რაში სჭირდება ზოგიერთ კრიპტოვალუტას უსასრულო მარაგი?
კრიპტოვალუტების მრავალფეროვნება მხოლოდ მათი შემქმნელების ფანტაზიით იზღუდება. ზოგიერთი კრიპტოვალუტა ტოკენებია, ზოგი - მონეტები, ზოგიერთი კრიპტოვალუტის სტეიკინგი შესაძლებელია, სხვების - არა. არის შეზღუდული მიწოდების მქონე კრიპტოვალუტები და არის უსასრულო ემისიის მქონეც.
BTC-ის შეზღუდული მიწოდება (maximum supply) მისი ბუნებრივი დეფლაციის მთავარი მარეგულირებელია. სატოში ნაკამოტომ მიწოდების მოდელი ოქროს ღირებულების იმიტაციის სახით შეიმუშავა, რომელიც ღირებული, მაგრამ შეზღუდული რესურსია. მაგრამ არსებობს კრიპტოვალუტები, რომლებსაც ახალი აქტივების მუდმივი შემოდინება (infinite supply) აქვთ, რაც მათ ინფლაციურს ხდის. რა აქტივებია ეს და როგორ რეგულირდება მათი ფასი და რაოდენობა?
ეთერიუმი (ETH)
Ethereum ღია საწყისი კოდის მქონე დეცენტრალიზებული ბლოკჩეინია, რომელიც სმარტ-კონტრაქტებს უჭერს მხარს. ცოტა ხნის წინ, The Merge-ის დასრულების შემდეგ, Ethereum PoW ალგორითმიდან PoS ალგორითმზე გადავიდა. წელიწადში 18 მილიონი ETH მუდმივი სიჩქარით მოიპოვება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენია მთლიანი მიწოდების მოცულობა. ემისიის შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ გამოიყენება დეფლაციური წვის მექანიზმი. გარდა ამისა, ETH-ის ღირებულება სმარტ-კონტრაქტების სპეციფიკით რეგულირდება.
პროტოკოლი შემუშავებულია ისე, რომ ETH-ის მიწოდება 120-დან 125 მილიონ მონეტამდე მერყეობდეს. სტატიის მომზადების მომენტში ეს მაჩვენებელი 122.3 მილიონ ETH-ს შეადგენდა. მაგრამ წინასწარი მაინინგის ფაქტის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიქნებით 100%-ით დარწმუნებული, რომ ეს ციფრები რეალობას შეესაბამება.
მონერო (XMR)
Monero (XMR) PoW ბლოკჩეინზე დეცენტრალიზებული ანონიმური კრიპტოვალუტაა. Monero რგოლური ხელმოწერებისა და ფარული მისამართების ალგორითმს იყენებს. რგოლური ხელმოწერის შესაქმნელად, პლატფორმა გამგზავნის ანგარიშის გასაღებების კომბინაციას იყენებს და ბლოკჩეინში მას ღია გასაღებებთან აერთიანებს. ეს პროცესი ქსელში განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციას კონფიდენციალურს ხდის.
XMR-ის ემისიის მოცულობა ჯერ რაიმე ჩარჩოთი შეზღუდული არ არის. მაგრამ უკონტროლო მაინინგი არ დაიშვება: ის მოპოვების სიჩქარის შეზღუდვით რეგულირდება. მიწოდების მატებასთან ერთად, ახალი მონეტების გენერაციის სიჩქარე მცირდება. მას შემდეგ, რაც მთლიანი მიწოდება 18 მილიონს მიაღწევს, მაჩვენებელი წუთში 0,6 XMR, ან წელიწადში 315 360 მონეტის დონეზე უცვლელი რჩება. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 9,5 წელიწადში XMR-ის მიწოდება ჯამში 21 მილიონ მონეტას მიაღწევს, როგორც ეს ბიტკოინს აქვს. ამის შემდეგ მიწოდების ამ ნიშნულზე გაყინვა იგეგმება. მაგრამ როგორ განხორციელდება ეს - დაწვის, ან მაინინგზე უარის თქმის გზით - ჯერჯერობით უცნობია.
სხვათა შორის, გათვლებით, ბოლო BTC-ს მოპოვება 120 წლის შემდეგ მოხდება.
ეოსი (EOS)
მონეტა EOS კონსენსუსის DPoS-ის ორიგინალური ალგორითმის მქონე ბლოკჩეინის - EOSIO-ის დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის განკუთვნილი პლატფორმის საკუთარი კრიპტოვალუტაა. პროექტის ოფიციალური ვებგვერდი ამტკიცებს, რომ პრესეილის დროს (2017-2018 წწ.) მიმოქცევაში გამოვიდა 1 მილიარდი მონეტა, რომელთა 90% პირველ ინვესტორებს გადაეცა, 10% კი - დეველოპერებს. ახლა მიმოქცევაში 1,1 მილიარდზე ცოტა ნაკლები EOS არის. ცირკულირებადი მონეტების რაოდენობის ასეთი მცირე ზრდა პროტოკოლში ჩადებულ შეზღუდვას უკავშირდება: მთლიანი მიწოდება წელიწადში 5%-ზე მეტით ვერ გაიზრდება.
მთლიანი მიწოდების მატების შეზღუდვით მოპოვებული ბლოკისთვის მაინერების ანაზღაურებაც რეგულირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, EOS მოპოვების პროცესი ძალიან მალე გამოვიდოდა კონტროლიდან, რადგან ეს კრიპტოვალუტა ენერგოდამზოგავის კატეგორიას მიეკუთვნება.
დოჯკოინი (DOGE)
Dogecoin (DOGE) ბიტკოინის ფორკია, რომელსაც საწყის კოდში რამდენიმე არსებითი განსხვავება აქვს. თუმცა, მისი მაინინგის პროცესი BTC-ის ანალოგიურია.
Dogecoin-ს მონეტების ფიქსირებული მიწოდება არ აქვს და, შესაბამისად, ინფლაციური ვალუტაა. მაგრამ ასე ყოველთვის არ იყო.
შექმნისას DOGE-ს 100 მილიარდი მონეტის ოდენობის ფიქსირებული ლიმიტი ჰქონდა, ჯილდო ბლოკისთვის კი 100 000 მონეტას შეადგენდა, სანამ 600 000 ბლოკი არ იქნებოდა მოპოვებული. თუმცა, 2014 წლის დასაწყისში, მაინერებისთვის ბოლო ჯილდოს გადახდამდე სამი თვით ადრე, დეველოპერებმა გადაწყვიტეს, Dogecoin-ის პროტოკოლი შეეცვალათ: ჩაერთოთ შეუზღუდავი ემისია და ბლოკისთვის მიღებული ჯილდო ერთ ბლოკზე 10 000 მონეტის ფიქსირებულ დონეზე შეენარჩუნებინათ. ამრიგად, Dogecoin ნელა კლებადი ინფლაციის მაჩვენებლის მქონე (3.6% 2024 წელს, 3% 2030 წელს, 1.5% 2065 წელს) დეფლაციურ ვალუტად იქცა.
სტეიბლკოინები
სტეიბლკოინები კრიპტოვალუტებია, რომლებიც ფიატის ვალუტების ღირებულებაზე არის მიბმული:
● აშშ დოლართან (USDT, USDC, BUSD, DAI);
● ევროსთან (EURT);
● იუანთან (BitCNY);
● იაპონუერ იენასთან (JPYT).
ისინი საბაზისო ვალუტაში არსებული რეზერვებითაა უზრუნველყოფილი, რომელთა რაოდენობა შეიძლება, უსასრულო იყოს. ვინაიდან ფიატის ფულის ემისია ბაზრის კანონებითა და ცენტრალური ბანკების ბრძანებებით რეგულირდება, მათთან დაკავშირებულ ტოკენიზირებულ ანალოგებსაც გამოშვების მკაცრი ლიმიტი არ აქვს. მიმოქცევაში არსებული სტეიბლკოინების რაოდენობა მხოლოდ კრიპტობაზარზე მათზე არსებულ მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
ამ ტიპის კრიპტოვალუტებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ფასის შენარჩუნება, რათა ფიატის აქტივთან მიბმა არ დაიკარგოს. თუ მათი ფასი საბაზოზე დაბლა ეცემა, მაშინ ემიტენტი კომპანია, საარბიტრაჟო სისტემის მეშვეობით, სტეიბლკოინებს ყიდულობს და მის კონვერტაციას საბაზისო ფიატში ახდენს. მიწოდების შემცირება ტოკენის ფასს ზრდის. საპირისპირო ოპერაცია ხდება, თუ სტეიბლკოინის ფასი იზრდება.