CryptoZoo: თაღლითები თუ ნუბები, ვინც თავის შეცდომებზე სწავლობენ?
ბევრი ცნობილი ადამიანის მსგავსად, ცდუნებას ვერც ლოგან პოლმა გაუძლო და საკუთარი ძალები Web3-ში გამოცადა. პოპულარულმა იუთუბერმა, მსახიობმა და რესტლერმა NFT სამყაროს გადატრიალება სცადა, თუმცა შედეგმა მისი რეპუტაცია ლამის გაანადგურა.
2021 წელს ლოგან პოლმა გადაწყვიტა, რომ დროა კრიპტოინდუსტრიას შეუერთდეს არა მხოლოდ ინვესტორის, არამედ დეველოპერის როლშიც. სათამაშო პროექტ CryptoZoo-ს იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს, პოდკასტ Impaulsive-ის ჩაწერის დროს გაჩნდა.
NFT-ზე დაფუძნებული თამაში მომხმარებლებისთვის უნდა გამხდარიყო საყვარელი გასართობი, მარტივი ნაცნობი მექანიკითა და პასიური შემოსავლით. თავდაპირველ აღწერილობაში ნათქვამი იყო, რომ CryptoZoo ავტონომიური ეკოსისტემაა, რომელშიც ეგზოტიკური ცხოველებისა და მათი ჰიბრიდების ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობა იყო გათვალისწინებული.
პროექტის ამოქმედების მოლოდინში, რომელიც 2021 წლის 1 სექტემბრისთვის იყო გამოცხადებული, გეიმერებს NFT კვერცხების შეძენას სთავაზობდნენ. დეველოპერების თქმით, მომავალში მათგან გამოიჩეკებოდნენ ცხოველები, რომლებიც გამრავლებისთვის და ჰიბრიდების შესაქმნელად მზად იყვნენ. ასევე, პროექტის საგზაო რუკა მოიცავდა უამრავ მინი თამაშს NFT-ების მონაწილეობითა და ჯილდოებით ZOO ტოკენების სახით.
პოლის პროექტმა დააინტერესა როგორც ინვესტორები, ასევე გეიმერებიც. ეს გასაკვირი სულაც არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ თავად ბლოგერი აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას CryptoZoo-ს ინტერნეტში და ხაზს უსვამდა უნიკალური NFT-ების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, შემდგომმა მოვლენებმა საზოგადოებაში გაურკვევლობა და მრავალი კითხვა გამოიწვია.
პროექტის მონაწილეებისთვის შეთავაზებული NFT-ები ჩვეულებრივი სტოკ ფოტოები აღმოჩნდა. უფრო მეტიც, კვერცხებიდან ცხოველები არ იჩეკებოდნენ და ინვესტორები ვერც საეჭვო ხარისხის თამაშში ჩადებული ფულის დაბრუნებას ახერხებდნენ. ამ ყველაფრის ფონზე ტოკენი ZOO თითქმის ნულამდე დაეცა.
ლოგან პოლს არაერთმნიშვნელოვან მოვლენებზე რეაგირება არ ჰქონია და სოციალურ ქსელებში CryptoZoo-ს ხსენება შეწყვიტა. ვებგვერდზე პროექტის შესახებ ინფორმაცია აღარ არის და დევს მხოლოდ განცხადება ძირითადი ინფრასტრუქტურის განახლების შესახებ.
წყარო: cryptozoo.co
Coffeezilla უტევს
შესაძლოა, პოლის დუმილი მარადიული ყოფილიყო, მაგრამ საქმეში ჩაერთო Coffeezilla - იუთუბერი და კრიპტოჟურნალისტი სტივენ ფინდაიზენი. 2022 წლის ბოლოს მან წამოიწყო სამნაწილიანი ვიდეოპროექტი, რომელშიც CryptoZoo-ს თაღლითობა უწოდა, ლოგან პოლი კი ბიზნესის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
ასეთ ვითარებაში პოლს განზე დგომა უკვე აღარ შეეძლო. ის Coffeezilla-ს სასამართლო პროცესით დაემუქრა, ინვესტორების წინაშე თავის გამართლებას ცდილობდა და პროექტის ყველა პრობლემას არაკეთილსინდისიერ თაღლითებთან მუშაობით ხსნიდა. თუმცა, ლოგანმა მრისხანე ვიდეო მალევე წაშალა, ფინდაიზენს ბოდიში მოუხადა და პროექტის მონაწილეებს CryptoZoo-ს აღდგენის გეგმა წარუდგინა.
პირველ რიგში, პოლი და თამაშის თანადამფუძნებელი ჯეფ ლევინი საკუთარ ZOO ტოკენებს დაწვავენ, რათა მათი ღირებულება გაზარდონ. შემდეგ ისინი იმედგაცრუებული მონაწილეებისთვის დაჯილდოების პროგრამას აამოქმედებენ. ამისთვის ლოგანი 1000 ETH-ს გამოყოფს, რაც მსურველებს მათი NFT-ების დაწვისას მათი ღირებულებების დაბრუნებაში დაეხმარება. და ბოლოს, ფინალური ეტაპი გულისხმობს თამაშის გამოშვებას ტექნიკური აღწერილობის მოთხოვნების შესაბამისად.
პოლის თქმით, ის ძალიან იმედგაცრუებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა გამოძიება, რომლის შედეგად ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.