კრიპტობირჟებზე არსებული ორდერების სახეობები

ფოტო - კრიპტობირჟებზე არსებული ორდერების სახეობები
ტრადიციული ფინანსური ბაზრების მსგავსად, აქტივის ყიდვისა და გაყიდვის ორდერის განთავსების ბევრ სხვადასხვა საშუალებას კრიპტოვალუტის პლატფორმებიც სთავაზობს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ ავირჩიოთ სწორად საჭირო ორდერი.
ტრეიდერებს წვდომა მთელ რიგ ინსტრუმენტებზე აქვთ, რომლებიც პროცესის შემსუბუქებასა და გაუთვალისწინებელი დანაკარგების პრევენციაში ეხმარება. ამ სტატიაში სამი სახის ორდერს განვიხილავთ - საბაზროს, სალიმიტოსა და სტოპ-ორდერს.

საბაზრო ორდერი (Market order)

საბაზრო ორდერი სპოტ ბაზარზე კრიპტოვალუტის საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად გაცვლის ორდერია. ხშირად, ის გარიგებას მიმდინარე ფასად ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ორდერის განთავსების მომენტში ბიტკოინი $22,700-ის ნიშნულზე ივაჭრება, ტრეიდერი მას $22,700-ად იყიდის. 

საბაზრო ორდერი ბირჟაზე აქტივების გაცვლის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა. ტრეიდერმა მხოლოდ უნდა შეიყვანოს მონაცემები იმის შესახებ, რამდენი კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა სურს და ბირჟა ორდერების წიგნიდან შესაფერის ღია ორდერებს იპოვის. 

ვინაიდან საბაზრო ორდერის შესრულებისას ტრეიდერი წიგნიდან ლიკვიდურობას იღებს, ის თეიქერის საკომისიოს გადაიხდის. ის მეიქერის კომისიაზე გაცილებით მაღალია, რომელსაც ტრეიდერები სალიმიტო ორდერების განთავსებისას იხდიან.

სალიმიტო ორდერი (Limit order)

სალიმიტო ორდერი კრიპტოვალუტის ტრეიდერის მიერ დადგენილ ფასად ყიდვას ან გაყიდვას ეხმარება. მას არა მხოლოდ მონეტების რაოდენობა, არამედ გარიგების ზუსტი ფასიც შეჰყავს. 

სტატიის მომზადების მომენტში ბიტკოინი $22,700-ის მიმდებარედ ივაჭრებოდა. თუ ტრეიდერი თვლის, რომ BTC, შესაძლოა, $18,000-მდე დაეცეს და აღდგენა ამ დონიდან დაიწყება, მას შესყიდვის  სალიმიტო ორდერის განთავსება $18,000-ის ნიშნულზე შეუძლია. მისი ორდერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ბიტკოინის ფასი $18,000-ს მიაღწევს.

ლიმიტის ორდერების უპირატესობა ის არის, რომ ბირჟის მომხმარებლებს ვაჭრობა გარკვეული დონეებიდან, ბაზრის 24-საათიანი მონიტორინგის გარეშე შეუძლიათ. გარდა ამისა, ასეთი ორდერები "შემქმნელის" უფრო დაბალ საკომისიოს იხდის, თუ ისინი განთავსებიდან მალევე არ სრულდება.  

ლიმიტის ორდერების ნაკლი ისაა, რომ თუ მონეტა მითითებულ ფასს არ მიაღწევს, ის ვერ იმუშავებს.

სტოპ-ლოსი (Stop-loss)

სტოპ-ლოსი ორდერია, რომლის ფუნქცია აქტიური გარიგების დახურვაა, როდესაც ფასი გარკვეულ დონეს მიაღწევს. სტოპ-ლოსის გამოყენებით, ტრეიდერი ადგენს დონეს, რომელიც მას აქტივის გასაყიდად აწყობს, რათა მისი შემდგომი გაუფასურება თავიდან აიცილოს და ზარალი შეზღუდოს. 

ვთქვათ, ტრეიდერმა ბიტკოინი $20,000-ად იყიდა. ის დარწმუნებულია, რომ ფასი აიწევს, თუმცა დაცემის შემთხვევაში მინუსში ყოფნა არ უნდა. ამ შემთხვევაში ის სტოპ-ლოსს მხარდაჭერის დონესთან ახლოს (ან დაბლა) ათავსებს, რათა დანაკარგები შეზღუდოს, თუ მოძრაობის მიმართულება უარყოფითისკენ შეიცვლება.

სალიმიტო ორდერების მსგავსად, სტოპ-ლოსის მთავარი უპირატესობაც ისაა, რომ ინვესტორებს გრაფიკების მუდმივი მონიტორინგი არ უწევთ. მათ შეუძლიათ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბირჟა, Stop-loss-ში დაფიქსირებული ფასის მიღწევის შემთხვევაში, მათი გაყიდვის ორდერს ავტომატურად შეასრულებს.

SL-ის მთავარი ნაკლი ისაა, რომ კრიპტოვალუტის კურსის მოკლევადიანმა რყევებმა, შესაძლოა, სტოპი გააქტიუროს, რითაც ტრეიდერი გარიგებიდან გამოაგდოს. პრაქტიკაში, საკმაოდ ხშირია სიტუაცია, როდესაც გარიგება სტოპით იხურება, რის შემდეგაც ფასი შემობრუნებას იწყებს და სასურველი ნიშნულებისკენ მიემართება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ვეშაპები სტოპ-ორდერების გროვაზე ნადირობენ და ფასების მკვეთრ კლებაზე ფულს შოულობენ. ამის შესახებ ვრცლად უკვე მომდევნო სტატიაში გიამბობთ.