ბიტკოინის ფასზე მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა

ფოტო - ბიტკოინის ფასზე მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა
კრიპტოვალუტის მედიამ უფრო მეტად დაიწყო გლობალური ეკონომიკის თემის გაშუქება და ეს შემთხვევითი არ არის. კრიპტოვალუტურმა ბაზარმა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებებზე რეაგირება დაიწყო და თავად ბიტკოინს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქვს ძლიერი კორელაცია S&P 500 ინდექსთან. როგორ მოქმედებს რეალურად მაკროეკონომიკური ფაქტორები კრიპტოვალუტების ფასზე?

როგორ და რატომ გაჩნდა კორელაცია

არსებობს მოსაზრება, რომ კრიპტოვალუტურმა ბაზარმა დაიწყო საფონდო ბირჟასთან კორელაციის ჩვენება ინსტიტუციური ინვესტორების მოსვლის შემდეგ. და ეს ლოგიკურია, რადგანაც კომპანიები, რომლებიც ადრე იყენებდნენ გარკვეულ საინვესტიციო სტრატეგიას საფონდო ბაზარზე, ახლა იყენებენ მას კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. გადაწყვეტილებების მიღება კი, მათ მიერ, მოგეხსენებათ, უპირველეს ყოვლისა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე ხდება.

ეს ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი რყევების  პერიოდში, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან იყო დაკავშირებული. 2020 წელს, ლოკდაუნებით  გამოწვეული მძიმე ეკონომიკური შედეგების თავიდან ასაცილებლად, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა შეემსუბუქებინა მონეტარული პოლიტიკა და ფულის საბეჭდი დაზგა ჩართო, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეეძლო გამოეწვია (და გამოიწვია კიდეც) მნიშვნელოვანი ინფლაცია. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ძირითადად შეერთებული შტატების სტატისტიკას ეფუძნება, რადგანაც ის მსოფლიოში პირველი ეკონომიკაა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთების გრაფიკი წყარო: Investing.com

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთების გრაფიკი წყარო: Investing.com

სწორედ 2020 წელს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) მნიშვნელოვნად შეამცირა საროცენტო განაკვეთი (100 საბაზისო პუნქტით) და შეინარჩუნა ის 0,25%-ზე 2021 წლის ბოლომდე. ამ პერიოდში ბაზარზე სულ უფრო მეტი ფული შედის, რამაც საფონდო ბირჟისა და კრიპტოვალუტების  ბაზრის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. მაგრამ ინფლაციაც გაიზარდა. სხვათა შორის, მან მიაღწია ბოლო 40 წლის უმაღლეს ნიშნულს. ანუ, ცოტა ზედმეტი მოუვიდათ.

ქვემოთ მოცემულია S&P 500-ისა და ბიტკოინის გრაფიკები 2020 წლიდან დღემდე. ასე, 2022 წელს ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ბიტკოინის ფასის გაცილებით ძლიერი ვარდნა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის უფრო ვოლატიური აქტივია და მეორეც, კრიპტოვალუტურ ბაზარზე არსებული ფაქტორების გამო, როგორიცაა Terra Luna-ს დაცემა და FTX ბირჟის ჩამოშლა.
გრაფიკი S&P 500 წყარო: Trading View

გრაფიკი S&P 500 წყარო: Trading View

ბიტკოინის გრაფიკი წყარო: Trading View

ბიტკოინის გრაფიკი წყარო: Trading View

თამაში დასწრებაზე

ინფლაციაზე ძირითადი მარეგულირებელი გავლენა ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარულ პოლიტიკას აქვს. საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან ზრდა (ფაქტობრივად, სესხების საპროცენტო განაკვეთის) არეგულირებს ინფლაციას, ანუ მიმოქცევაში არსებული ფულის ღირებულებას ან მის რაოდენობას. რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო ძვირდება ფული და შესაბამისად მცირდება ინფლაცია. პირიქით, საპროცენტო  განაკვეთის შემცირება იწვევს ფულის გამონთავისუფლებას და ინფლაციის ზრდას.

ლოგიკური ჩანს, რომ სარეზერვო სისტემის საპროცენტო  განაკვეთის გაზრდის შესახებ ყოველი განცხადების შემდეგ, ბიტკოინის ფასი უნდა დაეცეს, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე ნაკლები ფული გაედინება. თუმცა, ხშირად კრიპტოვალუტა უბრალოდ განიცდის მცირე (კრიპტოვალუტური ბაზრისთვის) ტურბულენტობას და მისი ფასი ძალიან სწრაფად სტაბილიზირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ რეალურად ბიტკოინის ფასი ახლა ბევრად ადრე ყალიბდება, სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე. ანუ, ხდება თამაში დასწრებაზე. მეორეს მხრივ, რეაქცია საპროცენტო  განაკვეთის გამოცხადებაზე არის ბაზრის წინასწარი რეაქცია იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს სარეზერვო სისტემის ქმედებების გამო. გამოდის, რომ ეს არის ორმაგი თამაში დასწრებაზე.
აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსი წყარო: Investing.com

აშშ-ის სამომხმარებლო ფასების ინდექსი წყარო: Investing.com

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ეს, თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ რის საფუძველზე იღებს ფედერალური სარეზერვო სისტემა გადაწყვეტილებას საპროცენტო განაკვეთზე. სინამდვილეში, სარეზერვო სისტემა ხელმძღვანელობს რთული მათემატიკური გამოთვლებით და ითვალისწინებს ბევრ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს, მაგრამ ყველაზე მეტად მარეგულირებელი ყურადღებას აქცევს სამომხმარებლო ფასების ინდექსს (ინფლაციის საზომი) და უმუშევრობის დონეს. თუ ფასები მუდმივად იზრდება, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, მაგრამ გონივრულ ფარგლებში, რათა უმუშევრობის მაღალი დონე თავიდან იყოს აცილებული. ანუ, თუ შრომის ბაზარი საკმარისად ძლიერია, მაშინ ფედერალური სარეზევრო სისტემა თავს არ შეიკავებს. ამიტომ მარკეტმეიკერი ითვალისწინებს ამ და სხვა ეკონომიკურ ფაქტორებს (მაგალითად, მშპ) და იღებს გადაწყვეტილებას ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე.

 გარდა ამისა, კრიპტოვალუტური ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს სარეზევრო სისტემის ხელმძღვანელის განცხადებებს. თუ მისი რიტორიკა "ქორული" გახდა ?, მაშინ საპროცენტო  განაკვეთის შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო თუ "მტრედული" ?️, მაშინ მონეტარული პოლიტიკის შერბილება იქნება. თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ იმის გაგება, თუ რა ნიშნულზე შეიძლება შეჩერდეს ფედერალური სარეზერვო სისტემა.

ყველაფერი რთულადაა

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები ნამდვილად ახდენენ გავლენას ბიტკოინის ფასზე, მაგრამ ეს გავლენა არ არის აბსოლუტური. კრიპტოვალუტის ბაზარს ბევრი საკუთარი ფაქტორი აქვს და ზოგიერთი მათგანი ამ სტატიის პირველ თავში იყო ნახსენები. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული საერთაშორისო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტების რეგულირებაზე, განსაკუთრებით 2022 წლის მძიმე დათვური ბაზრის შემდეგ, რომელიც სავსეა ნეგატიური მოვლენებით.

ბიტკოინი რჩება საკმაოდ ვოლატილურ აქტივად, რომლითაც მანიპულირებაა შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, მათი პროგნოზირება შეუძლებელია. მაგალითად, შეიძლება შეიქმნას ფასების მოძრაობა “დინების წინააღმდეგ“ (contrarian investing), რაც იწვევს ტრეიდერების პოზიციების ლიკვიდაციას, და, თავის მხრივ, ფასს საპირისპირო მიმართულებით ამოძრავებს. მსგავსი სიტუაცია ჩვენ აღვწერეთ სტატიაში ბიტკოინის მოულოდნელი  ზრდის შესახებ.