OneCoin-ის გრინვუდმა თაღლითობა და ფულის გათეთრება აღიარა

ფოტო - OneCoin-ის გრინვუდმა თაღლითობა და ფულის გათეთრება აღიარა
კრიპტოვალუტის პირამიდა OneCoin-ის თანადამფუძნებელმა, კარლ გრინვუდმა, რომელიც 2018 წელს დააკავეს, ბრალი აღიარა. მისი თანამზრახველი რუჟა იგნატოვა, რომელიც კრიპტოდედოფლის სახელითაა ცნობილი, დღემდე მიმალვაშია. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო $100 000-ს სთავაზობს.
16 დეკემბერს, აშშ-ის, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ  პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კარლ გრინვუდმა თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალი აღიარა. 2014 წელს, ფინანსური პირამიდის ამოქმედების დღიდან, გულუბრყვილო კლიენტებმა მასში 4 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩადეს.

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსმენის შედეგებზე საუბრისას, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორმა, დემიან უილიამსმა OneCoin-ის თაღლითობის გრანდიოზული მასშტაბები აღნიშნა. პირამიდის თანადამფუძნებლები კარლ გრინვუდი და რუჟა იგნატოვა ინვესტორებს არწმუნებდნენ, რომ მათი ტოკენი ბიტკოინის მკვლელი გახდებოდა, მაგრამ სინამდვილეში ის აბსოლუტურად უსარგებლო აღმოჩნდა.
გრინვუდის ტყუილს ერთი მიზანი ჰქონდა - აიძულებინა ჩვეულებრივი ადამიანები მთელი მსოფლიოდან, საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს (ნამდვილს ფულს) დამშვიდობებოდნენ, მას კი თავისი ჯიბეები ასობით მილიონი დოლარით გაევსო. OneCoin-ის თანადამფუძნებლის მიერ ბრალის აღიარება SDNY-ს (ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური საოლქო სასამართლო) კვირეულს ასრულებს და მკაფიო მესიჯს გზავნის: "ჩვენ მოვალთ ყველასთან, ვინც ცდილობს, კრიპტოვალუტის ეკოსისტემა თაღლითობისთვის გამოიყენოს და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიადი, ან დახვეწილი ხართ
განაცხადა უილიამსმა

როგორ მუშაობდა პირამიდა OneCoin?

რუჟა იგნატოვამ და კარლ გრინვუდმა კომპანია 2014 წელს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში დააარსეს. ის ქსელური მარკეტინგის პრინციპით ფუნქციონირებდა და კრიპტოვალუტა OneCoin-ის  გაყიდვით იყო დაკავებული.

მონეტების მფლობელები საკომისიოებს ახალი ინვესტორების მოზიდვის სანაცვლოდ იღებდნენ, რამაც პირამიდის სწრაფი განვითარება უზრუნველყო. კომპანიის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2014 წლის ბოლოდან 2016 წლის ბოლომდე კრიპტოვალუტის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა €4,037 მილიარდი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ €2,735 მილიარდს მიაღწია. სავარაუდოდ, OneCoin-ში სახსრები სამ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ჩადო. 

რა როლებს ასრულებდნენ პირამიდაში იგნატოვა და გრინვუდი? იგნატოვა კომპანიას 2017 წელს სქემებისა და სამართალდამცავი ორგანოების მსხვერპლთა თვალთახედვის არიდან გაქრობამდე ხელმძღვანელობდა. კარლ გრინვუდი გლობალური გენერალური დისტრიბუტორისა და მონეტების გაყიდვების ქსელის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მისი ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით, €20 მილიონს შეადგენდა.

თაღლითები ბიზნესს ინვესტორების მოსატყუებლად და მათი სახსრების გასაფლანგად თავიდანვე აგებდნენ. პროკურატურის პრესრელიზის მიხედვით, პირად წერილებში პირამიდის თანადამფუძნებლები OneCoin-ს უსარგებლო მონეტას, კლიენტებს კი იდიოტებს უწოდებდნენ. რუჟა იგნატოვა თავს თვლიდა "ადამიანად, რომელსაც ციფრებთან მუშაობა ნამდვილად შეუძლია" და გრინვუდს ასე მიმართავდა - "გაყიდვების ჯადოსნური მანქანა".

კომპანიის მუშაობის სქემა ასე გამოიყურებოდა: მომხმარებელს მონეტა OneCoin-ის პაკეტის ყიდვას სთავაზობდნენ, რომლის ღირებულება, ვითომ, ბაზრის მოთხოვნით იყო მხარდაჭერილი. სინამდვილეში. კრიპტოვალუტის ფასს პირამიდის დამფუძნებლები დამოუკიდებლად ადგენდნენ. ამას ბლოკჩეინის დეველოპერი კომპანიისადმი იგნატოვას მიერ მიწერილი ელექტრონული წერილი ადასტურებს.
გვინდა, ფასის ხელითა და ავტომატურად განსაზღვრის, ასევე ვაჭრობის მოცულობის კონტროლის საშუალება გვქონდეს
შემდგომში, გრინვუდისთვის გაგზავნილ წერილებში იგნატოვა ღიად საუბრობს საფონდო ბირჟით მანიპულირებაზე, ხელოვნურ ვოლატილობასა და ფასწარმოქმნის სქემაზე. შედეგად, მონეტის ღირებულება დამაჯერებლად იზრდებოდა და €0,5-დან €29,95-მდე ავიდა. იგნატოვას თქმით, ეს ყველაფერი მომხმარებლების მხრიდან ნდობის გასამყარებლად იყო საჭირო:
სჯობს, მანიპულირება მოვახდინოთ, რათა ისინი ბედნიერები იყვნენ
პირამიდის კლიენტებს არწმუნებდნენ, რომ მონეტების მოპოვება მაინინგისთვის განკუთვნილი სერვერებით ხდებოდა, რომლებიც OneCoin-ს ჰქონდა. თუმცა ეს წმინდა წყლის ტყუილი იყო. 
სინამდვილეში, ჩვენ მაინინგს არ ვახორციელებთ და ადამიანებს "ვაბოლებთ
ნათქვამია იგნატოვას ერთ-ერთ წერილში, რომელსაც ის გრინვუდს სწერს
ასევე, პირამიდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ციფრულ  საბუღალტრო წიგნს იყენებდნენ, რომელშიც ტრანზაქციები ფიქსირდება და მსოფლიო ბაზარზე OneCoin-ის აქტიურ პოპულარიზაციას ეწეოდნენ. კერძოდ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით “Coin Rush” 2016 წელს ლონდონის კომპლექსში Wembley Arena გაიმართა. 

კომპანიის ხელმძღვანელობა, რომელიც მიზნად უოლ-სტრიტის დაპყრობას ისახავდა,  ბიტკოინ-ენთუზიასტების, ფინანსური ანალიტიკოსებისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სულ უფრო მეტ კითხვას აჩენდა. გამოძიება, რომელშიც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტზე წარდგენილი ბრალდებებით დასრულდა.

კარლ გრინვუდი 2018 წელს ტაილანდში, პირად რეზიდენციაში დააკავეს. მისი ექსტრადიცია აშშ-ში განხორციელდა, სადაც ის დღემდე პატიმრობაში იმყოფება. გრინვუდმა დანაშაული ბრალდების სამ პუნქტში აღიარა, რომელთაგან თითოეული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუჟა იგნატოვა საჯაროდ 2017 წლის ბოლოდან არ გამოჩენილა. ჩინებული თაღლითის ადგილსამყოფლის შესახებ სხვადასხვა ჭორი დადის: ზოგიერთი დეტექტივი და ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის ფრანკფურტშია, სხვები კი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ აცხადებენ. გამოძიების ფედერალური ბიურო კრიპტოდედოფლის ძებნას აგრძელებს და $100 000 ჰპირდება ინფორმაციისთვის, რომელიც მის დაკავებაში დაეხმარება.

GC
GN Crypto
ავტორი