სამხრეთ კორეა მეტავერსების მხარდასაჭერად ფონდს ქმნის

ფოტო - სამხრეთ კორეა მეტავერსების მხარდასაჭერად ფონდს ქმნის
სამხრეთ კორეის მთავრობა აგრძელებს მეტავერსებისა და იმ კომპანიების სპონსორობას, რომლებიც მათ გამოყენებას აპირებენ. ცოტა ხნის წინ იქ ამოქმედდა მეტავერსის ფონდი სტარტაპების მხარდასაჭერად, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვირტუალური სივრცის ინტეგრაციას იკვლევენ.
პირველ რიგში, დაფინანსებას მიიღებენ პროექტები, რომლებიც მეტავერსის განათლებასთან, ჯანდაცვასა და ტურიზმთან  გაერთიანების შესაძლებლობებს  იკვლევენ. სამგანზომილებიანი ონლაინ სამყაროს კონცეფციის განვითარების მიზნით ფონდის შექმნა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სამხრეთ კორეა ცდილობს სხვა სახელმწიფოებს შორის, მეტავერსის დანერგვის კუთხით, ლიდერის პოზიცია დაიკავოს.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნული ბიუჯეტიდან 21 მილიონი დოლარი გამოყოფილია ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ვირტუალური რეალობის გამოყენების საჭიროებას გრძნობენ.

სამხრეთ კორეის მეტავერსის ფონდი ამოქმედდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა 30 მილიონი დოლარით დააფინანსებს მცირე კომპანიებს, რომლებიც მეტავერსებს ქმნიან.
სამხრეთ კორეის მთავრობა აგრესიულად და მტკიცედ ავითარებს ვირტუალური სივრცის დანერგვას. სხვა აზიური ქვეყნები არ უჭერენ მხარს მეტავერსებს ამ მასშტაბით და ასეთი თავდაჯერებულობით
, - ამბობს ტექნოლოგიური ექსპერტი და China Money Network-ის დამფუძნებელი Nina Xiang.

სამხრეთ კორეის დედაქალაქი მეტავერსში

2023 წლის დასაწყისში სამხრეთ კორეაში ამოქმედდა სეულის ვირტუალური ასლის პროექტი. შემუშავების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 1,6 მილიონი დოლარი გამოყო მეტავერსში ისეთი დაწესებულებების რეალიზაციისთვის, როგორიცაა საპასპორტო მაგიდა, საგადასახადო სამსახური, ახალგაზრდული ცენტრი და ფინანსური პრობლემების მქონე კომპანიებისთვის განკუთვნილი უწყება.

განვითარების მეორე ეტაპზე შესაძლებლობები გაფართოვდება. მოსახლეობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რჩევების მიღებას შეძლებს, ბიზნესმენები და მეწარმეები კი - უცხოელ და ეროვნულ ინვესტორებთან გარიგებების გაფორმებას. სეულის ვირტუალური ასლის მთავარი იდეა ადამიანებისთვის სახელმწიფო აპარატთან კომუნიკაციის გამარტივებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში მდგომარეობს. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი 2026 წელია.

2026 წლისთვის სამხრეთ კორეა მეტავერსების ცენტრი გახდება?

სამხრეთ კორეა მეტავერსის პოტენციალს 2021 წლიდან იკვლევს. სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მას შეუძლია ვირტუალური სივრცის ფიზიკურ რეალობასთან გაერთიანება ადამიანების სახელმწიფოსა და სოციუმთან უკეთესი ურთიერთქმედების მიზნით.
სამხრეთ კორეის ყოფილმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა მეტავერსს მნიშვნელოვან კონცეფციას უწოდებდნენ. მთავრობის გეგმები მოიცავს ვირტუალური სივრცისთვის მთელი ეკოსისტემის შექმნას, კერძოდ, მეტავერსთან დაკავშირებული კანონების მიღებას
, - გვახსენებს Nina Xiang.
ზოგადად, სახელმწიფო ასეთი ეკოსისტემის განვითარებაში დაახლოებით 187 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. თანხის ნაწილი გამოყოფილი იქნება უნივერსიტეტებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ვირტუალურ სამყაროებს ქმნიან. დაფინანსება განპირობებულია სამხრეთ კორეის გეგმებით, გახდეს მეტავერსების ცენტრი 2026 წლისთვის.

მთავრობას აქვს საგზაო რუკა, რომელიც გულისხმობს ვირტუალური პლატფორმების შექმნას, მათ ასამოქმედებლად საჭირო სპეციალისტების აღზრდასა და კომპანიების სტიმულირებას ციფრული სამყაროს დასანერგად.