Chia "მწვანე" კრიპტოვალუტაა, რომელიც BitTorrent-ის შემოქმედმა, ბრემ კოენმა შექმნა. მისი ენერგოეფექტურობა უზრუნველყოფილია განსაკუთრებული პროტოკოლით PoST.
რა არის Chia?
ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, ჩვეულებრივი ადამიანი უპასუხებს - მოდური სუპერსაკვები. აცტეკების ძირითად საკვები, სიმინდთან ერთად - უპასუხებს ისტორიის მცოდნე. "Chia?" "მწვანე კრიპტოვალუტა!" - დაიძახებს კრიპტანი. და ისიც მართალი იქნება.
Chia-ს ბიტკოინის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას უწოდებენ. მაგალითად, ბიტკოინის მაინინგი ენერგომოცულობითი გამოთვლითი პროცესის გამოყენებას ითვალისწინებს. Chia-ს ახალი მონეტების გენერაციისთვის კი განსაკუთრებული კონსენსუსის ალგორითმი Proof-of-Space-and-Time (PoST) მოიგონეს. ის შედარებით მცირე რაოდენობით ენერგიას მოითხოვს.
როგორ მუშაობს PoST?
Chia Network-ში Chia-ს მაინინგის პროცესს "ფერმერობა" ეწოდება (ითვლება, რომ ეს კრიპტოვალუტა კი არ მოიპოვება, არამედ კულტივირდება). ფერმერის რესურსი პერსონალური კომპიუტერის მყარ დისკზე თავისუფალი ადგილია. PoST ადასტურებს, რომ მონაცემების გარკვეული მასივი მომხმარებლის კომპიუტერში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიზიკურად ინახებოდა.
ის სრულად ნულიდან იყო შემუშავებული, რათა ყოფილიყო ისეთივე უსაფრთხო, როგორც კონსენსუსი Proof of Wook, მაგრამ ბევრად უფრო დეცენტრალიზებული. ამასთან, PoST-ში უსაფრთხოების ერთეულზე ენერგიის მოხმარება 1000-10000-ჯერ ნაკლებია, - აცხადებენ დეველოპერები.
ვინ შექმნა Chia?
Chia გამოიგონა ბრემ კოენმა, პროგრამისტმა, რომელმაც სახელი ფაილების გაზიარების პროტოკოლ BitTorrent-ით უკვე მოიხვეჭა. 2017 წელს მან Chia Network Inc დააარსა. 2021 წლის მაისში Chia Network-მა $61 მილიონის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა და დაახლოებით $500 მილიონად შეფასდა. მაშინვე საუბარი გარდაუვალ IPO-ზე ჩამოვარდა. მაგრამ ჯერ ეს გეგმები არ განხორციელებულა. როგორც ვხედავთ, Chia კრიპტოვალუტის მაღალკონკურენტუნარიან ბაზარს ხარული ციკლის დროს შეუერთდა. ქსელის ამოქმედებისთანავე Chia-ს (XCH) ფასი დაახლოებით $1600-მდე ავარდა, მაგრამ ივნისის ბოლოს ის $230-ს შეადგენდა. დღეს Chia-ს (XCH) საბაზრო კაპიტალიზაცია $289.4 მილიონია. 2023 წლის იანვარში Chia $28.72 – $45.9/XCH დიაპაზონში ივაჭრებოდა. XCH-ის მაქსიმალური ფასი დათვურ 2022 წელს $86.5-ს შეადგენდა.
Chia-ს ფასის დინამიკა 2022 წელს
წყარო: Binance
რა არის Chia-ს უპირატესობები?
ბიტკოინისგან განსხვავებით, რომლის მოპოვება მაინინგ მანქანებით ხდება, Chia-ს მოსაყვანად რაიმე კონკრეტული აღჭურვილობა საჭირო არ არის. „ჩვენ შევიმუშავეთ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა იმ მიზნით, რომ ის ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, ვისაც ინტერნეტით სარგებლობა შეუძლია“, - ამბობს ბრემ კოენი. ვინაიდან „ფერმერობა“ დამატებით ენერგიას არ საჭიროებს, Chia-ს მოყვანა, ფაქტობრივად, ფანჯრის რაფაზეა შესაძლებელი. დაიწყეთ პერსონალური კომპიუტერით, ან ლეპტოპით. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, არის 1.5GHz პროცესორი, 2GB ოპერატიული მეხსიერება და SSD, ან 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი.
Chia-ს ემისიის თავისებურებები
Chia-ს ემისია შეუზღუდავია. პირველ ბლოკში 21 მილიონი მონეტის მოცულობის პრემაინინგია. ის Chia Network-ის საკუთრებაა. ფერმერების ჯილდოები ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ნახევრდება. Chia-ს კულტივირების სიჩქარე ამოქმედების შემდეგ საათში დაახლოებით 390 მონეტას შეადგენდა. მასობრივი ფარმინგის დაწყების მე-12 წელს ერთ საათში 30-მდე მონეტის მოყვანა იქნება შესაძლებელი. ამგვარმა სქემამ, კოენისა და Chia Network-ის სხვა მფლობელების გათვლებით, ფერმერებს Chia კულტივაციის მოტივაცია უნდა გაუჩინოს.
Chia-ს მოყვანის რისკები
Chia Network-ის ამოქმედების ეტაპზე გლობალურ ბაზარზე ვინჩესტერებზე დიდი მოთხოვნა იყო. ამ ტრენდის შესახებ ინფორმაცია მყარი დისკის მთავარი მწარმოებლებმა Western Digital და Seagate გაავრცელეს. მათი აქციები მკვეთრად გაიზარდა, Chia-ს მოყვანის პროცესი კი საგრძნობლად გაძვირდა. ახლა, გასაგები მიზეზების გამო, აჟიოტაჟი ჩაცხრა. მაგრამ გაჩნდა სხვა პრობლემა - დისკების სწრაფი ცვეთა XCH ფარმინგის შედეგად. ამ მიზეზით, ღრუბლოვანი ჰოსტინგის გერმანულმა პროვაიდერმა Hetzner თავის სერვერებზე Chia-ს კულტივაცია აკრძალა. Chia-სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ ამ "სოფლის მეურნეობის კულტურას" 1 ტბ-იანი დისკის მოკვლა შეუძლია 3 თვეზე ნაკლებ დროში (ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ის 5 წლამდე ძლებს).