კრიპტოსელებრითები ყველაფრისთვის გადაიხდიან

ფოტო - კრიპტოსელებრითები ყველაფრისთვის გადაიხდიან
ინვესტორები და მარეგულირებლები კარგ ხასიათზე სულაც არ არიან. შუაგულ კრიპტოზამთარში ისინი სატისფაქციას მხოლოდ გაკოტრებული ბირჟებისგან კი არა, არამედ კრიპტოვალუტის მხარდამჭერი ცნობილი ადამიანებისგანაც ელოდებიან.
„ჭეშმარიტების ამ წუთებში, ეს კაცები და ქალები უბრალო მოკვდავები არიან, ისევე როგორც მე და შენ. ისინი ამშვიდებენ თავის გონებას და ამაგრებენ თავიანთ ნერვებს სამი მარტივი სიტყვით - მამაცთ ბედი სწყალობთ". თავიდან კინომსახიობ მეტ დეიმონის პათოსმა Crypto.com-ის ვირუსულ ვიდეოში მაყურებელთა ხიჩხიჩი და განცვიფრება გამოიწვია. ერთი წლის თავზე, როდესაც კრიპტოვალუტის ბაზარმა დაახლოებით $2  ტრილიონი დაკარგა, კრიპტოვალუტის ბევრი მყიდველი დეიმონსა და სხვა ცნობილ ადამიანებს საკუთარ ინვესტიციების არასწორ გამოთვლებში ადანაშაულებს. რამდენად მტყუანები არიან ისინი?

სელებრითები კრიპტოვალუტის პოპულარიზაციით მიღებულ შემოსავალზე დუმდნენ

გასულ შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობი კიმ კარდაშიანი დათანხმდა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიისთვის (SEC) $1,26 მილიონის ოდენობის ჯარიმა გადაეხადა. კინოდივა EthereumMax-თან თანამშრომლობის დეტალების დამალვაში დაადანაშაულეს, რომლის მხარდამჭერ პოსტებს ის Instagram-ში 2021 წლის ზაფხულში აქვეყნებდა. კიმმა დამალა, რომ მისი აღფრთოვანება ტოკენით უანგარო სულაც არ იყო - რეკლამისთვის მან 250 ათასი დოლარი მიიღო.
 
მოგვიანებით, ინვესტორებმა ტელეწამყვან ჯიმი ფელონის, მომღერალ ჯასტინ ბიბერისა და ჩოგბურთელ სერენა უილიამსის წინააღმდეგ ჯგუფური სასამართლო სარჩელი შეიტანეს. NFT Bored Ape Yacht Club, რომელსაც ეს ვარსკვლავები პოპულარიზაციას უწევდნენ, გაუფასურდა.
ცნობილი ადამიანები და სხვა პირები სოციალურ ქსელებს იყენებენ, რათა წაახალისონ საზოგადოება ინვესტიციებში. ეს შეიძლება, უკანონო იყოს, თუ არ არის გამჟღავნებული მოწონების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ პირდაპირ, ან ირიბად გადახდილი კომპენსაციის ხასიათი, წყარო და ოდენობა
ხაზს უსვამენ SEC-ში
კრიპტობირჟა FTX -ის გაკოტრებამ მთლიანად გახსნა სიძულვილის კარიბჭე ცნობილი ადამიანების მიმართ, რომლებიც კრიპტოინვესტირებას ხელს უწყობდნენ. საკულტო მომღერალი მადონა, კინომსახიობი გვინეტ პელტროუ და ბეისბოლის დიდების დარბაზის წევრი დევიდ ორტისი ვარსკვლავების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებიც გაკოტრებულმა ინვესტორებმა სასამართლოში დაიბარეს. ასევე კანონის წინაშე პასუხს აგებენ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე ტომ ბრედი და სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომლებმაც 2021 წელს FTX-ის წილი შეიძინეს (მისი ზომა უცნობია). სარჩელებში აღნიშნულია, რომ მათ სათანადოდ არ გაამჟღავნეს თავიანთი ჩართულობა კრიპტოკომპანიებში, რომლების პოპულარიზაციასაც ეწეოდნენ.

სელებრითები ინვესტორების გაკოტრებაზე პასუხისმგებელნი იქნებიან

Gatorade-ის ბოთლი, ან Rolex-ის საათი, რომლებსაც ვარსკვლავი-ინფლუენსერების მაგალითზე ყიდულობენ, არავის დანაზოგს სერიოზულ რისკს არ უქმნის (თუმცა, გლობალური ინფლაციის ზრდასთან ერთად, სიტუაცია შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს). მაგრამ კრიპტოვალუტების სარეკლამო მხარდაჭერა "სხვა რამეა" - დარწმუნებულია SEC-ის ინტერნეტში უფლებების დაცვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯონ რიდ სტარკი. როგორც ცნობილი გახდა, SEC-მაც და აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომაც სპეციალური კრიპტოქვედანაყოფები შექმნეს. სტარკი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სელებრითი  „მარეგულირებლების ყურადღების ცენტრშია“ და აგრესიული დევნისთვის მზად უნდა იყოს.
 
ბოლო სარჩელში FTX-ის დამფუძნებლის, სემ ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ, SEC-მა განაცხადა: კრიპტობირჟის მიერ ცნობილი ადამიანების დადებითი გამოხმაურებების გამოყენება, სავარაუდოდ, თაღლითური სქემის ნაწილია. FTX-სა და სელებრითებს შორის შეთანხმებებისა და ერთობლივი ძალისხმევის ბუნება საფუძვლიანად იქნება გამოკვლეული. წარუდგენენ თუ არა მათ შესაბამის ბრალს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იცოდნენ ცნობილმა ადამიანებმა, რა კომპენსაციებს იღებდნენ, რა დოზით მონაწილეობდნენ FTX-ის აქტივობებში.
 
სამწუხაროდ, როდესაც კრიპტოკომპანიები კოტრდებიან, მათი კლიენტები ხშირად არაუზრუნველყოფილი კრედიტორები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც კომპენსაციის მისაღებად რიგში ბოლოები არიან.
როდესაც მარეგულირებლები და პროკურორები არქეოლოგიურ გათხრებს ატარებენ, რათა გაარკვიონ ვინ არის პასუხისმგებელი, პოპულარობამ ციხიდან გამოსვლის შანსი არავის უნდა მისცეს
კატეგორიულად ამტკიცებს სტარკი