SEC ახალი ამბები. 2022-2026 სტრატეგიული გეგმის პროექტი

ფოტო - SEC ახალი ამბები. 2022-2026 სტრატეგიული გეგმის პროექტი
ინვესტორების დაცვა, ბაზრების მხარდაჭერა და კაპიტალის დაგროვებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა არის მთავარი ამოცანები, რომლებსაც SEC (აშშ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია) საკუთარი თავის წინაშე აყენებს. ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ საჯარო განხილვისთვის 2022-2026 წლების სტრატეგიული გეგმა წარადგინა. რა ზომების გატარებას გეგმავს კომისია უახლოეს მომავალში?
SEC  100 ტრილიონ დოლარზე მეტ კაპიტალს აკონტროლებს, რაც  კაპიტალის გლობალური ბაზრის 38%-ის ექვივალენტურია. წამყვანი პოზიციის მიუხედავად, მარეგულირებელი განაგრძობს განვითარებას ტექნოლოგიებისა და დარგების მოდერნიზაციასთან ერთად.

„ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საზოგადოებას ჩვენს ნიჭიერ თანამშრომლებში ინვესტირების გაგრძელებით და ჩვენი სააგენტოს პოლიტიკისა და პრაქტიკის განახლებით. ამ სტრატეგიულ გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნების დახმარებით, ჩვენ დავრჩებით გამოცდილ და მტკიცე ხელად ცვალებადი სამყაროს კაპიტალის ბაზრებზე“, - განაცხადა SEC-ის თავმჯდომარემ გერი გენსლერმა.

უახლოეს მომავალში კომისია სამ ძირითად ამოცანას ისახავს მიზნად:

  • მშრომელი ოჯახებისა და ინვესტორების ინტერესების დაცვა აშშ-ის ბაზრებზე;
  • სანდო და აქტუალური ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ფორმირება;
  • კვალიფიციური თანამშრომლების მხარდაჭერა, რომლებიც აკმაყოფილებენ მარეგულირებლის მოთხოვნებს და აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია დასახული მიზნების მისაღწევად.

საბაზისო პრინციპები, რომლითაც მარეგულირებელი გეგმავს იხელმძღვანელოს მუშაობის პროცესში, იგივე რჩება. ესენია:

  • ემიტენტების მიერ ინვესტორებისთვის სრული და სანდო ინფორმაციის მიწოდება;
  • გაზრდილი პასუხისმგებლობა ბაზრის საკვანძო მონაწილეებისთვის;
  • SEC რესურსების გამოყენება ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისობის და მათი დაცვის გაკონტროლება ინვესტორების დასაცავად.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ რა ინიციატივებს ითვალისწინებს სტრატეგიული გეგმა თითოეული ამ მიზნის რეალიზებისთვის.

მომუშავე ოჯახებისა და ინვესტორების დაცვა

როგორ შეიძლება ბაზრის მონაწილეთა დაცვა? მხოლოდ თაღლითობის, მანიპულაციის და სხვა უკანონო ქმედებების სრული აღმოფხვრით. ამისათვის SEC გეგმავს:

  • განახორციელოს სამართალწარმოება და მოაწყოს შემოწმებები ცალკეულ ინვესტორებთან მიმართებაში არამართლოზომიერი ქმედებების  რისკების გამოვლენისა  და აღმოფხვრის მიზნით;
  • ბაზრისა და ინდუსტრიის მონაცემების გამოყენებას და ანალიტიკის სრულყოფას, რათა თავიდან იყოს აცილებული არამართლზომიერი ქმედებები და მათი აღმოჩენის შემთხვევაში, დროული ზომების მიღებას.  
  • ინვესტორებისთვის, მათ შორის საცალო ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და გამჟღავნების მოდერნიზაციას, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ აქტუალური ინფორმაცია დასაბუთებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.

მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან: „მთელი ფინანსური საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს თანმიმდევრულ და ეფექტურ რეგულირებას და წესების დაცვას, ორგანიზაციისა, ტექნოლოგიებისა თუ ბიზნეს მოდელის განურჩევლად.

ამავდროულად, SEC აგრძელებს ისეთი რეზონანსული საკითხის განხილვას, როგორიცაა ინვესტორებისთვის ინფორმაციის უფრო სრულყოფილი გამჟღავნება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ვირტუალური ვალუტის ბაზართან დაკავშირებით, რასაც კრიპტოზამთრის ფონზე გენსლერი გამუდმებით იმეორებს თავის გამოსვლებში.

სტრატეგიულ გეგმაში მარეგულირებელი აცხადებს მონაცემთა გამჟღავნების სტრუქტურის ტრანსფორმაციისა და მასზე წვდომის გამარტივების შესახებ. ამ ცვლილებების წყალობით, ინვესტორებს საშუალება ექნებათ მიიღონ ყველა აუცილებელი ინფორმაცია ანალიზისთვის და  გადაწყვეტილებები მკაფიო ფაქტებზე დაყრდნობით მიიღონ.

ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და დანერგვა

„ტრილიონობით დოლარის კაპიტალი ტრიალებს  ბაზრებზე ყოველდღე - თანხები, რომელთა ოდენობა წარმოუდგენელი იქნებოდა სულ რამდენიმე ათეული წლის წინ. ეს განვითარება  მარეგულირებელ და საზედამხედველო პრობლემებსქმნის, რადგანაც მსხვილი საინვესტიციო ფირმები აშშ-ს ფარგლებს საკმაოდ მნიშვნელოვნად ცდება და აშშ-ის ბაზრის ახალი მონაწილეები ცდილობენ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კანონებს გვერდი აუარონ ან თავიდან აიცილონ.

დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად, მარეგულირებელი სთავაზობს არსებული წესების და მიდგომების განახლებას ტექნოლოგიებისა და ბაზრების განვითარების გათვალისწინებით, სისტემური და ინფრასტრუქტურული რისკების აღმოფხვრის სტრატეგიების შესწავლას  და კომისიის მუშაობის ადაპტირებას ბაზრის ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი მოვლენების შესაბამისად.

SEC განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კრიპტოვალუტების, დერივატივებს და ფიქსირებული შემოსავლის ბაზრებს. ამ სეგმენტების კონტროლისთვის მეტი რესურსის გამოყოფით, მარეგულირებელი შეძლებს მუშაობისადმი მოქნილი მიდგომის ორგანიზებას და ასევე ოპერატიულად უპასუხოს ბაზარზე არსებული ვითარების ცვლილებებს.

მაღალკვალიფიციური გუნდის ფორმირება

SEC-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია ის ადამიანები, რომლებიც კომისიაში მუშაობენ. ორგანიზაცია ცდილობს ჩამოაყალიბოს ნიჭიერი და მოტივირებული პროფესიონალების გუნდი, რომლებიც სტრატეგიული გეგმის მიზნების წარმატებით განხორციელებას შეძლებენ.

რეკრუტირების პროგრამის გაუმჯობესების გარდა, კომისია გეგმავს ოფისებს შორის უფრო ხშირი როტაცია განახორციელოს, დანერგოს დისტანციური მუშაობა და გააძლიეროს შიდა კონტროლი. ხელმძვანელობას მიაჩნია, რომ თავისი ფუნქციების უნაკლოდ შესრულებისთვის, SEC უნდა გახდეს ეკონომიკურად ეფექტური, უსაფრთხო და რეზისტენტული ორგანიზაცია.

დასასრული

SEC-ის სტრატეგიული გეგმა ჩამოყალიბებულია ბაზრის სხვადასხვა მონაწილისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. მათ შორის არიან ინვესტორები, კონგრესისა და მისი კომიტეტების წევრები, მეწარმეები, მეცნიერები და ანალიტიკოსები.

კომისიას სურს, რომ მიიღოს დამატებითი გამოხმაურება 2022-2026 ფინანსური წლების  განვითარების მაქსიმალურად მკაფიო გეგმის შედგენისთვის და გამოქვეყნებული დოკუმენტის საჯარო განხილვის ინიცირებას ახდენს.