მარეგულირებლები: რა უნდა იცოდეს ყველა კრიპტოინვესტორმა

ფოტო - მარეგულირებლები: რა უნდა იცოდეს ყველა კრიპტოინვესტორმა
ამ სტატიაში განხილულია კრიპტოვალუტის რეგულირების ძირითადი ასპექტები, რომლებიც ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, მათ შორის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წესები, "იცნობდე შენს კლიენტს" წესები, საგადასახადო შედეგები, რისკები და თაღლითობის ალბათობა.
ბოლო წლების განმავლობაში რეგულირება კრიპტოსამყაროში აქტუალური თემა გახდა, რადგან მთავრობები მთელს მსოფლიოში ცდილობენ გადაწყვიტონ, როგორ მოახდინონ ურთიერთქმედება ციფრულ ვალუტებთან. ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მზარდმა პოპულარობამ ინვესტორების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ სიფრთხილით უყურებს ნორმატიულ-სამართლებრივ გარემოსა და მათ ინვესტიციებზე მის პოტენციურ გავლენას.

რა უნდა იცოდეთ კრიპტოვალუტების დღევანდელი რეგულირების შესახებ?

კრიპტო მოქმედებს ტრადიციული ფინანსური სისტემების მიღმა, რაც მას მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც შემოწმების, ან რეგულირების თავიდან აცილებას ცდილობს. თუმცა, ზედამხედველობის არარსებობა აჩენს შეშფოთებას თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. შედეგად, მთავრობები ამას ყურადღებას აქცევენ და ამ სფეროს რეგულირების გზებს განიხილავენ.

კრიპტოვალუტის რეგულირება ჯერ კიდევ შედარებით ახალი და განვითარებადი სფეროა და სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მიდგომას იყენებს. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, კრიპტოვალუტა სრულად აკრძალულია. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, შეერთებულ შტატებში, არსებობს რეგულირების სხვადასხვა ხარისხი, რაც შტატზეა დამოკიდებულია. მაგალითად, ზოგიერთმა შტატმა მიიღო კანონები, რომლებიც კრიპტოკომპანიებს ლიცენზიის მიღებას ავალდებულებს, ზოგი კი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება იყო ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და "იცნობდე შენს კლიენტს" (KYC) წესების გამკაცრება. ეს წესები კრიპტოკომპანიებს ავალდებულებს, გადაამოწმონ თავიანთი მომხმარებლების ვინაობა და შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო აქტივობის შესახებ ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესები შეიძლება წარმოადგენდეს ტვირთს ბიზნესისთვის, ისინი ასევე განიხილება, როგორც აუცილებელი ნაბიჯი უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კრიპტოში ინვესტირებისას ინვესტორებს, ასევე, საგადასახადო შედეგებიც უნდა ესმოდეთ. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კრიპტო განიხილება, როგორც დასაბეგრი საკუთრება. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შედეგად მიღებული მოგება, ან ზარალი კაპიტალის ნამატზე გადასახადით იბეგრება. ინვესტორები ზედმიწევნით უნდა აღრიცხავდნენ ტრანზაქციების, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა მათი გადასახადი დეკლარირებულია. 

კიდევ ერთი სფერო, სადაც რეგულაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ინვესტორებზე, არის მონეტების საწყისი მიწოდება (ICO). ICO არის საშუალება სტარტაპებისთვის, მოაგროვონ სახსრები ინვესტორებისთვის ტოკენების მიყიდვით. თუმცა, ბევრი ICO თაღლითური იყო, ან დანაპირები არ შეასრულა. შედეგად, ზოგიერთმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები ICO-ების რეგულირებისთვის. მაგალითად, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ ბევრი ICO  ფასიან ქაღალდს წარმოადგენს და ფასიანი ქაღალდების შესახებ ფედერალურ კანონებს უნდა დაექვემდებაროს. ეს ნიშნავს, რომ ICO-ები SEC-ში უნდა დარეგისტრირდნენ და ინფორმაციის გამჟღავნების მკაცრი მოთხოვნები დაიცვან.

ინვესტორებმა ასევე კრიპტოში ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა რისკებიც უნდა გაითვალისწინონ. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური სარგებელი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, რისკებიც მაღალია. კრიპტოვალუტები ძალიან ვოლატილურია და დროის მოკლე მონაკვეთში შეიძლება ფასების მნიშვნელოვანი რყევები განიცადონ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია თავად პროექტისა და მის უკან მდგომი ადამიანების შესწავლაც. არ უნდა აჰყვეთ ემოციებს, არ გააკეთოთ ანალიზი რამდენიმე ტვიტის საფუძველზე და არ იჩქაროთ ფულის ჩადება, როგორც ეს DOGE-ის პამპის შემთხვევაში მოხდა.

და ბოლოს, მეანაბრეებმა კრიპტოსივრცეში პოტენციური თაღლითობის შესახებ უნდა იცოდნენ. კრიპტოინდუსტრიაში რეგულირების არარსებობის გამო, მრავალ თაღლითობას ჰქონდა ადგილი. ინვესტორები უნდა ერიდონ ნებისმიერ საინვესტიციო შესაძლებლობას, რომელიც მეტისმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს და ყურადღებით უნდა გამოიკვლიონ პროექტები, სანამ მათში ინვესტიციას ჩადებენ.

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და პროექტებში ინვესტირების მსურველები ნებისმიერი ახალი მოვლენის შესახებ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ნორმატიულ აქტებს შეუძლიათ, კრიპტოსივრცე უფრო გაართულონ და გააიაფონ, ისინი ასევე განიხილება, როგორც აუცილებელი ნაბიჯი ციფრული ვალუტების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. ისევე, როგორც ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაში, ინვესტორებმა უნდა იცოდნენ თანმდევი რისკებისა და პოტენციური სარგებლის შესახებ. შეინარჩუნეთ ცივი გონება და ყურადღებით შეისწავლეთ პროექტი, რომელშიც ინვესტიციის განხორციელება გსურთ. ნუ მოტყუვდებით სოციალური ქსელებით, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველა ინფლუენსერს საჯარო საფულეების გარდა აქვს ისეთებიც, რომელსაც ის სპეკულაციებზე ფულის საშოვნელად იყენებს.