ინსტიტუციონალები კრიპტობაზარზე ბრუნდებიან?

ფოტო - ინსტიტუციონალები კრიპტობაზარზე ბრუნდებიან?
კრიპტოზამთრის მიუხედავად, 2023 წელს ისევ კრიპტოვალუტაში ინვესტირების ცდუნებას მდიდარი ისტორიის მქონე სოლიდური ფინანსური ინსტიტუტებიც კი ვერ უძლებენ.
კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციის სამგზის ვარდნა, გახმაურებული გაკოტრებები, სემ ბენკმენ-ფრიდის დაპატიმრება და კრიპტოზამთარი... არ არის გამორიცხული, რომ ეს ფაქტორები ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს კრიპტობაზარზე ფეხის მყარად მოკიდებაში დაეხმაროს.

თეთრი სახლი: როგორ არ დაინფიცირდეს ფინანსური სისტემა?

იანვრის ბოლოს, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა გამოაქვეყნეს ბაიდენის ადმინისტრაციის საგზაო რუკა, რომელიც კრიპტოვალუტურ რეგულირებას ეხებოდა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ გასულ წელს „კრიპტოვალუტებზე  ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების შეზღუდულმა წვდომამ ფინანსური სისტემის ინფიცირებას ხელი შეუშალა. სერიოზული შეცდომა იქნებოდა კანონის მიღება, რომელიც ცვლის კურსს და აღრმავებს კავშირებს კრიპტოვალუტებსა და ზოგადად ფინანსურ სისტემას შორის“.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა გააფრთხილა ტრადიციული ფინანსური ინსტიტუციები, როგორიცაა საპენსიო ფონდები, რომ კრიპტოვალუტურ ბაზრებში სრულად არ ჩაეფლონ. 2022 წლის დათვური ბაზრის ფონზე, ჩვენ ძალიან ხშირად ვკითხულობდით, რომ ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა კრიპტოინვესტიციების მიმართ ინტერესი დაკარგეს. როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციას სხვა ინფორმაცია აქვს?

ტრეიდერების 28% მზადაა, კრიპტოაქტივებთან საქმე დაიჭიროს

ახლახან მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, J. P. Morgan-მა გამოუშვა მორიგი  e-Trading Edit (ელექტრონული ვაჭრობა აქციებით, ვალუტებითა და ა.შ. ვაჭრობის მეთოდია ელექტრონული საფონდო ბაზრების საშუალებით, როგორიცაა NASDAQ). გაურკვეველი მიზეზების გამო, მედიამ ეს აღიქვა, როგორც მტკიცებულება, რომ „კრიპტოვალუტა უოლ სტრიტისთვის საწამლავად იქცა და ტრეიდერები მასთან შეხებაზეც კი უარს ამბობენ“. თუმცა, თუ J.P. Morgan-ის ანგარიშს უფრო ყურადღებით დააკვირდით, შეგიძლიათ, საინტერესო ციფრები იპოვოთ. გამოდის, რომ JPM-ის მიერ გამოკითხული 834 ინსტიტუციონალური ტრეიდერის 28% ან უკვე ვაჭრობს კრიპტოვალუტით, ან ამის დაწყებას 1-5 წლის განმავლობაში გეგმავს. რა თქმა უნდა, ეს არ ჟღერს, როგორც  ბიტკოინის ერთგულების ფიცი, მაგრამ ეს არც კრიპტოვალუტის აქტივებით მოწამვლის შიშს ჰგავს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 100%-მა განაცხადა, რომ 2023 წელს e-Trading-ის აქტივობას გაზრდის. პროგნოზების მიხედვით, წლის განმავლობაში კრიპტოვალუტებით/digital coins-ით  ელექტრონული ვაჭრობა სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე დიდ ზრდას აჩვენებს და ნედლეული საქონლითა და საკრედიტო სპრედებით ვაჭრობას გაუსწრებს.

კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ტრადიციულ საბანკო პროდუქტებში ინტეგრირდება

უნდა ითქვას, რომ J.P. Morgan-ის СЕО ცნობილია კრიპტოვალუტების მიმართ სკეპტიციზმით. მიუხედავად ამისა, ბანკს აქვს საკუთარი ტოკენი JPM Coin და ტრადიციული აქტივების ტოკენიზაციის პლატფორმა. JPM-ის განყოფილება Onyx ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საბანკო აპლიკაციას Liink ავითარებს. როგორ არ გავიხსენოთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორების ბოლოდროინდელი რჩევა - ყურადღებით დააკვირდით, რას აკეთებენ (და არა ამბობენ) მსხვილი ბანკები და გლობალური ფინანსური ბაზრის მოწიფული მოთამაშეები.

ის, რომ ინსტიტუციონალების ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ კვლავ მაღალია, ცოტა ხნის წინ Bloomberg-ის წყაროებმაც აღნიშნეს. ბანკირები და საინვესტიციო კომპანიები ხელს უწყობენ ბლოკჩეინის პროექტებს, ტოკენიზაციას, ასევე გადაწყვეტილებებს, რომლებიც ვალუტის შენახვასთან არის დაკავშირებული.
კრიპტობაზრის ბოლოდროინდელი მოვლენები ციფრული აქტივების სივრცეში სანდო რეგულირებადი პროვაიდერების საჭიროებას ხაზს უსვამს
, – აცხადებს BNY Mellon-ის აღმასრულებელი დირექტორი რობინ ვინსი. ამ ჰოლდინგმა, რომელიც The Bank of New York-სა და Mellon Financial Corporation-ს აერთიანებს, FTX-ის გაკოტრებამდე ერთი თვით ადრე crypto custody platform აამოქმედა.
BlackRock საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტივების მსოფლიოში უდიდეს პორტფელს მართავს. ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, დღეს BlackRock დაინტერესებულია სტეიბლკოინებით, ბლოკჩეინით, ტოკენიზაციითა და კრიპტოაქტივებით. 2022 წელს, ეს საინვესტიციო კომპანია  Coinbase-ის პარტნიორი გახდა, რათა BlackRock-ის კლიენტებს ციფრული ვალუტებით ვაჭრობა და მათი მართვა გაუადვილდეთ.
 
და ბოლო მაგალითია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs Group. გასულ შემოდგომაზე ჯგუფმა ციფრული აქტივების საკუთარი პლატფორმა წარმოადგინა. Goldman Sachs-მა ასევე მიიღო მონაწილეობა ევროპის საინვესტიციო ბანკის ციფრული ბონდების გამოშვებაში, რომელიც ბლოკჩეინის გამოყენებით შეიქმნა. გარდა ამისა, Goldman კლიენტებს ქეშის სანაცვლოდ კრიპტოდერივატივებს სთავაზობს. საინვესტიციო ფონდებს და ტრეიდერებს შეუძლიათ, იყიდონ და გაყიდონ კრიპტოვალუტის ფიუჩერსები, არამიწოდებადი ფორვარდები და ოფციონები, ნაღდი ანგარიშსწორებით.