Crypto.com კანადელი კლიენტებისთვის USDT-ის დელისტინგს მოახდენს

ფოტო - Crypto.com კანადელი კლიენტებისთვის USDT-ის დელისტინგს მოახდენს
კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უდიდესი ბირჟა Crypto.com 31 იანვარს კანადელ მომხმარებლებს სტეიბლკოინ USDT-ით ოპერაციებს შეუჩერებს. ამის შესახებ სავაჭრო პლატფორმის წარმომადგენლებმა კლიენტებს ელექტრონული ფოსტით აუწყეს.
თუ კანადელ მომხმარებლებს სურთ USDT მონეტები შეინარჩუნონ, ისინი ბირჟიდან ამ თვის ბოლომდე უნდა გაიტანონ. თებერვალში ანგარიშზე დარჩენილი აქტივები სიდიდით მეორე სტეიბლკოინში, კომპანია Circle-ის USDC-ში დაკონვერტირდება.
Crypto.com-ის წერილი,რომელიც Reddit-ის მომხმარებელმა გააზიარა.

Crypto.com-ის წერილი,რომელიც Reddit-ის მომხმარებელმა გააზიარა.

Crypto.com-ის გადაწყვეტილება, ნაწილობრივ, განპირობებულია იმით, რომ კანადის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა, CSA-მ FTX-ის გაკოტრების შემდეგ ცენტრალიზებულ ბირჟებზე კონტროლი გაამკაცრა. მაგრამ უმეტესად, ამის მიზეზი ისაა, რომ ონტარიოს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ (OSC) კანადაში მოქმედ, კრიპტოვალუტის ლიცენზირებულ ბირჟებს USDT-ის გამოყენება აუკრძალა. მარეგულირებელმა ასეთი ნაბიჯი 2021 წელს გადადგა, როდესაც სტეიბლკოინს ბაზრით მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ. Tether-ის სტაბილური მონეტა იმ რამდენიმე ციფრული აქტივიდან ერთ-ერთია, რომელიც კანადის მარეგულირებლებმა აითვალწუნეს.

იმის გამო, რომ Crypto.com-ს კანადაში წინასწარი რეგისტრაციისა და ახალი სავაჭრო ლიცენზიის მიღება სურს, ბირჟა იძულებული გახდა, ამ ქვეყნის კლიენტებისთვის აქტივების სიიდან USDT ამოეღო. ამის შესახებ მომხმარებლებისადმი ელექტრონულ მიმართვაშიც არის აღნიშნული.

ხელახალი ლიცენზირების პროცესი აუცილებელია იმ ბაზრების გაუქმებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ზარალის მომტანი იყოს. შედეგად, გასულ წელს ონტარიოდან ბირჟა Binance გავიდა, რომელმაც კანადის მარეგულირებლების შემოწმების გავლა და შესაძლო სანქციების ქვეშ მოხვედრა არ ისურვა.

ონტარიოს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ ასევე გააფრთხილა კრიპტოვალუტის სხვა პლატფორმები, რომ ისინი უნდა დარეგისტრირდნენ და ლიცენზია მიიღონ, რათა თავიდან აიცილონ რეპრესიული ზომები, მათ შორის სასამართლო დავები. კერძოდ, ეს პროცესი აქტივების სიიდან USDT-ის ამოღებას მოითხოვს. 2021 წელს ამას დათანხმდნენ ისეთი ბირჟები, როგორიცაა Coinberry და Wealthsimple.

დღესდღეობით, USDT ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინია, რომლის კაპიტალიზაცია 66 მილიარდ დოლარს აღწევს. სტაბილური მონეტის მთავარი კონკურენტი USDC არის, რომლის საბაზრო ღირებულება 44 მილიარდი დოლარია. Tether-ის სტეიბლკოინი კრიპტოვალუტის ბაზრის ერთ-ერთი საკვანძო ინსტრუმენტია და BTC-სა და ETH-თან ერთად, ლიდერების პირველ სამეულში შედის. თუმცა, მონეტის ირგვლივ ბევრი დავა და უარყოფითი ჭორი არსებობს, რომელიც მის უზრუნველყოფასა და რეზერვებს ეხება.