პრემაინინგი: მოტივატორი თაღლითების ხელში

ფოტო - პრემაინინგი: მოტივატორი თაღლითების ხელში
დეველოპერების გადაწყვეტილება, გამოეშვათ ტოკენების ნაწილი პროექტის საჯარო დაწყებამდე, არის მოვლენა, რომელსაც კრიპტელები ხშირად სიფრთხილით ეკიდებიან. რა არის შემდეგი - თაღლითობა, თუ ინვესტიცია სამომავლო განვითარებაში?

რისთვის მოიგონეს პრემაინინგი?

პრემაინინგის იდეას საფუძვლად დეველოპერების გუნდის მოტივაციისა და პროექტის დამფუძნებლების დაჯილდოების სურვილი უდევს. ამისათვის გარკვეული რაოდენობის ტოკენების გამოშვება ჯერ კიდევ მონეტების პირველად განთავსებამდე ხდება (Initial Coin Offering, ანუ ICO). გავიხსენოთ, როგორ სთავაზობენ კომპანიები თავიანთ თანამშრომლებს აქციებს საჯაროდ განთავსებამდე. სწორედ ასე იღებენ კრიპტოვალუტის ადრეული ინვესტორები უფლებას მონეტების გარკვეულ რაოდენობაზე პარტიიდან, რომელიც პრემაინინგის ფარგლებში გამოვიდა. ზოგადად, ეს ერთჯერადი ფენომენებია. 

კომპანიებს ასევე შეუძლიათ, განახორციელონ პრემაინინგი, რათა შექმნან რეზერვი მონეტის შემდგომი განვითარების ანაზღაურებისთვის. ხანდახან პრემაინინგის პული დაინტერესებული ინვესტორებისთვის გასაყიდადაც გამოაქვთ. აქ მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ პრემაინინგის შედეგად მიღებული მონეტები რეალურ საბაზრო ღირებულებას მხოლოდ ICO-ს შემდეგ იძენენ.

რატომ გამოდის კრიპტოსაზოგადოება პრემაინინგის წინააღმდეგ

სამწუხაროდ, პრაქტიკაში, პრემაინინგი ხშირად გულუბრყვილო კრიპტელების მოტყუების საშუალებაა. თაღლითური სქემა ასე გამოიყურება: დეველოპერები დუმან პრემაინინგის მოცულობის შესახებ, ან თუნდაც იმაზე, რომ ის საერთოდ მოხდა. ICO-მდე ინფორმაციული ტალღა გორდება, იქმნება დიდი აჟიოტაჟი, მოთხოვნა ხელოვნურად იბერება. ICO-ს შემდეგ, როდესაც „to the Moon“ ხდება, პრემაინინგის მონეტები ბაზარზე „იყრება“. დეველოპერები ხეირობენ და კურსს აგდებენ. რიგითი ინვესტორები ფინანსურ ზარალს განიცდიან. ფულის შოვნის, ან უბრალოდ თავისი სახსრების დაბრუნების შანსები მათ აღარ აქვთ, ვინაიდან მთელი პროექტი შემდგომი განვითარებისთვის კი არა, არამედ მომენტალური გამდიდრებისთვის შეიქმნა. ზოგიერთი კრიპტოანალიტიკოსი თვლის, რომ სწორედ ამ ტიპის თაღლითობამ გამოიწვია გაჭიანურებული „კრიპტოზამთარი“: მათი განვითარებისთვის საკმარისი დაფინანსება კეთილსინდისიერმა ბლოკჩეინ პროექტებმაც კი ვერ მოიზიდეს.

ასევე, პრემაინინგი ფართო კორუფციულ „შესაძლებლობებსაც“ მოიცავს. ცნობილია შემთხვევები, როდესაც კრიპტობირჟები აიძულებდნენ დეველოპერებს, გადაეცათ მონეტების ნაწილი, ტოკენის განთავსების გადახდის სახით. იდეაში, სწორედ ბირჟებმა უნდა გადაამოწმონ პროექტის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და დარწმუნდნენ, რომ დეველოპერებს მომხმარებლების მოტყუება არ სურთ. მაგრამ ზოგჯერ ზოგიერთი პლატფორმა მხოლოდ თავისი მცირე წილის მიღებითაა დაინტერესებული. ცნობილი ანეკდოტის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, შერიფს ინვესტორების პრობლემები არ ადარდებს.

პრემაინინგის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მის გარეშე დეველოპერებს ახალი კრიპტოპროექტების შექმნისა და უკვე არსებულის განვითარების სტიმული აღარ ექნებათ. ამიტომ, დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა პრემაინინგს მიმართავდა და მიმართავს. ამასთან, ჩვენ საუბარი თაღლითობაზე არაა, ინვესტორებს ოფიციალურად აცნობებენ პრემაინინგის მოცულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, კრიპტელები დარწმუნებულები არიან, რომ უმჯობესია თავი აარიდოთ პროექტებს, რომლებშიც მონეტების მნიშვნელოვანი ნაწილი პრემაინინგის დროს არის მოპოვებული. ლოგიკა კარნახობს, რომ დეცენტრალიზებული აქტივები, რომლებიც ერთ ხელში აღმოჩნდა, დაუყოვნებლივ ხდება ცენტრალიზებული და ვაჭრობით  მანიპულირების შესაძლებლობას ქმნის.