ფინანსური ბაზრების გაციფრულება: პრობლემები და უპირატესობები

ფოტო - ფინანსური ბაზრების გაციფრულება: პრობლემები და უპირატესობები
ციფრული ფასიანი ქაღალდები ჩანასახისა და ტესტირების ეტაპზეა, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მათ შეუძლიათ, გლობალური ფინანსური ბაზრის სტრუქტურა შეცვალონ.
მიუხედავად იმისა, რომ დიგიტალიზაცია ეკონომიკური სისტემის ნაწილი გახდა, ის სრულად გაშლილი ჯერ კიდევ არ არის. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ფინანსურ ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს მყარი ფუნდამენტი უსაფრთხო, სტაბილური, მაღალი მასშტაბირების მქონე ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის სახით, რომელიც შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებით არის მხარდაჭერილი.

ბევრ ქვეყანაში მარეგულირებელი ორგანოები სწორედ ამ საკითხითაა დაკავებული. მაგალითად, ევროკავშირის მარეგულირებლები ციფრული ბაზრების ერთიანი სამართლებრივი  ნორმების ჩამოყალიბებაზე მუშაობენ. 2022 წლის ოქტომბერში მათ ხელი მოაწერეს კრიპტოვალუტის რეგულირების კანონპროექტს MiCA. გარკვეული ნორმატიულ სამართლებრივი ბაზა უკვე მიღებულია (გერმანიის კანონი ელექტრონული ფასიანი ქაღალდების შესახებ, ლუქსემბურგის კანონი ციფრული ემისიების შესახებ, ინიციატივა EU4Digital, ევროკავშირის კანონი ციფრული ბაზრების შესახებ და სხვა).

მაგრამ ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფინანსური ბაზრების დიგიტალიზაცია უფრო ტექნოლოგიურ დონეზე გადავიდეს. ახალი სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება დამკვიდრებული „გაჭიანურებული ბიუროკრატიის“ გაკრიტიკება, ახალი ბიზნეს მოდელების რეალიზაცია, რომლებიც უახლოეს მომავალს დაეყრდნობიან და ბაზრების სანდოობას უზრუნველყოფენ.

„მარეგულირებლების მიერ კანონების შემუშავება პოზიტიური ნიშანია იმისა, რომ ბაზრები გაციფრულებისკენ თავისუფლად მიიწევენ. თუმცა, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის ინოვაციური ელექტრონული შესაძლებლობების ნელი დანერგვა შეინიშნება. ამავდროულად, დიგიტალიზაციის პროგრესი ახალი ტექნოლოგიების მისაღებად მათ მზადყოფნაზეა დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბლოკჩეინში ინვესტიციას აქტიურად ფინანსური ინსტიტუტების მხოლოდ 10-15% დებს, თუმცა ბევრი ციფრული ფასიანი ქაღალდების შექმნას გეგმავს", - წერს მედიაში Ledger Insights Deutsche Börse Group-ის ახალი ციფრული ბაზრების განყოფილება Clearstream-ის ხელმძღვანელი იენს ჰახმაისტერი.

ექსპერტის აზრით, ეს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების სიძვირესთან არის დაკავშირებული, რადგან მოძველებული ინფრასტრუქტურიდან უფრო თანამედროვეზე გადასვლისას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორივეს მხარდაჭერა მოგიწევთ. გარდა ამისა, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ციფრული მიზნების მისაღწევად გაწეული ძალისხმევა გაამართლებს და თავის თავს აანაზღაურებს.

ეს პროცესი თავდაჯერებულობასა და ნოვატორულ თვალთახედვას, ასევე ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საჭიროებაში სკეპტიკოსების დარწმუნების უნარს მოითხოვს. ფინანსური ინდუსტრიის დიგიტალიზაციის ევოლუციისთვის გამბედაობაა საჭირო. თუმცა, ციფრული ფასიანი ქაღალდების პრაქტიკულმა გამოყენებამ აჩვენა, რომ ბლოკჩეინი და სხვა ტიპის განაწილებული რეესტრები  ფინანსურ ოპერაციებს აუმჯობესებენ.

„ტოკენიზაცია ფასიანი ქაღალდების ყიდვისა და გაყიდვის სიჩქარეს ზრდის, ლიკვიდურობაზე დადებითად მოქმედებს, ტრანზაქციის დროსა და ხარჯებს ამცირებს. ფინანსური დაწესებულებები უნდა დაფიქრდნენ, როგორ გადაჭრან ინდუსტრიის ყველაზე სახასიათო პრობლემები ბლოკჩეინის გამოყენებით,” - თვლის Broadridge-ის ციფრული ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელი ჰორაციო ბარაკატი.

ამ სიტყვებს დაეთანხმებიან შვეიცარიული ბანკების Credit Suisse, Pictet და Vontobel წარმომადგენლები, რომლებმაც მიმდინარე წლის დეკემბერში ფასიანი ქაღალდების ტოკენიზაცია წარმატებით გატესტეს. ასევე მათ ბანკი JPMorgan დაადასტურებს, რომელიც თავის პროცესებში ბლოკჩეინის გამოყენებას გეგმავს, ისინი გულგრილს არც ისრაელის მთავრობას დატოვებს, რომელიც ბლოკჩეინზე სახელმწიფო ობლიგაციებს ტესტავს.

გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება, დავასკვნათ, რომ დიგიტალიზაცია ოპერაციულ ეფექტურობას აუმჯობესებს, რითაც ბაზრების მოგებას ზრდის. ფინანსური ამოცანების შესასრულებლად განაწილებულ რეესტრებზე გადასვლა ასევე მომხმარებლის გამოცდილებას აუმჯობესებს, საბანკო და საბირჟო მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და ლიკვიდურს ხდის.

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექნოლოგია უნდა იყოს არა თვითმიზანი, არამედ მხოლოდ პრობლემებისა და მომხმარებლის რეალური საჭიროებების გადაჭრის საშუალება.