ევროკავშირი გამოუშვებს ციფრულ საფულეს ZK-Proof ტექნოლოგიით

ფოტო - ევროკავშირი გამოუშვებს ციფრულ საფულეს ZK-Proof ტექნოლოგიით
15 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, განეხილა ახალი ევროპული ციფრული იდენტიფიკაციის (eID) სისტემა და შეექმნა ინოვაციური ევროპული ციფრული საფულე, რომლის ანალოგი უკვე არსებობს უკრაინაში (Дія).
ეს საფულე წარმოადგენს სმარტფონის აპლიკაციას, რომელიც ინახავს ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიებს, როგორიცაა პირადობის მოწმობა, სამედიცინო ბარათი, პასპორტი და ა.შ.
 
eID სისტემის მიზანი ევროკავშირის მასშტაბით სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო სერვისებზე ციფრული წვდომის გამარტივებაა, რაც მოქალაქეებს საკუთარ მონაცემებზე სრულ კონტროლს აძლევს. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ონლაინ იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სერვისების ისეთი ძირითადი კომერციული პროვაიდერების ალტერნატივა, როგორიცაა Apple, Google, Facebook ან Amazon.
კრედიტის გაფორმება ბანკში eID-ს მეშვეობით წყარო: Commission.europa.eu

კრედიტის გაფორმება ბანკში eID-ს მეშვეობით წყარო: Commission.europa.eu

ევროპელმა კანონმდებლებმა დასახეს ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის ეს სისტემა ევროკავშირის მოსახლეობის 80%-მა უნდა მიიღოს. თუმცა, ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემთა დაცვის ექსპერტებმა მის დანერგვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. დაგეგმილი წარმატების მისაღწევად, ციფრული საფულე გამოსაყენებლად მარტივი უნდა იყოს და იძლეოდეს მონაცემთა დაცვის გარანტიას, ყველა სტანდარტის შესაბამისად. გარდა ამისა, ალტერნატივა უნდა დაინერგოს მათთვისაც, ვინც ამ საფულეს არ გამოიყენებს.
 
როგორც ჩანს, ევროპარლამენტს ეს ესმის, რადგან eID სისტემის შექმნის წინადადებაში შეიტანა ისეთი ტექნოლოგია, როგორიცაა ZK-Proof (ნულოვანი ცოდნის მტკიცებულება). ის იძლევა საშუალებას, შემოწმდეს ინფორმაციის გარკვეული ნაწილის სისწორე, მისი სრულად გამჟღავნებისა და მასზე წვდომის მიცემის გარეშე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, მიაწოდოთ ინფორმაცია მხოლოდ თქვენი ასაკის შესახებ,  პასპორტის წარდგენის გარეშე. პოტენციურად, ეს, შესაძლოა, ევროკავშირის ციფრული საფულის განუყოფელი ფუნქცია გახდეს.
 
უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზეა და ამ ტექნოლოგიის საფუძვლიანი შეფასება უნდა ჩატარდეს, მათ შორის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგლამენტთან შესაბამისობის კუთხით. თუმცა, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ აღწევს ბლოკჩეინი თანდათან ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში.