კრიპტოვალუტის სტეიკინგის ინდუსტრიის დასასრული მოვიდა?

ფოტო - კრიპტოვალუტის სტეიკინგის ინდუსტრიის დასასრული მოვიდა?
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დააჯარიმა ამერიკული კრიპტობირჟა Kraken-ი $30 მილიონით. ჯარიმა ეხება სტეიკინგს, ვინაიდან SEC-მა ეს სერვისები ფასიანი ქაღალდების გაყიდვასთან გააიგივა. როგორ შეიძლება ამ პრეცედენტმა იმოქმედოს ინდუსტრიაზე მთლიანად?
მომდევნო დღეს, SEC-ის ხელმძღვანელმა ჰარი გენსლერმა გააფრთხილა სხვა კრიპტოკომპანიები იმ წესების დაცვის აუცილებლობის შესახებ, რომლებიც ბირჟამ Kraken-მა დაარღვია. მან აღნიშნა, რომ ეს ასევე შეიძლება ეხებოდეს ბირჟებზე მოგების მიღების სხვა  პროგრამებს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელწოდებას ატარებენ ისინი.

მთლიანობაში ვითარებაზე კომენტარი გააკეთა Coinbase-ის ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა. მან Kraken-ის გარშემო გავრცელებულ ჭორებზე იქამდე გააჟღერა ინფორმაცია, ვიდრე  ყველაფერი ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი.

არმსტრონგმა აღნიშნა, რომ სტეიკინგის ინდუსტრიის დათრგუნვა მიმართულია სწორედ  საცალო ინვესტორების წინააღმდეგ. მან ასევე დაამატა, რომ იძულებითი რეგულირება არ მუშაობს, რადგანაც ის უბიძგებს კომპანიებს, რომ ოფშორულ ზონებში დაიმალონ, როგორც ამას FTX ბირჟა აკეთებდა.

მსგავსი აზრი გამოთქვა SEC კომისარმა ჰესტერ პირსმაც, რითაც თავისი კოლეგების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა. აქ არის მისი ციტატა: "იძულებითი ზომების გამოყენება, იმის განსამარტად, თუ რა არის კანონი განვითარებად ინდუსტრიაში, არ არის რეგულირების ეფექტური ან სამართლიანი საშუალება."

გარდა ამისა, ახლა ჩნდება კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა. შეუქმნის თუ არა პრობლემას აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია „კლასიკურ“ სტეიკინგს (მაგალითად, ETH სტეიკინგს), რომელშიც Ethereum-ის ქსელის ვალიდატორები მონაწილეობენ? ეს კითხვა ასევე ეხება შუამავლებს, რომლებიც საცალო ინვესტორებს ამაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევენ. მართლაც, იმისთვის, რომ გახდეთ Ethereum ქსელის ვალიდატორი, საჭიროა სტეიკინგზე 32 ETH გადაიტანოთ, რაც ახლა თითქმის 48 ათას დოლარს შეადგენს. ასეთი "სიამოვნების" საშუალება ყველას არ  აქვს.

ამასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა Coinbase-ის გენერალურმა იურისტმა. მან აღნიშნა, რომ Kraken-ის  ბირჟის პროდუქტებისგან განსხვავებით, Coinbase-ზე სტეიკინგი დაკავშირებულია ნამდვილ  სტეიკინგთან, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინის ფუნქციონირებისთვის. ანუ ის პრინციპულად  განსხვავებულია და შეიძლება არ აკმაყოფილებდეს Howey ტესტის კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრავს, არის თუ არა აქტივი ფასიანი ქაღალდი.

ამიტომ, დიდი ალბათობით, SEC არ შეეხება  კრიპტოვალუტების ტრადიციულ სტეიკინგს, ან, ყოველ შემთხვევაში, სასამართლოში საკუთარი ბრალდებების დამტკიცებას ვერ შეძლებს.  უნდა აღინიშნოს, რომ ჰარი გენსლერი საკმაოდ მკაცრ და უარყოფით პოზიციას ავლენს ზოგადად კრიპტოინდუსტრიიას მიმართ, თუმცა, გარკვეული კრიპტოვალუტები (მაგალითად, ბიტკოინი), მისი აზრით, მიეკუთვნება საქონლის  და არა ფასიანი ქაღალდების კატეგორიას.