კენედი უმცროსი მზად არის, მის მხარდასაჭერად BTC მიიღოს

ფოტო - კენედი უმცროსი მზად არის, მის მხარდასაჭერად BTC მიიღოს
წამყვანმა დემოკრატმა პოლიტიკოსმა, რობერტ კენედი უმცროსმა წინასაარჩევნო შემოწირულებების ბიტკოინში მიღება დააანონსა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამერიკული ელიტის დამოკიდებულებაზე კრიპტოვალუტის მიმართ.
კენედიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა, განაცხადა, რომ მისი ოფისი წინასაარჩევნო შემოწირულებებს კრიპტოვალუტაში სიამოვნებით მიიღებს. ის დარწმუნებულია, რომ ასეთი ნაბიჯი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ისტორიული პრეცედენტი გახდება.

ასეთი დღის წესრიგი მაშინ გამოცხადდა, როდესაც ჯოზეფ ბაიდენის კონკურენტი მაიამიში კონფერენციაზე Bitcoin 2023 გამოჩნდა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ღონისძიება აშშ-ში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ მარეგულირებელ პრობლემებს ეძღვნებოდა. პოლიტიკოსის გადაწყვეტილება წინასაარჩევნო კამპანიაში შემოწირულებებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მეორეს მხრივ, კრიპტოსაზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა მაშინვე განაცხადა, რომ ახლა მათ იციან, ვის უნდა მისცენ ხმა.

კონფერენციაზე პროგრამული გამოსვლისას, დემოკრატების  კანდიდატმა გამოხატა რწმენა, რომ კრიპტოვალუტები თანასწორობის სიმბოლოა და დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების სულისკვეთებას განასახიერებს. მან თქვა: 
დღეს ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ ბიტკოინის ძალას, მხნეობასა და მოქნილობას… როგორც პრეზიდენტი, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ბიტკოინის შენახვისა და გამოყენების თქვენი უფლება ხელშეუხებელი იყოს
Robert F. Kennedy. წყარო: reddit

Robert F. Kennedy. წყარო: reddit

კენედიმ კრიპტოვალუტების მხარდაჭერის მიზეზი განმარტა და გაიხსენა ინციდენტი, როდესაც კანადის მთავრობამ გააყინა სატვირთო მანქანების მძღოლების საბანკო ანგარიშები, რომლებიც COVID-19-ის შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. რობერტ კენედის თქმით, ამ რეპრესიამ, სიტყვის თავისუფლებასთან ერთად "უფასო ფულის",  როგორც რეალური თავისუფლების საფუძვლის მნიშვნელობაც აჩვენა.

კენედის გადაწყვეტილება შემოწირულებების ბიტკოინში მიღების შესახებ კრიპტოვალუტების სამყაროში მისი პირველი ნაბიჯი როდია. სულ რამდენიმე კვირის წინ მან საჯაროდ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული 30%-იანი გადასახადი მაინერების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე. ტვიტების სერიაში კენედიმ ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტური სისტემის არსებობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან მკაფიოდ  გააჟღერა თავისი პოზიცია: ინოვაცია და პროგრესი ახლა გადაჭარბებული გადასახადებითა და რეგულაციებით ნადგურდება.

აშშ-ის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატის მიერ ციფრული შემოწირულებების მიღებას შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები. მას შეუძლია მიიზიდოს მხარდამჭერებისა და დონორების დიდი რაოდენობა, რომლებიც კრიპტოვალუტებსა და მათ ფუნდამენტურ პრინციპებს ენთუზიაზმით ეკიდებიან. დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებზე აპელირებით, კენედი იმედოვნებს, რომ მის კანდიდატურას ხმა მისცემენ ის ადამიანები, რომლებიც მის რწმენას იზიარებენ.
წინასაარჩევნო შტაბის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია შემოწირულებები BTC-ში. წყარო: kennedy24.com

წინასაარჩევნო შტაბის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია შემოწირულებები BTC-ში. წყარო: kennedy24.com

მაგრამ ეს ნაბიჯი ასევე იწვევს იურისტების შეშფოთებას. კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოტენციურ იურიდიულ და ეთიკურ პრობლემებს უხსნის კარს. ერთის მხრივ, ბლოკჩეინზე შენატანების გამჭვირვალობა საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის ბევრს ნიშნავს. მეორეს მხრივ, ჯერ გაუგებარია, როგორ გაუმკლავდება კენედის წინასაარჩევნო შტაბი იმას, რომ კრიპტოშემოწირულებები წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების არსებულ კანონებს შეესაბამებოდეს.

იურისტების თვალსაზრისით, ეს ძალიან საშიში მომენტია, რომელმაც, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს უსიამოვნებები მოუტანოს. ამერიკულ ისტებლიშმენტს ხომ ჯერ არ დავიწყებია, რომ დემოკრატიულ პარტიას ადრე ბირჟა FTX აფინანსებდა და მისი სკანდალური კრახის შემდეგ პოლიტიკოსები  პანიკაში კრიპტოშემოწირულებებს აბრუნებდნენ, რათა მათი სახელები სემ ბენკმენ-ფრიდის სახელთან არ ყოფილიყო დაკავშირებული.