Nokia 2030 წლამდე მეტავერსების ბუმს პროგნოზირებს

ფოტო - Nokia 2030 წლამდე მეტავერსების ბუმს პროგნოზირებს
სატელეკომუნიკაციო კომპანია Nokia დიდად აფასებს ისეთი მიმართულების განვითარების პერსპექტივებს, როგორიცაა მეტავერსები და ამ პროცესში უშუალო მონაწილეობას გეგმავს. Nokia მიიჩნევს, რომ მეტავერსები მოიცავენ არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ კომპანიებსაც და შემდგომში მოხდება მათი სეგმენტირება სამიზნე აუდიტორიის მიხედვით.
ევროპაში ალბათ არც თუ ბევრი ადამიანია, ვისაც Nokia-ს ბრენდის შესახებ არ სმენია. ეს ფინური კომპანია დიდი ხნის განმავლობაში (1998 წლიდან 2012 წლამდე) იყო უდავო მსოფლიო ლიდერი მობილური ტელეფონების წარმოებასა და გაყიდვებში, ასევე საკომუნიკაციო და ქსელური გადაწყვეტილებების წამყვანი მიმწოდებელი. 2012 წლიდან ვითარება გაუარესდა - მცდარი სტრატეგია იქნა არჩეული, ამიტომ Nokia-მ თავის მთავარ კონკურენტებს - Samsung-სა და Apple-ს დაუთმო, დატოვა სმარტფონების ბაზარი და გადაწყვიტა კონცენტრირება მოეხდინა საქმიანობის სხვა სფეროებზე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Nokia აკვირდება მეტავერსების სეგმენტს და სერიოზულად განიხილავს მას, როგორც გაყიდვების პერსპექტიულ არხს, რომელიც მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში პოპულარული გახდება. კომპანიამ ამ ტექნოლოგიით გამოწვეული აღტაცება და მისი მასობრივი დანერგვის დიდი პერსპექტივის მოლოდინი გააზიარა ეპიკურ ვიდეოში სახელწოდებით “Nokia Technology Vision 2030 in metaverse”, რომელიც სპეციალურად შეიქმნა და მეტავერსს მიეძღვნა. როგორც ჩანს, Nokia-მ ექსპანსიისთვის ახალი ნიშა აირჩია.

როგორია მეტავერსის განვითარების პერსპექტივები

Nokia განიხილავს მეტავერსს, როგორც საერთო ვირტუალურ სივრცეს, სადაც ციფრული და ფიზიკური სამყარო ერთიანდება უპრეცედენტო შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა თავიდან გავიაზროთ ჩვენი ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და ურთიერთობა. Nokia-ს გეგმების მიხედვით, ამ ათწლეულში, ტექნოლოგიური პროგრესისა და სხვადასხვა ინტეგრაციის წყალობით, შესაძლებელი იქნება ინოვაციების გაერთიანება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნახევარგამტარები, ნივთების ინტერნეტი (IoT), ბლოკჩეინი, ვირტუალური რეალობა (VR), აუგმენტირებული რეალობა (AR), ციფრული ტყუპები (Digital Twins), ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება (ML). ამ ტექნოლოგიების წარმატებული კომბინაცია ახალი ტრანსფორმაციული ციფრული სივრცის შექმნას გამოიწვევს. 

კვლევისა და კონსალტინგის ტექნოლოგიური ფირმა Gartner-ის მონაცემებით, 2026 წლისთვის ადამიანების 25% დღეში მინიმუმ ერთ საათს მეტავერსში გაატარებს – სამუშაოს, განათლების, სოციალიზაციის, გართობისა თუ შოპინგის მიზნით.

თანდათანობით, მეტავერსში ყოფნის დრო გაიზრდება, რადგან ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ის მოწყობილობებისგან სულ უფრო დამოუკიდებელი გახდება, როგორც ამას Nokia პროგნოზირებს და გარდაიქმნება ყოვლისმომცველ ყოფიერაბად . ეს გააჩენს უპირატესობებს, რომელიც ყველას გააოცებს. მეტავერსი  შეძლებს, წამებში გადალახოს ნებისმიერი მანძილი, გააუმჯობესოს სოციალური ინტერაქცია, განათლება, გართობა, ან შექმნას ახალი ბიზნესშესაძლებლობები ახალი ციფრული ეკონომიკისა და ვალუტების გაჩენის წყალობით. Citi-ის შეფასებით, 2030 წლისთვის მეტავერსის ეკონომიკის მთლიანი სამიზნე ბაზარი შეიძლება $8 ტრილიონიდან $13 ტრილიონამდე გაიზარდოს. ეს ინდუსტრია მომხმარებელთა ქცევას შეცვლის და სამრეწველო წარმოების ხელახალ ორიენტაციას მოახდენს.

როგორი გახდება მეტავერსი 2030 წლამდე?

მეტავერსი იქნება ციფრული და ფიზიკური სამყაროს თანდათანობითი შერწყმის შედეგი. 2030 წლამდე ის ფორმირების სტადიაში იქნება, ვინაიდან საჭირო იქნება ყველა შესაძლო ფიზიკური მოწყობილობის დაკავშირება. მთავარი ამოცანა იქნება "ადამიანი-კომპიუტერის" ინტერფეისის გაუმჯობესება ვირტუალურ სამყაროში სრული ჩაფლობის ეფექტის შესაქმნელად. ამისთვის გამოყენებული იქნება XR (გაფართოებული რეალობა) ან VR სათვალე, ან ჩაფხუტი. დისტანციური მართვის მქონე ტაქტილური უკუკავშირი, ახლად შექმნილი ინტერფეისების წყალობით, მომხმარებლებს მეტავერსში ურთიერთქმედების საშუალებას მისცემს.
 
ფიზიკურის და ციფრულის სინთეზი გულისხმობს ვირტუალურ სამყაროში რეალური ობიექტების, სისტემებისა და პროცესების დინამიური დუბლიკატების შექმნასა და ოპერირებას. სატრანსპორტო საშუალებების, საწყობებისა და საწარმოო ხაზების ციფრული დუბლიკატები (ასლები) უკვე გამოიყენება თანამედროვე ინდუსტრიული და ლოგისტიკური კომპანიების მიერ წარმოების გასაფართოებლად, ხარჯების შესამცირებლად და მუშების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 2030 წლამდე ეს ტექნოლოგია ფართოდ იქნება გამოყენებული ბიზნესში.
 
მეტავერსი საჭიროებს შესაბამისი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, თავსებადობას, სტანდარტიზაციას, იურიდიული საკითხების გადაწყვეტას და, რაც მთავარია, საიმედო და მძლავრი ქსელის განლაგებას, რომელიც მეტავერსის ფუნქციონირებას  უზრუნველყოფს.

ორ ძირითად ტექნოლოგიურ ელემენტად, რომელმაც მეტავერსის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს, Nokia თვლის Web3-სა და ღრუბლოვან გამოთვლებს. ეს შექმნის საფუძველს ყველა სექტორის ციფრული ტრანსფორმაციისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გასათვალისწინებელია, ეხება მულტიმედიის ეფექტურ გავრცელებას, რომლის გარეშეც მეტავერსი ვერ იარსებებს.

მეტავერსებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია

Nokia თვლის, რომ იქნება რამდენიმე მეტავერსი. თითოეული მოემსახურება მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტს, საწარმოებს, ან თუნდაც კონკრეტულ ინდუსტრიებს. სულ შეიძლება იყოს სამი დიდი ჯგუფი: მრეწველობა, კომპანიები და მომხმარებლები (ფიზიკური პირები).

ყველა მეტავერსს ექნება საერთო მახასიათებლები, ტექნოლოგიები, მოწყობილობები და ინტერფეისები, ასევე კავშირები ერთმანეთთან, მაგრამ იქნება განსხვავებული ბიზნეს მოდელებისა და სერვისების ნაკრების მიხედვით.
მეტავერსებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია Nokia-ს ვერსიის თანახმად, ასევე ზრდის პერსპექტივები თითოეული სექტორისთვის

მეტავერსებისა და მომხმარებლების სეგმენტაცია Nokia-ს ვერსიის თანახმად, ასევე ზრდის პერსპექტივები თითოეული სექტორისთვის

სამრეწველო სექტორი. მომდევნო რამდენიმე წელიწადში, მეტავერსში ინტეგრაციას დაიწყებენ სამრეწველო ოპერაციული ტექნოლოგიების (OT) სისტემები ოპერაციების მონიტორინგის, ანალიზისა და პირდაპირი კონტროლის მიზნით. გარდა ამისა, მრეწველობას ექნება შესაძლებლობა მოახდინოს საქმიანობის ხელახალი ფორმატირება, მიწოდებისა და მოთხოვნის მუდმივი ცვლილებების გათვალისწინებით. სამრეწველო და კორპორაციული მეტავერსები ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში იქნებიან. ინფორმაცია ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება ორივე ამ მეტავერსში, რათა დაფიქსირდეს  მთელი სასიცოცხლო ციკლი - შემუშავებიდან "თაროზე" გასაყიდად განთავსებამდე.
 
კომპანიები. XR და VR ტექნოლოგიების წყალობით, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უფრო მოწინავე ინსტრუმენტების არსებობა ხელს შეუწყობს კორპორაციული მეტავერსის ფორმირებას. მას ევალება ძირითადი სისტემების კონტროლის უზრუნველყოფა ბიზნესის პროდუქტიულობისა და პარტნიორებთან კომუნიკაციის  გაზრდისა მიზნით. ამგვარად, კომპანიის IT სისტემები მრეწველობის OT სისტემებთან ერთიანდება. 
 
მომხმარებლები. ამ მეტავერსის გარშემო უკვეა ბევრი ჰაიპი და ექსპერიმენტი, მაგრამ მისი ამჟამინდელი კონცეფცია სუსტია და გაუმჯობესებას საჭიროებს. ამ სეგმენტს აკლია საინტერესო იდეები და ეფექტური ბიზნეს მოდელები მასობრივი და პოპულარული აპლიკაციების შესაქმნელად. ასევე შეინიშნება გარკვეული პროგრესი სათამაშო და სოციალურ პროექტებში, რომლებიც VR-ზეა დაფუძნებული. თუმცა, შემდგომი წარმატება დამოკიდებული იქნება ფაქტორების ჯგუფზე: VR გარნიტურის ზომაზე, ფორმ  ფაქტორებზე და ღირებულებაზე, ასევე ერთიანი სტანდარტების შექმნაზე. ამჟამად ეს გადაუჭრელი საკითხები მომხმარებლებისთვის სრული პოტენციალის რეალიზებას უშლის ხელს. 

ქსელი და მეტავერსი

მეტავერსი, მთელი თავისი უზარმაზარი შესაძლებლობებით, ვერ გახდება წარმატებული და მასობრივი ფენომენი ქსელის კარგად გააზრებული არქიტექტურისა და სწრაფი საკომუნიკაციო არხების გარეშე. ასე რომ, ქსელი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი მეტავერსის მასობრივი გამოყენების გზაზე.
ჩვენ გვჭირდება საიმედო, მოქნილი და ძალიან მძლავრი ქსელი, ასევე არსებითი პროგრესი შეყოვნების შემცირებასა და გამტარუნარიანობისა და სიჩქარის გაზრდაში. ჩვენ ორიენტირებული ვართ 5G-ზე, მაგრამ გვჭირდება ქსელის მუდმივი ევოლუცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში, რათა მეტავერსის მთელი ეკოსისტემა წარმატებით ამუშავდეს", - ამბობს Nokia-ს სტრატეგიისა და ტექნოლოგიების მთავარი დირექტორი (CSTO) ნიშანტ ბატრა.
5G-Advanced-ისა და 6G-ის სტანდარტის მქონე, მომდევნო ათწლეულის ქსელებმა უნდა უზრუნველყონ ოპტიმალური კავშირი, უზარმაზარი სიმძლავრე და მასშტაბირება, რათა დაკმაყოფილდეს მუდმივად მზარდი მეტავერსის მოთხოვნები.
 
დღესაც კი, 5G იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მეტავერსი სმარტფონებზე სპეციალიზებული AR ყურსასმენებისა და აპლიკაციების დიდი რაოდენობის მხარდაჭერით. ხელშესახები ცვლილებები მოხდება 2025 წელს, 5G-Advanced-ის გაშლის შემდეგ. მაშინ XR ტექნოლოგია ნამდვილად "იგრიალებს". დიდი გამტარუნარიანობა და დაბალი შეყოვნება უზრუნველყოფს იდეალური ხარისხის ფოტორეალისტურ ვიზუალურ სურათს და სწრაფ ურთიერთქმედებას მეტავერსის ობიექტებთან. აპლიკაციები ნებისმიერ დროს გაუწევენ მხარდაჭერას XR მომხმარებლების დიდ რაოდენობას და მიიღებენ მეტავერსების ნებისმიერი რაოდენობისა და მათი შინაარსით ოპერირების საშუალებას.
მეტავერსის რეალიზაციისთვის საჭიროა მონაცემთა გადაცემის ახალი, უფრო პროგრესული და სწრაფი სტანდარტები

მეტავერსის რეალიზაციისთვის საჭიროა მონაცემთა გადაცემის ახალი, უფრო პროგრესული და სწრაფი სტანდარტები

თანამშრომლობა არის საერთო წარმატების საკვანძო პირობა

2030 წელს 6G-ის გამოჩენის შემდეგ, მეტავერსი კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს - ყველა მომხმარებელი გაეცნობა უაღრესად მიმზიდველ ჰოლოგრაფიულ ეფექტებს. 2030 წლამდე XR გახდება სამრეწველო სტანდარტი, რადგან სათვალეები მასობრივად იქნება წარმოებული და დაბალ ფასებში გაიყიდება. 6G თაობის უნიკალური მახასიათებლები შესაძლებელს გახდის შეიქმნას რეალურ დროში ციფრული ასლები ყველა ფიზიკური ობიექტისა თუ სუბიექტისთვის.
 
მეტავერსი გახდება გლობალური პროექტი, რომელიც მოითხოვს კოლექტიურ ძალისხმევასა და თანამშრომლობას მთელი  ეკოსისტემის მასშტაბით. იმისათვის, რომ გახდეს წარმატებული და მასობრივი მოვლენა, მეტავერსი ყველასთვის ღია უნდა იყოს, მაგრამ კარგად გააზრებული დაცვის სისტემით.
არავის არ შეუძლია, ერთპიროვნულად ფლობდეს მეტავერსს. ჩვენ გვჭირდება ნაყოფიერი თანამშრომლობა მის შესაქმნელად და მისი სრული პოტენციალის რეალიზებისთვის“, - თვლის Nokia-ს პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი პეკა ლუნდმარკი.