ფიბონაჩის დონეები. თეორია და ვაჭრობაში გამოყენება
ფიბონაჩის დონეების სწორად გამოყენება ტრეიდერს საშუალებას აძლევს ფასის შემობრუნების შესაძლო წერტილები წინასწარ განსაზღვროს.
ფიბონაჩის დონეები ინსტრუმენტია, რომელიც კრიპტოვალუტის ბაზარზე მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონის დასადგენად ფართოდ გამოიყენება.
აქტივის ფასის მოძრაობა „ტალღის თეორიის“ მიხედვით ხდება, რომელიც ჩვენ ერთ-ერთ სტატიაში უკვე განვიხილეთ. ამ თეორიის თანახმად, ფასები, შესაძლოა, ტალღებად დაიყოს, რომლებიც პიკურ მნიშვნელობებს მინიმალურთან აკავშირებს. ტალღებს საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს, ამიტომ ტრენდის დაწყებისა და დასრულების მომენტების დადგენა, ხშირად, საკმაოდ რთულია. ფიბონაჩის დონეები ტრეიდერს ამ ამოცანას უადვილებს და ფასის შემობრუნების შესაძლო წერტილების განსაზღვრაში ეხმარება.
რიცხვების მიმდევრობას, რომელიც ფიბონაჩის რიგის სახელითაა ცნობილი (0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55 და ა.შ.), რამდენიმე თავისებურება აქვს:
1. ყოველი მომდევნო რიცხვი წინა ორი რიცხვის ჯამს (0+1=1, 1+1=2, 1+2=3, 2+3=5, 3+5=8 ... და ა.შ. ) უდრის;
2. ორი მეზობელი რიცხვის ფარდობა დაახლოებით ერთნაირია. უდიდესის უმცირესთან ფარდობა 1.618 არის, ხოლო უმცირესისა უდიდესთან 0.618);
3. ერთის გამოტოვებით რიცხვების ფარდობა (მაგალითად, 5 და 13) დაახლოებით 0.382-ის ტოლია;
4. ორის გამოტოვებით რიცხვების ფარდობა (მაგალითად, 5 და 21) დაახლოებით 0.236-ის ტოლია.
სიდიდეების სწორედ ეს ფარდობა აქვთ ხშირად ტალღებს, რომლებზეც აქტივების ფასის მოძრაობის გრაფიკი იყოფა. ისინი ფიბონაჩის დონეების თეორიას დაედო საფუძვლად და შემდგომი მოძრაობის ანალიზისა და პროგნოზირებისთვის გამოიყენება.
ფიბონაჩის ბადე ჰორიზონტალური ხაზებისგან შედგება. ზედა და ქვედა ხაზებს აღნიშნავენ, როგორც 0 და 1, მათ შორის კი კორექციის დონეებია, რომლებიც ბოლო ხაზებისგან დაშორებით, მანამდე აღნიშნული პროპორციების ფარდობით - 0,786, 0,618, 0.5, 0.382 და 0,236 - არის განლაგებული. ითვლება, რომ "უძლიერესი" მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის რანგში 0.618 დონე გვევლინება.
როგორ გამოვიყენოთ ფიბონაჩის დონეები პრაქტიკაში?
დღეს თითქმის ყველა სავაჭრო პლატფორმა ბადის დამოუკიდებელი აგების ფუნქციას სთავაზობს. ამ შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ ტრენდის მიმართულებისა და ლოკალური მოძრაობის ვექტორის განსაზღვრა სჭირდება.
ფასის გრაფიკზე ბადის სწორად გაჭიმვით, ტრეიდერს შეუძლია შეამჩნიოს, რომ ტალღები ფიბონაჩის ხაზების მიდამოში ზრდისას წინააღმდეგობას, ან დაცემისას მხარდაჭერას აწყდება. ეს ნიშნავს, რომ ფიბონაჩის საკვანძო დონეები, შესაძლოა, ფასის შემობრუნების წერტილები გახდეს, რაც მომავალში აქტივის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
ხშირად პირველი ორი ტალღის კორექცია, ფიბონაჩის მიხედვით, 0,618 და 0,786 დონეებს აღწევს, ხოლო მესამე ტალღის კორექცია, როგორც წესი, 0,382 ნიშნულს არ აღემატება. ამის გათვალისწინებით ტრეიდერს შეუძლია, ბაზრის შესვლისა და გასვლის წერტილები წინასწარ განსაზღვროს, ასევე რისკ-მენეჯმენტის უფრო ეფექტური გეგმა შეადგინოს.
ფიბონაჩის დონის გამოყენებით ვაჭრობისას ორი მარტივი სტრატეგია არსებობს.
1. გარიგებაში შესვლა ფიბონაჩის დონესთან მიახლოებისას. ფიბონაჩის ბადის გაჭიმვით, როგორც ქვემოთ მოცემულ სკრინშოტზე ვხედავთ, 0.5 დონემ წინააღმდეგობის როლი ორჯერ შესანიშნავად შეასრულა. ამ შემთხვევაში გონივრული იყო შორთის 0.5 ნიშნულთან ახლოს გახსნა, მასზე ოდნავ მაღლა კი სტოპ-ლოსის განთავსება.
2. გარიგებაში შესვლა ფიბონაჩის დონის გარღვევისას. თუ დონე ფასის მხარდაჭერას ან წინააღმდეგობას არ უწევს, ეს, შესაძლოა, იმავე მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების სიგნალი იყოს. ქვემოთ მოცემულ სკრინშოტში ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც BTC-ის ფასმა მხარდაჭერა ფიბონაჩის მიხედვით 0.236-ზე გაარღვია, მონეტამ დაცემა განაგრძო. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, შორთ-პოზიცია 0.2360-თან გახსნათ, სტოპ-ლოსი კი ამ ნიშნულზე ოდნავ მაღლა განათავსოთ.
ფიბონაჩის ბადე Bitcoin-ის გრაფიკზე. წყარო: Tradingview
როგორ ავაგოთ ფიბონაჩის ბადე დამოუკიდებლად?
ტრადიციულ საფონდო ბაზარზე, ბადის ასაგებად, ხშირად, დახურვისა და გახსნის ფასები გამოიყენება. ცხადია, ასეთი მეთოდი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის არ გამოდგება. ამ შემთხვევაში, ტრეიდერი, რომელიც ბადეს აგებს, მონეტის ლოკალურ მინიმუმებსა და მაქსიმუმებს იყენებს. დაღმავალ ტრენდზე ბადეს ზემოდან ქვემოდან ჭიმავენ, აღმავალი ტრენდისას კი - ქვემოდან ზევით.
კიდევ ერთხელ გადავხედოთ გრაფიკს. ჩვენ დაღმავალ ტრენდს ვხედავთ, რომელიც A წერტილში დაიწყო და B წერტილში დასრულდა, სადაც ფასის ლოკალური კორექცია დაიწყო. ბადე A წერტილის პიკიდან B წერტილის მინიმუმამდე გავჭიმოთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაღმავალი ტრენდის დროს ჩვენ ბადეს მაქსიმალური წერტილიდან მინიმალურამდე - ანუ A წერტილიდან B წერტილამდე ვჭიმავთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ანალიზის ეს ინსტრუმენტი მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული ტრენდის არსებობისას გამოიყენება. თუ ფიბონაჩის დონეებს აქტივისთვის გამოიყენებთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფლეტის შიგნით კონსოლიდირდება, ის ცრუ სიგნალებს მისცემს. გარდა ამისა, ისევე, როგორც ანალიზის სხვა ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებისას, გარიგებაში შესვლამდე, ყოველთვის უმჯობესია, სიგნალის დადასტურებები სხვა ინდიკატორებზე მოძებნოთ.