კრიპტოდემოკრატია: ცვლილებების ინიციირება და კენჭისყრა DAO-ში

ფოტო - კრიპტოდემოკრატია: ცვლილებების ინიციირება და კენჭისყრა DAO-ში
კრიპტელთა უმეტესობას DAO-ს შესახებ სმენია, მაგრამ ყველას როდი ესმის ბოლომდე, კონკრეტულად როგორ აინიციირებენ ამ ორგანიზაციის წევრები ცვლილებებს, ან გვთავაზობენ ახალი ფუნქციონალის დანერგვას. კიდევ საინტერესოა ისიც, როგორ ტარდება კენჭისყრა.
აბრევიატურა DAO იშიფრება, როგორც დეცენტრალიზებულ ავტონომიურ ორგანიზაციას (decentralized autonomous organization).

რა არის DAO მარტივი სიტყვებით

DAO ფორმატი არის გამოწვევა ტრადიციული კორპორაციული პირამიდა-ვერტიკალური მართვის სტრუქტურისთვის. ცნობილია, რომ იქ არაფერია დამოკიდებული რიგით მუშაკებზე, რომლებიც იერარქიულად პირამიდის ქვედა ნაწილში იმყოფებიან,  გადაწყვეტილებას კი იღებს გამგეობის, ან დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრი და ბოლო სიტყვას ამბობს big boss — CEO. DAO-ში, კორპორაციული პირამიდებისგან განსხვავებით, გამოიყენება გადაწყვეტილებების კოლექტიური-კოლეგიური მიღება, გამჭვირვალობა და საჯარო კონტროლი ბიუჯეტის შევსებასა და გამოყენებაზე. DAO-ს კარი ღიაა მონაწილეებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. და რაც მთავარია, DAO ფუნქციონირებს ბლოკჩეინზე და აქტიურად იყენებს სმარტ კონტრაქტებს.

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, DAO არის თვითორგანიზებული საზოგადოებები, რომელთა მონაწილეები კოლეგიალურად მართავენ დეცენტრალიზებულ პროექტებს, ბლოკჩეინის ტექნოლოგიებისა და ციფრული აქტივების გამოყენებით. DAO ასევე არის ყველაზე ეფექტური ფორმატი თანამოაზრე ადამიანების თანამშრომლობისთვის მთელი მსოფლიოდან.
DAO-ს სტრუქტურისა და კლასიკური კორპორაციული მენეჯმენტის პირამიდის შედარება

DAO-ს სტრუქტურისა და კლასიკური კორპორაციული მენეჯმენტის პირამიდის შედარება

DAO-ს ძალიან ზუსტი დახასიათების ნახვა შესაძლებელია Ethereum-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
წარმოიდგინეთ DAO, როგორც ნატიური ინტერნეტ ბიზნესი, რომელსაც კოლექტიურად ფლობენ და მართავენ მისი წევრები. ამ ბიზნესს აქვს ხაზინა, რომელზეც საზოგადოების თანხმობის გარეშე წვდომა არავის აქვს. გადაწყვეტილებები მიიღება წინადადებებითა და კენჭისყრით. არ არსებობს გენერალური დირექტორი, რომელსაც ხარჯების სანქციონირება საკუთარი ახირებების საფუძველზე შეუძლია. არ არის არავითარი შანსი იმისა, რომ ცბიერმა ფინანსურმა დირექტორმა საბუღალტრო წიგნებში რაიმე გაასწოროს . ყველაფერი ღიაა და ხარჯების აღრიცხვის წესები DAO-ებში მათი კოდის მეშვეობითაა ჩაშენებული

ცვლილებების ინიციირება DAO-ში

DAO-ს თითოეული წევრი, ფაქტობრივად, თავადაა big boss. პროექტის ნატიური აქტივების (მონეტების, ან ტოკენების) გამოყენებით, ის იღებს ტაქტიკურ და სტრატეგიულ მართვაში (Governance) მონაწილეობის, ინიციატივების (proposals) წარდგენის, ასევე სხვა მონაწილეთა ინიციატივებისთვის ხმის მიცემის უფლებას.

მონაწილე, რომელსაც აქვს პროექტის გაუმჯობესების იდეა (მაგალითად, ახალი ფუნქციონალის, ან ახალი გირავნული აქტივების დამატება, პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა, ხაზინიდან გარკვეული თანხების გამოყოფა და ა.შ.), ქმნის მოთხოვნას ცვლილებების განხორციელების შესახებ. ეს შეიძლება მოხდეს სპეციალურ Governance-პლატფორმაზე, DAO-ს მობილურ აპლიკაციაში, ან შიდა ფორუმზე, სადაც ყოველი ახალი ცვლილების შეთავაზება ფორუმის ცალკე განყოფილებაში განიხილება. შეთავაზებას ენიჭება თავისი უნიკალური ნომერი, რომლითაც ზოგად სიაში მისი პოვნა ყოველთვის ადვილი იქნება.

სანამ ინიციატივა კენჭისყრაზე გავა, DAO-ს მონაწილეები გარკვეული დროის განმავლობაში შემოთავაზებული ცვლილებების მიზანშეწონილობას განიხილავენ და ნებისმიერ მსურველს მოჰყავს მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტები, გამოხატავს თავის მხარდაჭერას, ან იმას, რომ წინადადებას არ ეთანხმება. რაც უფრო დეტალურია იდეის აღწერა და დასაბუთება, მით მეტია საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასების შანსი. საჯარო განხილვის შედეგების საფუძველზე, DAO-ს ყველა მონაწილეს შეუძლია, შეაფასოს, რა რეზონანსი გამოიწვია ამა თუ იმ ინიციატივამ და როგორია მისი მხარდაჭერის დონე DAO-ში.

როგორ მიმდინარეობს კენჭისყრა DAO-ში

კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენება პროექტის ნატიური მონეტა ან ცალკეული governance-ტოკენები (ზოგიერთ პროექტში მათი ფუნქციას შეფუთული ტოკენებიც ასრულებს). ბლოკჩეინ ტექნოლოგიების თვალსაზრისით, თითოეული ინიციატივისთვის, რომელიც კენჭისყრაზე გადის, იქმნება ცალკე სმარტ კონტრაქტი. მისი აქტივიზაცია ხდება მაშინ, როდესაც ინიციატორი თავისი საფულიდან გარკვეული რაოდენობით ტოკენებს რიცხავს (როგორც წესი, ეს მწირი, პირობითი ღირებულებაა). ამის შემდეგ, DAO-ს მონაწილეებს შორის ხმის მიცემის პროცედურა იწყება.

ყველა კენჭისყრის სია ხელმისაწვდომია Governance-პლატფორმის ცალკეულ განყოფილებაში. ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე ინიციატივებისთვის. თუ წინადადება გამოქვეყნებულია, მაგრამ ხმის მიცემის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, ხშირად შესაძლებელია იხილოთ უკუათვლა კენჭისყრის დაწყებამდე.

შედეგების დათვლა სრულად ავტომატიზებული და გამჭვირვალეა იმის გამო, რომ თითოეული ხმა ჩაწერილია ბლოკჩეინში (ნეტა ხმის მიცემა სახელმწიფოს დონეზეც ასე მიმდინარეობდეს). Governance-პლატფორმაზე ყოველი კენჭისყრისთვის იქმნება ცალკე განყოფილება (გვერდი), სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინიციატივის აღწერა და მისთვის მიცემული ყველა ხმა. კენჭისყრისას თითოეულ მონაწილეს, სურვილის შემთხვევაში, კომენტარის დამატება, ან საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება შეუძლია.

ხმის მისაცემად, პროცედურის მონაწილემ უნდა დააკავშიროს საკუთარი არკასტოდიალური საფულე Governance-ის პლატფორმასთან და გადარიცხოს გარკვეული რაოდენობით ნატიური ტოკენები. თანხა შეიძლება იყოს განსხვავებული, რაც დამოკიდებულია ამა თუ იმ ინიციატივის მხარდაჭერის სურვილის სიძლიერეზე. ეს გავლენას ახდენს ხმების წონაზე, მაგრამ არა რაოდენობაზე - ერთი მონაწილე ყოველთვის მხოლოდ ერთ ხმას აძლევს. კენჭისყრისთვის განკუთვნილმა ზოგიერთმა პროექტმა შექმნა ცალკეული მობილური საფულეები, რომლებშიც მონაწილეებმა მმართველობის ტოკენების საჭირო ბალანსი უნდა შეინარჩუნონ.
Maker DAO-ს პროექტის ხმის მიცემის Governance-პორტალი

Maker DAO-ს პროექტის ხმის მიცემის Governance-პორტალი

სმარტ კონტრაქტში დაბლოკილი ტოკენების გატანა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ასეთი ოპერაცია ხმის გაწვევის ტოლფასია.

ზოგიერთი DAO კენჭისყრისთვის საკუთარი პლატფორმის შექმნასა და ამაზე ფულისა და დროის ხარჯვას საჭიროდ არ თვლის, ამიტომ იყენებს გარე სერვისებს, როგორიცაა Snapshot. ეს აუთსორსინგული voting-პლატფორმა 1000-ზე მეტმა სხვადასხვა DAO-მ უკვე ამჯობინა. 

მაშ ასე, ახლა თქვენ ყველამ იცით, როგორ ხდება ცვლილებების ინიციირება და როგორ მუშაობს ხმის მიცემის პროცედურა DAO-ში.