გამოდგება.  თქვენ უნდა დააფიქსიროთ თარიღები, გარიგებებისა  და ორდერების სახეები, სავალუტო წყვილები, ზარალის/მოგების პროცენტი და, სასურველია, პოზიციაში შესვლის ტრიგერები. დახურული გარიგებების ანალიზი რეგულარულ პრაქტიკად უნდა აქციოთ.

ტრეიდინგმა ტრეიდერის მთელი დრო არ უნდა წაიღოს! უძილო ღამეები აზიურ სესიაზე ვაჭრობისას, წითელი თვალები, ოთხსაათიანი ძილი, უწყვეტი ჯდომა მონიტორთან ან გრაფიკებისა  და ბალანსების მუდმივი კონტროლი არის გზა ნერვული აშლილობისკენ ან ტრეიდინგში საკუთარი თავის “გადაწვისკენ“. არ უნდა დაივიწყოთ work-life balance-ის შესახებ. თუ შეასრულეთ დღიური მოგების გეგმა - გამორთეთ კომპიუტერი და დაუთმეთ დრო ახლობლებსა თუ ჰობის. 3-4 წამგებიანი ტრეიდი შეასრულეთ - აიღეთ პაუზა (ერთი-ორი დღით), გააანალიზეთ შეცდომები, შეცვალეთ სავაჭრო სტრატეგია და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ.