თელ-ავივის საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტით ვაჭრობას იწყებს

ფოტო - თელ-ავივის საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტით ვაჭრობას იწყებს
ყველა მსხვილი საფონდო ბირჟა ჯიუტად არ იმჩნევს ციფრული აქტივების ბაზარს და ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უგულებელყოფს მისი არსებობის ფაქტს. მაგრამ, როგორც იქნა, ერთ-ერთმა მოთამაშემ გადაწყვიტა, მომხმარებელს მასზე წვდომა მისცეს. ეს თელ-ავივის საფონდო ბირჟაა.
თელ-ავივის საფონდო ბირჟა (Tel Aviv Stock Exchange – TASE) კლიენტებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის საშუალებას სთავაზობს და ამავდროულად, მათი რისკების მინიმიზაციისკენ ისწრაფვის.
TASE მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს პირველი საფონდო ბირჟა, რომელიც ციფრული აქტივებით ვაჭრობის სერვისებს უზრუნველყოფს

TASE მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გახდეს პირველი საფონდო ბირჟა, რომელიც ციფრული აქტივებით ვაჭრობის სერვისებს უზრუნველყოფს

TASE-ს ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელიც ისრაელში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ერთადერთ საჯარო პლატფორმას მართავს, ბირჟის მიზანია გახსნას ახალი ბაზრები თავისი ინსტრუმენტების სპექტრის გასაფართოებლად და ნება დართოს კლიენტებს არასაბანკო წევრების (NBM) კატეგორიიდან, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები შეასრულონ.

ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებებს შეუძლიათ უზრუნველყონ საინვესტიციო საკონსულტაციო მომსახურება, განახორციელონ საბროკერო ან საკონვერტაციო ოპერაციები, მაგრამ არ აქვთ უფლება მიიღონ დეპოზიტები საზოგადოებისგან, როგორც ამას საბანკო ინსტიტუტები აკეთებენ.

ახლა TASE-ს წინადადება საქმიანობის სფეროს გაფართოებისა და ახალ ბაზრებზე შესვლის შესახებ ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო განხილვისთვის წარადგინეს. ამის შემდეგ ის დასამტკიცებლად გადაეცემა TASE-ს დირექტორთა საბჭოს.

TASE წინადადების თანახმად, ვაჭრობის არასაბანკო მონაწილეებს თავიანთი კლიენტებისთვის კრიპტოვალუტების ყიდვა და გაყიდვა ლიცენზირებული კრიპტოსერვისის პროვაიდერებისა და ციფრული აქტივების შენახვის ნებართვის მქონე კასტოდიანების მეშვეობით მოუწევთ.

Როგორია პროცედურა?

კრიპტოვალუტის შესაძენად, კლიენტმა უნდა შეიტანოს ფიატური  თანხები (ისრაელის შეკელებში ან უცხოური ვალუტა) თავის NBM ანგარიშზე, რომლებიც გადაირიცხება საერთო NBM ანგარიშიდან სავაჭრო სერვისის პროვაიდერის მისამართზე. კრიპტოაქტივების შეძენის შემდეგ ისინი კასტოდიანთან ინახება. თუ კლიენტი კრიპტოვალუტის გაყიდვას გადაწყვეტს, ის გასცემს შესაბამის განკარგულებას, ხოლო სავაჭრო სერვისის პროვაიდერი ხურავს გარიგებას, რის შემდეგაც ის რიცხავს მიღებული ჯილდოს თანხას ფიატურ ვალუტაში NBM ანგარიშზე. შემდეგ, NBM-ს გადაჰყავს ჯილდო კლიენტის ანგარიშზე.

როგორია ისრაელის მარეგულირებლების პოზიცია?

კრიპტოვალუტის ბაზარზე ხანგრძლივი დაუნტრენდის შემდეგ, ბოლო წლებში, ისრაელის მარეგულირებლებმა გამოხატეს შეშფოთება ამ სფეროში რისკების არსებობასთან დაკავშირებით (საინტერესოა, ურისკო რა არის?). მარეგულირებლებმა ამაზე გაუმახვილეს ყურადღება საცალო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ციფრული აქტივებით. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მარეგულირებელმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ქვეყნის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის არალიცენზირებული ბირჟების მუშაობა, ხოლო ისრაელის ბანკმა გააფრთხილა ადგილობრივი ბანკები და ფინანსური კომპანიები, რომლებიც გადახდის ბარათების ემისიის უფლებას იძლევიან, კრიპტოვალუტურ კომპანიებთან ურთიერთობის რისკების შესახებ.

ყველა ეს სიგნალი მოწმობს, რომ ისრაელის მთავრობა ციფრული აქტივების ბაზარს განსაკუთრებული კუთხით განიხილავს, არ სურს მისი აკრძალვა, როგორც ამას ავტორიტარულ-კომუნისტური ჩინეთი აკეთებს, მაგრამ ასევე ცდილობს, არ გახადოს ის ასეთივე ღია, როგორც ვენესუელაში.

არც მწვადი დაიწვას, არც შამფური…

სწორედ ამიტომ, TASE-მა, მარეგულირებლების მიერ ბაზარზე გაგზავნილი სიგნალების გათვალისწინებით, განაცხადა, რომ კრიპტოაქტივებით ოპერაციების განხორციელების უფლებების დელეგირების წინადადება არასაბანკო დაწესებულებებზე არის მცდელობა, ერთი მხრივ, დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა ციფრულ აქტივებზე და, მეორე მხრივ, კრიპტოვალუტის აქტივობების თანმდევი რისკების მინიმუმამდე შეამციროს. ეს ძალიან მოგვაგონებს კომპრომისის პოვნის მცდელობას, რათა არც მწვადი დაიწვას, არც შამფური. მარეგულირებლებსაც არანაირი პრეტენზია არ ექნებათ.

ერთ დროს TASE-მა შეიმუშავა განვითარების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ბირჟის ღიაობას ციფრული აქტივების ბაზრისთვის და სწრაფვას შექმნას ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის უახლოეს მომავალში. ყველა ეს გეგმა ოფიციალურად არის დაფიქსირებული ცალკე დოკუმენტში.

მთავარი TASE-ს განვითარების სტრატეგიაში

პრიორიტეტი No1 არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმის შექმნა ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის. ეს არის ერთი იმ ოთხი მსხვილი სტრატეგიული მიზნიდან, რომელიც დაფიქსირებულია დოკუმენტში, რომელიც ასევე შეიცავს TASE-ის განვითარების საგზაო რუკასაც მომდევნო ხუთი წლისთვის.

კონკრეტული სტრატეგიის ფარგლებში, TASE გეგმავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე განაწილებული რეესტრების (DLT), როგორც მონაცემთა უცვლელობის გარანტიის მექანიზმის გამოყენების შესწავლას. ბირჟა პერსპექტიულად თვლის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა აქტივების ტოკენიზაცია, სმარტ  კონტრაქტების გამოყენება და ასევე ცდილობს კრიპტოვალუტური პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალის დანერგვას.

რა სარგებელს მიიღებს ბაზარი?

TASE მიიჩნევს, რომ ისრაელის კაპიტალის ბაზრის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს. ამავდროულად, ახალი მექანიზმი ისრაელის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ და გაყიდონ ციფრული აქტივები ლიცენზირებული ინსტიტუტების მეშვეობით. ახალი წესები ხელს შეუწყობს ისრაელის კაპიტალის ბაზრის განვითარებას, წაახალისებს ინოვაციასა და კონკურენციას, ამავდროულად ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს.