რაში სჭირდება კრიპტოპროექტებს სმარტ კონტრაქტის აუდიტი?

ფოტო - რაში სჭირდება კრიპტოპროექტებს სმარტ კონტრაქტის აუდიტი?
სმარტ კონტრაქტის აუდიტი არის პროცედურა, რომელიც გულისხმობს სმარტ კონტრაქტის კოდის შემოწმებასა და ტესტირებას, შესაძლო პრობლემების, ან მოწყვლადობის გამოვლენის მიზნით.
მაგრამ ჯერ გავერკვიოთ, რა არის სმარტ კონტრაქტები.

სმარტ კონტრაქტები პროგრამული კოდების ნაკრებია, რომლებიც ავტომატურად ასრულებენ კონტრაქტის პირობებს, გარკვეული წინაპირობების დაცვით.

მათ შეუძლიათ, გაზარდონ ეფექტურობა და შეამცირონ შუამავლების საჭიროება სხვადასხვა დარგში, რადგან ისინი თვითშესრულებადია და დეცენტრალიზებულ ქსელში მოქმედებენ. სმარტ კონტრაქტები განლაგებულია ბლოკჩეინის ქსელებზე, პროტოკოლების დაცვის და წინასწარ განსაზღვრული კონტრაქტების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.

მეორე მხრივ, სმარტ კონტრაქტები შეიძლება იყოს რთული და გაუგებარი გამოცდილი პროგრამისტებისთვისაც კი. ეს სირთულე უსაფრთხოების სისტემას უქმნის რამდენიმე პოტენციურ რისკსა და მოწყვლადობას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კონტრაქტის შესრულებაზე.

ამ მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოების საფუძვლიანი და საიმედო აუდიტის ჩატარება, სანამ მათი განთავსება მთავარ ქსელში მოხდება.

რა არის სმარტ კონტრაქტის აუდიტი?

სმარტ კონტრაქტების აუდიტი არის პროცესი, რომელიც მოიცავს ბლოკჩეინთან ურთიერთქმედებისას კონტრაქტებში გამოყენებული კოდის კომპლექსურ და სისტემატურ ანალიზს. ეს პროცესი განკუთვნილია კოდში შეცდომების, ტექნიკური პრობლემებისა და უსაფრთხოების ხარვეზების მოსაძებნად, რამაც შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. სმარტ კონტრაქტის უსაფრთხოების აუდიტორები კოდის საფუძვლიან ანალიზს ატარებენ და კონტრაქტის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს წარადგენენ. მათ მიერ მომზადებული ანგარიში შეიცავს ყველა ხარვეზისა და შემოთავაზებული ცვლილებების დეტალურ აღწერას.

სმარტ კონტრაქტის ინტელექტუალური აუდიტი არ იძლევა შეცდომებისა და მოწყვლადობის სრული არარსებობის გარანტიას, მაგრამ ის სმარტ კონტრაქტის უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს, რადგან ის ტექნიკური ექსპერტების მიერ მოწმდება.

სმარტ კონტრაქტების აუდიტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონტრაქტები ეხება ღირებულ ობიექტებსა და ფინანსურ აქტივებს, რომლებიც შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, თუ მათ უსაფრთხოებაზე არასაკმარისი კონტროლი იქნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი სმარტ კონტრაქტის აუდიტი?

უსაფრთხოება არის ერთ-ერთი საკვანძო პრობლემა, რომელიც სმარტ კონტრაქტების ფართო დანერგვას აფერხებს. არაეფექტურობასთან, უსაფრთხოების შესაძლო რისკებსა და კონტრაქტის არასწორ ქცევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს გაუმჯობესებული სმარტ კონტრაქტის შემუშავებისთვის დამატებითი ხარჯები და უარეს შემთხვევაში, ჰაკერული გატეხა, რომლის დროს პროექტებმა შეიძლება დაკარგონ ყველა საკუთარი და სხვისი სახსრები. 

სმარტ კონტრაქტის აუდიტის ჩატარებას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს, რადგან ის საშუალებას გაძლევთ, გამოავლინოთ შეცდომები და კოდში არსებული მოწყვლადობა. ასევე, აუდიტის რეკომენდაციების მიხედვით, კომპანიას შეუძლია კოდის ოპტიმიზაცია, რაც პროდუქტიულობას გააუმჯობესებს, ხარჯებს შეამცირებს და ჰაკერების შეტევებისგან დაცვას გაზრდის.

სმარტ კონტრაქტების აუდიტის მსხვილი კომპანიებია: Certik, Hacken, Slowmist, Quantstamp, Consensys Diligence და სხვა.
Polygon-ის პროექტის აუდიტი, რომელიც Certik-მა ჩაატარა

Polygon-ის პროექტის აუდიტი, რომელიც Certik-მა ჩაატარა

როგორც ამ მაგალითში ხედავთ, პროექტს აქვს უსაფრთხოების მაღალი შეფასება, უფრო დეტალურად აუდიტის გაცნობა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

შევაჯამოთ. აუდიტის მიზანია დავრწმუნდეთ, რომ კოდი ფუნქციონირებს ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო და არ შეიცავს შეცდომებს, ან უსაფრთხოების ხარვეზებს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სმარტ კონტრაქტის უსაფრთხოებასა და იმ მონაცემთა მთლიანობას, რომლებთანაც მუშაობს.

რბ