რამდენი კრიპტოვალუტა ეკუთვნის მთავრობებს?

ფოტო - რამდენი კრიპტოვალუტა ეკუთვნის მთავრობებს?
მარეგულირებლების უმეტესობა ეწინააღმდეგება კრიპტოვალუტების, როგორც გადახდის რეალური საშუალების იურიდიული აღიარების იდეას. მაგრამ ირონია იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ციფრული ფულის დაახლოებით 8% სწორედ მთავრობებს ეკუთვნის.
საიდან უჩნდება სახელმწიფო მარეგულირებლებსა და საგადასახადო ორგანოებს კრიპტოვალუტა და როგორ იყენებენ მას? ნებისმიერი მთავრობისთვის კრიპტობალანსის შევსების ყველაზე უხვი წყარო ციფრული აქტივების კონფისკაციაა. მაგრამ, სახელმწიფოსთვის მათი ღირებულ აქტივად გადაქცევის გზები კი ძალიან განსხვავებულია.

როგორ ვლინდება კრიპტოვალუტების უკანონო გამოყენება

თუ ფიქრობთ, რომ სახელმწიფო მოხელეები პირადად აკონტროლებენ ტრანზაქციებს ბლოკჩეინზე, მაშინ ცდებით. არსებობენ ანალიტიკური კომპანიები, როგორიცაა Elliptic, TRM Labs და Chainalysis, რომლებიც ციფრული ნაკადების მონიტორინგს ახორციელებენ. მთავრობები სიამოვნებით დებენ ინვესტიციებს ამ პროექტებში, რადგან ისინი ეხმარებიან მარეგულირებლებს, გაერკვნენ უკანონო ქმედებებისა და ფულის გათეთრების სქემების გამოვლენის გზებში. ანალიტიკური კომპანიები არა მხოლოდ ასაჯაროვებენ ფართო საზოგადოებისთვის ყველა ინციდენტს, არამედ  ისინი, მარეგულირებლების მოთხოვნით, აწვდიან კონფიდენციალურ ინფორმაციას კრიპტობაზარზე უკანონო ქმედებების შესახებ.

მთავრობებს აქვთ კრიპტოვალუტების ჩამორთმევის სამი ლეგალური საშუალება

1. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

თანხების დაყადაღების ორდერის მიღების შემდეგ კრიპტოპლატფორმები იძულებულნი არიან, გადასცენ კრიპტოვალუტა ფისკალურ ორგანოებს. მთავრობას ის გადააქვს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად საფულეში შემდგომი გამოყენებისთვის.
 
2. მიმართვა მესამე მხარის მთავრობას.

ეს შეიძლება იყოს კრიპტოკომპანიის თანამშრომელი, ანონიმური „კეთილმოსურნე“ და ზოგჯერ კონკურენტიც კი. როგორც წესი, ამ ადამიანს (ან პირთა ჯგუფს) აქვს საფულის გასაღებები ან სხვა წვდომა აქტივებსა და ინსაიდებზე. ის აფორმებს მარეგულირებელთან შეთანხმებას ინფორმაციის გადაცემის შესახებ რაიმე სახის შეღავათების სანაცვლოდ ან შედის გარიგებაში დანაშაულის აღიარებაზე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

3. სამიზნის უსაფრთხოების შესუსტება. 

სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანები ინერგებიან კრიმინალურ დაჯგუფებებში და იღებენ საჭირო ინფორმაციას ბრალის წარდგენისთვის. როგორც წესი, სამიზნეები არიან საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფები (ადამიანებით ან იარაღით ვაჭრობა) და ნარკოკარტელები. ეს სარისკო ქვესტია, რომელსაც, შესაძლოა,  ნაყოფის მოსატანად წლები დასჭირდეს.

რამდენი ბიტკოინი ინახება სამთავრობო საფულეებში?

თავიანთ ბალანსს საიდუმლოდ ინახავენ არა მხოლოდ ნარკოდილერები, არამედ ბევრი მთავრობაც. ხოლო კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან მარეგულირებლებს უკანონო ციფრული აქტივების პოვნასა და ჩამორთმევაში, არ ჩქარობენ ჩამორთმეული თანხის რაოდენობის საზოგადოებისთვის გაზიარებას: ისინიც ხომ სწორედ ისევე არიან მარეგულირებელთან კონტრაქტით შეკრულები, როგორც სპეციალური აგენტები, რომლებიც კრიპტოსტრუქტურებში ჩანერგეს.

ხშირად, თანხების რეალური ოდენობის შესახებ ვიგებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მარეგულირებლებს ისინი CEX ბირჟებზე ფიატურ ვალუტაში გადაცვლის მიზნით გააქვთ. ასე მოხდა 2023 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც აშშ-ის მარშლების სამსახურმა Coinbase-ზე Silk Road-ისგან ჩამორთმეული 50000 BTC გაგზავნა.

მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. კრიპტოს უმეტესი ნაწილის რეალიზაცია ინსტიტუციონალური ტრეიდერებისთვის განკუთვნილი არასაბირჟო პლატფორმების საშუალებით ხდება. ეს არის სპეციალური აკვარიუმი ვეშაპებისთვის, სადაც ისინი ყიდულობენ და ყიდიან კრიპტოს დიდ მოცულობას. ასეთი ბირჟისზედა სტრუქტურები იქმნება სპეციალურად იმისთვის, რომ გაყიდვა და გამოსყიდვა ბირჟის ფასებზე არ აისახოს.

მაგრამ ზოგიერთი მონაცემი ღია წყაროებში შეგვიძლია ვიპოვოთ.
მაგალითად, 2022 წლის თებერვალში, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა $3,6 მილიარდის ღირებულების BTC-ის დაყადაღების შესახებ, 2016 წლის Bitfinex-ის გატეხასთან დაკავშირებით. ეს ისტორიაში უდიდესი ფინანსური კონფისკაციაა.

2022 წლის აპრილში, ფლორიდის ფედერალურმა პროკურორებმა $34 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტის კონფისკაცია დარქნეტთან დაკავშირებული კომპანიისგან მოახდინეს. 

2021 წლის ივლისში ლონდონის პოლიციამ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით £180 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტის კონფისკაცია მოახდინა.

2022 წლის აგვისტოში, დიდი ბრიტანეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მოახდინა დაახლოებით £26,9 მილიონის კონფისკაცია 2021 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდში.

თუ ინფორმაციის ნაწილ-ნაწილ შეგროვებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კრიპტოვალუტების მთელი არსებობის მანძილზე სახელმწიფო კრიპტოსაფულეებში დაახლოებით 1,6 მილიონმა BTC-მ გაიარა.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბიტკოინების რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი, ცალსახად, ბულგარეთმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაიკავა. კომპანია OneCoin-ის ხელმძღვანელების  დაკავებისას 213 519 BTC ამოიღეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ 2017 და 2018 წლებში ბულგარელი საჯარო მოხელეები ВТС-ში იღებდნენ ქრთამს უკრაინელებისგან, რომლებსაც ევროკავშირის პასპორტის აღება სურდათ. როდესაც დანაშაული გამოვლინდა, სახელმწიფო ხაზინაში კიდევ 2000 BTC-ის კონფისკაცია მოხდა. 2019 წელს ეს თანხა აშშ-დან რვა ახალი F-16 გამანადგურებლის შესაძენად გამოიყენეს.
 
ვინაიდან გარიგების თანხა არ გახმაურებულა, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რამდენი კრიპტოვალუტაა ჯერ კიდევ რჩება ამ ქვეყნის სახაზინო საფულეში. მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ იმაზე მეტი ბიტკოინი, ვიდრე ბულგარეთს ჰქონდა, მხოლოდ სატოში ნაკამოტოს აქვს.

მეორე ადგილს (და ახლა უკვე პირველს) ჩამორთმეული კრიპტოვალუტების რაოდენობით აშშ იკავებს. 2022 წლის დეკემბრისთვის ამ თანხამ 214 000 BTC-ს მიაღწია. მათი უმეტესობა კონცენტრირებულია საბირჟო ფონდებში (ETF), რომლებიც წარმოადგენენ ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ გამოსაყენებლად ხელმისაწვდომ ფინანსური ინსტრუმენტების ნაკრებს. ანუ, აშშ-ის მთავრობა ჩამორთმეულ კრიპტოვალუტას კი არ ხარჯავს, არამედ მისგან შემოსავალს იღებს.

იგივე სტრატეგიას მიჰყვება დიდი ბრიტანეთი, რომლის მარეგულირებლებმა ამოიღეს და სახელმწიფოს უნარჩუნებენ დაახლოებით 60 000 BTC.

უკრაინის მთავრობა ფლობს 45 351 BTC-ს. სახელმწიფოს საფულეზე აკუმულირდება არა მხოლოდ კონფისკაციის შედეგად მიღებული კრიპტოვალუტა. კომპანია Elliptic-ის ცნობით, სახელმწიფომ მიიღო $124 მილიონის ოდენობის კრიპტოშემოწირულება. ციფრული ფულით ყიდულობენ თბოვიზორებს, რადიოსადგურებს, კოპტერებს და სხვა მოწყობილობებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისთვის.

სალვადორის ხაზინაში 9500 BTC ინახება. მას შემდეგ, რაც ბიტკოინი აქ სახელმწიფო ვალუტად და გადახდის საშუალებად იქნა აღიარებული, ბალანსი ივსება ბირჟებზე ოფიციალური შესყიდვებისა და მაინინგის ხარჯზე. მაგრამ მარეგულირებლები აწყდებიან იმას, რომ ბიტკოინის გაუფასურება ბიუჯეტის კატასტროფულ დეფიციტს იწვევს. წლის განმავლობაში სახელმწიფო აქტივებმა ღირებულების თითქმის 60% დაკარგეს.

ფინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 1981 ВТС-ს ფლობს და მის დახარჯვას რუსეთთან საზღვრის გაძლიერებაზე გეგმავს. საქართველოს პარლამენტში კი გაჟღერდა გაცილებით მოკრძალებული რიცხვი - 66 BTC.

გარდაუვალია, რომ კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინის მიმღებლობის ზრდასთან ერთად, მთავრობები მთელს მსოფლიოში გაზრდიან თავიანთ ციფრულ აქტივებს. ჯერ ერთი, ინვესტიციების სახით და მეორეც, იმისთვის რომ ჰქონდეთ ხმის უფლება და კონტროლის ინსტრუმენტები ციფრული ფინანსების სამყაროში. ამიტომ, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ, ვინ მანიპულირებს კრიპტობაზრით, არ უნდა უგულებელვყოთ ისინი, ვინც თამაშში რეალურად ყველაზე დიდი ვეშაპები არიან.