რა არის NFT-ს სტეიკინგი და როგორ გამოვიმუშაოთ მასზე ფული

ფოტო - რა არის NFT-ს სტეიკინგი და როგორ გამოვიმუშაოთ მასზე ფული
კრიპტოვალუტის სტეიკინგი ბაზარზე პასიური შემოსავლის უკვე გავრცელებული მეთოდია. ახლა ზოგიერთი პლატფორმა ასევე შემოსავლის მიღებას არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) სტეიკინგით სთავაზობს.
ყველაზე ხშირად, NFT ასოცირდება ციფრულ სურათებთან, როგორიცაა კოლექცია Bored Ape Yacht Club. თუმცა, NFT-ები შეიძლება, ნებისმიერი რამ იყოს, ვიდეოფაილებით დაწყებული, თამაშის ელემენტებითა და პერსონაჟებით დამთავრებული.

და თუ თქვენს იშვიათ სათამაშო დრაკონს ისეთი სტატები აქვს, რომ PVP-ში სხვა დრაკონების მუსრის გავლება ადვილად შეუძლია, მისი თამაში სხვა ადამიანებსაც უეჭველი მოუნდებათ (განსაკუთრებით, თუ Play-to-Earn თამაშებზე ვსაუბრობთ). შეგიძლიათ, ის გააქირაოთ და ამაზე ფული გამოიმუშაოთ.

ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ, პასიური შემოსავალი მიიღოთ და ამასთან, ტოკენის მფლობელი დარჩეთ.

როგორ მუშაობს NFT-ს სტეიკინგი?

NFT-ების ბლოკირება ძალიან ჰგავს მოსავლიანობის მეურნეობას (yield farming) DeFi-პროტოკოლებში, სადაც მომხმარებლები პულებში ლიკვიდურობის მიწოდებისთვის ჯილდოვდებიან. NFT-ის მფლობელები პლატფორმასთან თავიანთ საფულეებს აკავშირებენ  და ტოკენებს სმარტ კონტრაქტში ყინავენ. სანაცვლოდ, ისინი იღებენ პერიოდულ გადახდებს, უმეტესად პლატფორმის მშობლიურ ტოკენებში.

ასევე არსებობს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) პულები, რომლებიც უფლებას აძლევს NFT-ების მფლობელებს, რომლებმაც ისინი პლატფორმაზე დაბლოკეს, მონაწილეობა მმართველობის წინადადებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მიიღონ. ზოგიერთი ორგანიზაცია ასევე საკუთარი წინადადებების წამოყენების საშუალებას იძლევა.

განა ყველა არაჩანაცვლებადი ტოკენის სტეიკინგი შეიძლება. სტეიკინგისთვის ყველაზე პოპულარული NFT-ები Play-to-Earn თამაშებში არსებული ნივთები და პერსონაჟებია. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ცენტრალიზებულ პლატფორმაზე საკუთარი NFT-ების შენახვით, მომხმარებელს მათი დაკარგვის რისკი ყოველთვის აქვს. კრიპტოსამყაროში არსებობს გამოთქმა: "შენი გასაღები არაა - შენი მონეტები არაა". ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ტოკენებს, ან მონეტებს არაპრივატულ საფულეებში ინახავთ, მათზე კონტროლს კარგავთ და მათი ნამდვილი მფლობელი აღარ ხართ.  

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, უმსხვილესი მოთამაშეებიც კი, როგორიცაა Celsius და FTX, მოულოდნელი გაკოტრებისგან დაზღვეული არაა და თუ იმ მომენტში თქვენი ტოკენები მათ საფულეზეა, დიდი ალბათობით, მათ ვეღარასდროს ნახავთ.

პლატფორმები NFT-ს სტეიკინგისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცენტრალიზებული ბირჟა NFT-ის სტეიკინგის ფუნქციას სთავაზობს, ყველაზე მომგებიანი და მოსახერხებელი საშუალება თქვენი ტოკენის დაბლოკვაა თამაშის სამყაროს შიგნით, რომელსაც ის ეკუთვნის.

ერთ-ერთი მაგალითია MOBOX. ეს არის თამაში ბლოკჩეინზე, რომელსაც ჩაშენებული მეტავერსი აქვს. MBOX-ის სამართავ ტოკენებში პასიური შემოსავლის მისაღებად, NFT-ების მფლობელებს მათი ვაჭრობა, ან სტეიკინგი შეუძლიათ. ჯილდოს ოდენობა დაბლოკილი NFT-ების რაოდენობასა და იშვიათობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ტოკენის ღირებულება, მით უფრო დიდ APY-ს მიიღებს მისი მფლობელი.

სტეიკინგს ასევე იყენებს მეტავერსები: Axie Infinity, The Sandbox, Decentraland და Splinterlands.

არსებობს ისეთი პლატფორმებიც, რომლებიც ტოკენების სხვა ტიპის სტეიკინგის საშუალებასაც იძლევა. ისინი ბლოკჩეინზე არსებული თამაშშიდა ნივთებისგან განსხვავდება. 

მაგალითად, Band Royalty მუსიკალური NFT-პლატფორმა არის, რომელიც ასევე საშუალებას გაძლევთ, პასიური შემოსავალი ტოკენების დაბლოკვისთვის მიიღოთ. ტოკენის მფლობელი ჯილდოს როიალთის საფუძველზე იღებს. გაყინვის პერიოდი 90 დღიდან 5 წლამდე მერყეობს. მომხმარებლები მოგებას ამ პერიოდის დასრულების შემდეგ იღებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ NFT-ების სტეიკინგის კონცეფცია ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა, მან მრავალი ინვესტორის ყურადღება უკვე მიიპყრო და, შესაძლოა, მომავალში მისი გამოყენების უფრო მეტი ვარიანტიც ვიხილოთ.