რა არის დარკნეტი და როგორ მოვხვდეთ იქ უსაფრთხოდ?

ფოტო - რა არის დარკნეტი და როგორ მოვხვდეთ იქ უსაფრთხოდ?
„Darknet“ რაღაც უკანონო, აკრძალულ, ან კრიმინალურ სფეროსთან ასოცირდება. სწორედ ამ შაბლონს ახვევენ საზოგადოებას თავს. სინამდვილეში დარკნეტი ინტერნეტის სეგმენტია, რომელიც ანონიმური, თავისუფალი და სახელმწიფო ორგანოების კონტროლის მიღმაა.
მთელი ინტერნეტის დაყოფა, პირობითად, სამ სეგმენტად შეიძლება. 

პირველი სეგმენტი ღია, საჯარო ინტერნეტია (Surface Web) - საჯარო ვებგვერდები, რომლებიც საძიებო სისტემების მიერ არის ინდექსირებული და რომელთა ნახვა შესაძლებელია ნებისმიერი ბრაუზერის საშუალებით (Google Chrome, Opera, Mozilla Firefox და ა.შ.).

მეორე სეგმენტს
ეწოდება "ღრმა ინტერნეტი" (Deep Web). მას  განეკუთვნება ორგანიზაციების ინტერნეტ-გვერდები;  კორპორაციული საცავები და მონაცემთა დახურული ბაზები; ვებგვერდები, რომლებიც პირადობის ვერიფიკაციას საჭიროებს; არაინდექსირებული რესურსები, რომლებიც Google Search-ის მსგავსი სისტემების გამოყენებით ვერ მოიძებნება. ყველა ეს ვებრესურსი დახურულია და დაცულია უსაფრთხოების რამდენიმე დონით (ავთენტიფიკაციის მეთოდებით, პაროლებითა და ფაიერვოლებით).

მესამე სეგმენტი არის ბნელი ქსელი (DarkNet). ეს ინტერნეტის ანონიმური სეგმენტია, რომელზეც წვდომის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით (ჩვეულებრივი ვებბრაუზერების გამოყენება შეუძლებელია). ეს სეგმენტი თავისუფალია ცენზურისგან, მას არავინ აკონტროლებს და არეგულირებს, ამიტომ ის მიმზიდველია მრავალი მომხმარებლისთვის - ლიბერტარიანელებით, კრიპტოანარქისტებითა და დამოუკიდებელი ჟურნალისტებით დაწყებული, კრიმინალებით დამთავრებული.
ინტერნეტის სამი სეგმენტი

ინტერნეტის სამი სეგმენტი

დარკნეტის შექმნის ისტორია

დარკნეტის წინაპრად ითვლება კომპიუტერული ქსელი ARPANET, რომელიც  დაფინანსდა და შეიქმნა აშშ-ის სამხედროების მოთხოვნით. გარკვეულ ეტაპზე ამ ქსელში ჩამოყალიბდა ცალკეული დაცული სეგმენტები, რომლებშიც მონაცემთა გაცვლა მკაცრად კონფიდენციალური და დახურული იყო. მსგავსი გადაწყვეტილებები შემდგომში გამოჩნდა ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ზოგიერთ მომხმარებელს მთავრობის მხრიდან კონტროლი არ სურდა და კონფიდენციალურობისკენ ისწრაფოდა.

გასული საუკინის 90-იან წლებში, ფედერალური მთავრობის მხარდაჭერითა და აშშ-ის საზღვაო ძალების მონაწილეობით,  დაპატენტდა ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერული ქსელ Onion-ის მეშვეობით ანონიმურ კომუნიკაციას უზრუნველყოფდა. მოგვიანებით ის ტრანსფორმირდა სისტემად The Onion Routing (TOR). აშშ-ის სამხედროები და სპეცსამსახურები ასეთი "ხახვის როუტინგის" დახმარებით დაზვერვის ოფიცრებსა და სპეციალურ აგენტებთან უსაფრთხო კომუნიკაციის განხორციელებას გეგმავდნენ. IP მისამართების დამალვა და შეტყობინებების დაშიფვრა კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით ხდებოდა. ამ კონცეფციით არა მარტო სამხედროები, არამედ დისიდენტები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ჰაკერები, მეწარმეები, შიფროპანკები, ლიბერტარიანელები და კრიპტოანარქისტებიც კი დაინტერესდნენ, რომლებიც ასეთივე კონფიდენციალურობისკენ ისწრაფოდნენ და საკუთარი დარკნეტის შესაქმნელად გადაწყვეტილებებს ეძებდნენ. 

2000 წლის დასაწყისში ამ ძიების შედეგი გახდა მონაცემთა დაცული, დეცენტრალიზებული საწყობის FreeNet გამოჩენა, ხოლო 2004 წელს - ანონიმური ქსელის I2P,  რაც შემოკლებით ნიშნავდა Invisible Internet Project-ს (პროექტი "უხილავი ვები"). მასზე წვდომის მიღება მხოლოდ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის - I2P კლიენტის მეშვეობით იყო შესაძლებელი. "უხილავი" ქსელის შიგნით ყველაფერი ისეთივე იყო, როგორც ჩვეულებრივ საჯარო ინტერნეტში, მაგრამ ცენზურის გარეშე და დაშიფვრისა და ანონიმიზაციის ტექნოლოგიების გამოყენებით: ვებსერფინგი, ვებჰოსტინგი, მომენტალური შეტყობინებების მესინჯერები, პერსონალური ბლოგები, ელექტრონული ბიბლიოთეკები, ფაილების გაზიარება ტორენტტრეკერების დახმარებით, ელექტრონული ფოსტა, VoIP-სერვისები და ა.შ.

2008 წელს ღია საწყისი კოდის საფუძველზე შეიქმნა ანონიმური ვებბრაუზერ Tor-ის პირველი ვერსია, რომელიც ქსელში კონფიდენციალურ და პრივატულ ვებსერფინგს უზრუნველყოფდა. იმავე წლის ბოლოს ვიღაცამ, ფსევდონიმით სატოში ნაკამოტო  გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო კრიპტოვალუტა ბიტკოინი - ახალი დეცენტრალიზებული ციფრული ფული, რომელიც ბანკებსა და მთავრობებს არ ეკუთვნის, რომლის ემიტირება და მისი დახმარებით კონფიდენციალური გადარიცხვების განხორციელება ჩვეულებრივ მომხმარებლებს შეუძლიათ.

ამრიგად, 2000-იანი წლების ბოლოს შეიქმნა მთელი საჭირო ინფრასტრუქტურა საჯარო დარკნეტის განვითარებისთვის, რომელსაც სახელმწიფო მოხელეები, სამხედროები და სპეცსამსახურები არ აკონტროლებენ.

როგორ მოვხვდეთ დარკნეტში უსაფრთხოდ

დარკნეტში ვებსერფინგი სპეციალიზებული ვებბრაუზერების - Tor-ის, ან Tor-რეჟიმში Brave-ის გამოყენებითაა შესაძლებელი (ამ უკანასკნელის შესახებ უკვე ვწერდით). დარკნეტის ყველა ვებრესურსი დომენ “.onion-შია” განთავსებული. ამ დომენურ ზონაში არსებული ვებგვერდის გახსნის მცდელობა Chrome-ის მსგავსი ბრაუზერის საშუალებით წარუმატებელი იქნება, ხოლო Tor-ის, ან Brave-ის მეშვეობით მომხმარებელი კონტენტზე წვდომას მიიღებს. ორივე ანონიმური ვებბრაუზერი open source გადაწყვეტილებაა, ამიტომ ნებისმიერი ოპერაციული სისტემისთვის დისტრიბუტივის ჩამოტვირთვა ამ პროექტების ოფიციალური ვებგვერდებიდან არის შესაძლებელი.
 
დარკნეტის ვებრესურსები გაცილებით უფრო ნელა იხსნება, ვიდრე ვებგვერდები საჯარო ინტერნეტში. ამის მიზეზი "ხახვის როუტინგია", როდესაც მთელი ტრაფიკი და მონაცემთა პაკეტები ექვემდებარება მრავალფენიან დაშიფვრას, რომელიც ხახვს მოგვაგონებს. მონაცემთა ტრაფიკი მოძრაობს სპეციალური შუალედური კვანძების - ხახვის მარშრუტიზატორების - ჯაჭვის გავლით. თითოეული მათგანი შემდგომი მარშრუტისთვის თითქოს ხახვის ერთ ფენას აშორებს, რათა შემდეგი კვანძის კოორდინატები მიიღოს და ასე შემდეგ. შედეგად, დარკნეტში  სიჩქარის მაჩვენებლებმა ადგილი უსაფრთხოების, ანონიმურობისა და მონაცემთა ძლიერი დაშიფვრის ინდიკატორებს დაუთმეს.
 
რთული ვითარებაა დარკნეტში დიზაინის კუთხითაც. ყველა ძალიან მარტივია, პრიმიტიულიც კი და 90-იანი წლების მეორე ნახევრის საჯარო ინტერნეტის ვებრესურსებს მოგვაგონებს. აქ პრიორიტეტებიც განსხვავებულია - წინა პლანზე გამოდის არა დიზაინი, არამედ ვებგვერდების კონტენტი, ამიტომ onion-რესურსებში ვებსერფინგი ნელა, მაგრამ უსაფრთხოდ მიმდინარეობს.

რა ვებგვერდები არსებობს დარკნეტში

დარკნეტში თავშესაფარი იპოვეს ოპოზიციურად განწყობილმა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა ავტორიტარული ქვეყნებიდან, სადაც პოლიტიკურ კონკურენტებს ფიზიკურად ანადგურებენ, ან სიტყვის თავისუფლებას კრძალავენ. ბევრი ფორუმი ეძღვნება ანარქიზმის, ლიბერტარიანიზმის, ან კრიპტოგრაფიული და IT ტექნოლოგიების თემებს. აქ არის მარკეტპლეისები, ფაილების გაზიარება, ელექტრონული ბიბლიოთეკები, საზოგადოებრივი ინტერნეტის სოციალური ქსელების სარკეები (მაგალითად, Facebook), ან თუნდაც საკუთარი ბნელი Wikipedia (The Hidden Wiki).

საძიებოები

დარკნეტში ვერ იპოვით ვერ Google Search-ს, ვერც Yahoo! Search-ს, აქ არის გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკრეტულად დომენ „.onion-ში“ არსებული ვებგვერდების ძიებაზეა ორიენტირებული.

ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა DuckDuckGo არის, მაგრამ ის ინფორმაციას მხოლოდ ინტერნეტის საჯარო სეგმენტში ეძებს, ამიტომ მისი მოქმედების პრინციპი Google-ის საძიებო სისტემას ჰგავს.

თუ დარკნეტში გარკვეული ვებგვერდის პოვნაა საჭირო, როგორც წესი, გამოიყენება საძიებო სისტემები Ahmia, Haystak, Torch, Deep Search, ან ვებრესურსების კატალოგები, როგორიცაა DeepLink Onion.
DeepLink Onion Directory-ის დიზანი — სალამი 90-იანებიდან

DeepLink Onion Directory-ის დიზანი — სალამი 90-იანებიდან

დამოუკიდებელი მედია და კონფიდენციალური სერვისები

სინამდვილეში, ბევრი მომხმარებელი იძულებულია, ვებსერფინგის დროს ანონიმურობა მრავალი მიზეზის გამო შეინარჩუნოს.  პირველ რიგში, ყველა არ არის მზად, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ კორპორაციები, როგორიცაა Google, სპეცსამსახურები, ან ჰაკერები პერსონალურ მონაცემებს  აგროვებენ, რათა მოგვიანებით ისინი საკუთარი სარგებლისთვის  გამოიყენონ. მეორეც, ავტორიტარულ სახელმწიფოებში სულ უფრო ხშირად იბლოკება ვებრესურსები, რომლებიც მიუკერძოებლად „აწვდიან მასებს სიმართლეს“. სწორედ ამიტომ, ასეთი ქვეყნების ათობით მილიონი მოქალაქისთვის დარკნეტი რჩება სანდო, მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ, სახელმწიფო პროპაგანდის გარეშე.

დარკნეტში არის: The New York Times, BuzzFeed, BBC, Deutsche Welle, ProPublica და სხვა მედია. აქ შეგიძლიათ, იპოვოთ უსაფრთხო e-mail სერვისები, როგორიცაა ProtonMail ან RiseUp, უსაფრთხო ჩატები, ან ფაილების გაზიარების სერვისები, როგორიცაა Keybase, SecureDrop, ან MegaTor, მოკლე ტექსტური დაშიფრული შეტყობინებების სერვისები, როგორიცაა ZeroBin. დარკნეტში არსებობს ვებჰოსტინგის მრავალი სერვისი, როგორიცაა Impreza Hosting, რომლებიც როგორც ფიზიკურ, ასევე ღრუბლოვან სარეზერვო გადაწყვეტილებებს იყენებენ, რაც დომენში “.onion” ვებგვერდებისა შექმნისა და შენარჩუნების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. არსებობს ვებგვერდები, რომლებზეც აგროვებენ შემოწირულებებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და დახმარებას  უკრაინისთვის რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.
ერთ-ერთი ვებრესურსი, რომელიც დაზარალებული უკრაინელებისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის შემოწირულობებს აგროვებს

ერთ-ერთი ვებრესურსი, რომელიც დაზარალებული უკრაინელებისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის შემოწირულობებს აგროვებს

დასკვნა

რა თქმა უნდა, სივრცე ცენზურის და რეგულაციების გარეშე მხოლოდ პატიოსან ადამიანებს არ იზიდავს. დარკნეტში არის ისეთი მარკეპფლეისებიც, სადაც იყიდება იარაღი, ან ნარკოტიკები, ასევე ისინი, ვინც ვაჭრობს სხვადასხვა უკანონო საქონლით, ან ისეთი სერვისებით, როგორიცაა DDoS შეტევები ან ბოტფერმები. ამ ყველაფერს ადგილი ნაღდ ფულზე ოფლაინ წერტილებსა და საჯარო ინტერნეტშიც აქვს.

დარკნეტი ვებრესურსების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, ამიტომ ქუჩაში, ან საჯარო ინტერნეტში ჩადენილი დანაშაულები გაცილებით უფრო მეტია. კრიმინალები, შესაძლოა, დარკნეტს კომუნიკაციისა და მოქმედებების კოორდინაციისთვის იყენებდნენ. მაგრამ ფაქტობრივი დანაშაულები, როგორიცაა სკიმინგი, ან ფიშინგი, დარკნეტის ფარგლებს გარეთ არის ჩადენილი. კრიმინალები მუშაობენ იქ, სადაც კლიენტების დიდი ბაზა არსებობს და ეს, როგორც წესი, ინტერნეტის საჯარო სეგმენტში, ან ჩვენი ქალაქების ქუჩებში ხდება. ამიტომ მოსაზრება დარკნეტის მხრიდან უკიდურესი საფრთხის შესახებ, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანებში სამთავრობო მედია, თუ სამართალდამცავი უწყებები ავრცელებენ, გაზვიადებული და მანიპულაციურია. ამის ნაცვლად ჯობია, მათ უკეთ და უფრო ეფექტურად შეასრულონ თავისი ფუნქციები რეალურ სამყაროში და თავიანთ რიგებში კორუფციის დონე შეამცირონ. მაშინ შედეგიც მიღწეული იქნება. დარკნეტმა კი განვითარება და თავისუფლების, სიმართლისა და ავტორიტარული მთავრობების წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები გააგრძელოს.