Unus Sed Leo (LEO) utility-ტოკენია, რომელიც მხარს უჭერს ჰონგ-კონგში დაფუძნებული და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული კორპორაციის, iFinex-ის ეკოსისტემას. ამოქმედდა 2019 წელს ერთდროულად ორ ბლოკჩეინზე - Ethereum-სა (მონეტების 64%) და EOS-ზე (36%).
LEO მკაფიოდ განსაზღვრული უტილიტარობით გამოირჩევა. ის კრიპტობირჟა BitFinex-ის (IFINEX–ის ერთ-ერთი მთავარი პროექტი) დეფიციტის დასაფარად და ამ პლატფორმის მომხმარებლების ხარჯების შესამცირებლად არის საჭირო. მაგალითად, Unus Sed Leo ტოკენის მფლობელებისთვის კრიპტოვალუტით ვაჭრობის საკომისიოზე 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
ასევე ტოკენების მფლობელები სარგებელსა და პრივილეგიებს იღებენ IFINEX-ის სხვა პროდუქტების (Ethfinex Troundless, Eosfinex, Dazaar და ა.შ.) გამოყენებითაც.
Unus Sed Leo ტოკენის განყოფილება კრიპტობირჟა Bitfinex-ის ვებგვერდზე
ტოკენ LEO-ს შექმნის ისტორია
2018 წელს Bitfinex-მა $850 მილიონი დაკარგა. ეს მოხდა Crypto Capital-ის პლატფორმის კოლაფსის ფონზე, რომლის გადახდის სერვისებით კრიპტოვალუტური ბირჟა სარგებლობდა. ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის, კერძოდ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა Crypto Capital-ი ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს და თანხები ჩამოართვეს. გარდა ამისა, აშშ-ის პროკურორებმა განაცხადეს, რომ iFinex მისი სხვა შვილობილი Tether-ის (USDT) რეზერვების ხარჯზე ცდილობდა, აენაზღაურებინა ზარალი, რომელიც მას გადახდის პროცესორთან თანამშრომლობის ფონზე მიადგა.
Bitfinex-ის მშობელ კომპანიას ესმოდა, რომ მომხმარებლებს ფულს სწრაფად ვერ დაუბრუნებდა და თავისი რეპუტაციის აღდგენის მიზნით, გამოუშვა LEO ტოკენი, რომლის განსაკუთრებული ტოკენომიკის ხარჯზე ფინანსური ზარალი უნდა ანაზღაურებულიყო. iFinex-მა ინვესტორებს შორის პირველადი საბირჟო მიწოდების (IEO) მეშვეობით ტოკენების დახურული გაყიდვა ჩაატარა.
LEO-ს ტოკენომიკა
ტოკენს აქვს გამორჩეული მახასიათებელი - რაღაც მომენტში ბაზარზე არც ერთი LEO მონეტა აღარ დარჩება. როგორც თქვენ ალბათ მიხვდებოდით, ეს აქტივის გამოშვების მეშვეობით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გეგმასთან არის დაკავშირებული.
Unus Sed Leo-ს ფუნქციონირების ვადა შეზღუდულია, რადგან iFinex-მა ტოკენის სმარტ კონტრაქტში გაწერა დაწვის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს მანამ, სანამ მიმოქცევაში არსებული მიწოდება არ გაქრება. ყოველთვიურად, iFinex ყიდულობს LEO ტოკენებს, რომელთა ღირებულება წინა 30 დღის განმავლობაში მისი შემოსავლის მინიმუმ 27%-ს შეადგენს, შემდეგ კი წვავს მათ.
დამწვარი ტოკენების რაოდენობის ინფოგრაფიკა დღეების მიხედვით. წყარო — Bitfinex
პირველადი გაყიდვისას ერთი Unus Sed Leo-ს ღირებულება $1-ს შეადგენდა და სულ 1 მილიარდი ტოკენი გაიყიდა. სტატიის მომზადების მომენტში LEO-ს ფასი 3,38 დოლარს შეადგენდა. ტოკენის კაპიტალიზაციამ 3,1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რის გამოც მან CoinMarketCap-ის კრიპტოვალუტების რეიტინგში 23-ე ადგილი დაიკავა. 2023 წლის აპრილის მონაცემებით, ბაზარზე მიმოქცევაშია 930 მილიონი LEO.
რატომ Unus Sed Leo?
ლათინურიდან "unus sed leo" ითარგმნება როგორც "ერთი, მაგრამ ლომი". ტოკენის სახელი არის მინიშნება ეზოპეს იგავზე, რომელშიც ღორი ტრაბახობს ლომის წინაშე გოჭების რაოდენობით, შემდეგ კი ეკითხება მას, თუ რამდენი ბოკვერი ჰყავს. ამ კითხვას ლომი ასე პასუხობს: "unus sed leo".
ტოკენის სახელწოდების წარმოშობა შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ შემქმნელებმა ის იმ უსარგებლო იაფი ტოკენების უზარმაზარ რაოდენობას დაუპირისპირეს, რომლებიც ბაზარზე ჩნდებიან. შესაძლოა, ეს კავშირშია რაოდენობაზე ხარისხის უპირატესობის იდეოლოგიასთან. ეს გამოთქმა ასევე iFinex კორპორაციის სლოგანია.