IcomTech-სა და Forcount-ს პონცის სქემაში ადანაშაულებენ

ფოტო - IcomTech-სა და Forcount-ს პონცის სქემაში ადანაშაულებენ
დემიან უილიამსი კრიპტოთაღლითებზე ნადირობას აგრძელებს. შემდეგი ბრალდებულები საინვესტიციო კომპანიების IcomTech და Forcount დამფუძნებლები და თანამშრომლები გახდნენ. მათ თაღლითობისთვის, ფულის გათეთრებისა და ცრუ ჩვენებისთვის პატიმრობა ემუქრება.
IcomTech და Forcount IcomTech და Forcount ფირმებია, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში კლასიკურ თაღლითურ სქემებს წარმატებით ნერგავდნენ. მათი საქმიანობის შედეგად, გულუბრყვილო ინვესტორებმა ასობით ათასი დოლარი დაკარგეს. 14 დეკემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პრესრელიზი გაავრცელა, რომელშიც 9 ბოროტმოქმედის ბრალი იყო წარმოდგენილი. 
ამ ორი საბრალდებო აქტის საშუალებით, უწყება კრიპტოვალუტის ყველა თაღლითს შეტყობინებას უგზავნის: ჩვენ თქვენამდე მოვალთ. ქურდობა არის ქურდობა, თუნდაც ეს კრიპტოვალუტის სახით იყოს
განაცხადა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, დემიან უილიამსმა

პონცის სქემა + ფულის გათეთრება

ოფიციალური ლეგენდის თანახმად, საინვესტიციო კომპანიები IcomTech და Forcount მაინინგს ეწეოდა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობდა. მომხმარებლებს სპეციალიზებულ საინვესტიციო პროდუქტებს სთავაზობდნენ, რომლებსაც გარანტირებული მოგება უნდა მოეტანა. მაგალითად, მყიდველებს ყოველდღიურ შემოსავალსა და ექვსი თვის განმავლობაში ინვესტიციის გაორმაგებას ჰპირდებოდნენ.

როგორ მოიპოვა კომპანიებმა ხალხის ნდობა და აიძულა ისინი,  მნიშვნელოვან თანხებს დამშვიდობებოდნენ? IcomTech-ისა და Forcount-ის ხელმძღვანელებისა და პრომოუტერების გუნდი აშშ-ის ტერიტორიასა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობდა. ბევრ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, ისინი პროექტის პრეზენტაციებსა და მასშტაბურ ღონისძიებებს მართავდნენ, რომელთა მიზანი ინვესტიციების გეგმებისა და კომპენსაციის გაცემის დემონსტრაცია, ასევე ასევე თანამშრომლების მდიდრული ცხოვრების წესის წარმოჩენა იყო. არც თუ იშვიათად, თაღლითები გამოფენებზე ელიტური ავტომობილებითა და ბრენდული ტანსაცმლით მოდიოდნენ. 

საინვესტიციო პროდუქტების ყიდვისას, დაზარალებულები ნაღდი ფულით, ჩეკებით, საბანკო გადარიცხვებითა და კრიპტოვალუტებით იხდიდნენ. გადახდის შემდეგ ისინი ონლაინ-პორტალზე წვდომას იღებდნენ, რათა თავიანთი სახსრების მოძრაობისთვის თვალყური ედევნებინათ. ინვესტორები მოგების ზრდას ხედავდნენ, მაგრამ ანგარიშებიდან თანხების მოხსნა არ შეეძლოთ. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებასთან დაკავშირებისას მათ ბოდიშებს უხდიდნენ და თავს იმართლებდნენ.

საჩივრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, IcomTech-მა და Forcount-მა პერსპექტიული ახალი პროდუქტის შეთავაზება დაიწყეს -  საკუთარი ტოკენები Icoms და Mindexcoin. სქემების ორგანიზატორების მტკიცებით, მონეტები საქონლისა და მომსახურების გადასახდელად იყო განკუთვნილი, მათი ღირებულება კი მზარდი იქნებოდა. მაგრამ ტოკენებმა ინვესტორებისგან მხოლოდ დამატებითი ფული "ამოქაჩეს". 

მიღებულ სახსრებს კომპანიების ხელმძღვანელები და პრომოუტერები ლამაზი ცხოვრების რეკლამასა და ატრიბუტებზე ხარჯავდნენ - უძრავი ქონება, ფუფუნების საგნები. კვალის დაფარვისას, ისინი ფულს ფიქციური ფირმებისა და დიდი პირადი შესყიდვების საშუალებით ათეთრებდნენ. IcomTech სქემები დაახლოებით 2019 წლის ბოლომდე, ხოლო Forcount სქემები 2021 წლამდე მოქმედებდა. ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა კლიენტებთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური აგენტი ივან ჯ. არველო, რომელიც  გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული, ბრალდებას ასე გამოეხმაურა:
ვარაუდობენ, რომ ამ ადამიანებმა, ძვირადღირებული ტანსაცმლითა და ავტომობილებით, პოტენციურ ინვესტორებს მდიდრული ცხოვრების პრეზენტაცია მოუწყვეს, მაგრამ შემოსავლიანი საინვესტიციო შესაძლებლობის ნაცვლად, მსხვერპლს დანაზოგი მოჰპარეს და საჩვენებლადაც კი არაფერი დაუტოვეს. ეროვნული უშიშროების საგამოძიებო სამსახური ფინანსური დანაშაულის გამოსააშკარავებლად და დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად დაუღალავად მუშაობს
გამოძიებაში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის, ფინანსური მომსახურების დეპარტამენტისა და ფლორიდის ფინანსური მარეგულირებელი სამმართველოს, ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის, სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიისა და ბრაზილიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.