OpenAI-ის შემქმნელი AI-ს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს

ფოტო - OpenAI-ის შემქმნელი AI-ს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს
ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ისინი,ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენის გათვალისწინებით, გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას კაცობრიობის მომავლის შესახებ. მათ შეუერთდა ისიც, ვინც ამ საფრთხის შექმნაში დამნაშავედ ითვლება - სემ ალტმანი.
სტატიის მომზადების მომენტისთვის, წერილის ხელმომწერთა შორის 400-მდე ექსპერტი, რომლებიც ტექნოლოგიების დარგში აზრის ლიდერებად ითვლებიან, ასევე ტიურინგის პრემიის ლაურეატები და წარმატებული ტექნოლოგიური და ფინანსური პროექტების დამფუძნებლები არიან. 

საბედნიეროდ, წარმატებული მეწარმეები და მეცნიერები პოლიტიკოსები არ არიან. მათ თავიანთი აზრის გამოხატვა ევფემიზმებისა და ორაზროვანი ფრაზების გარეშე შეუძლიათ. ამიტომ, წერილში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, კერძოდ: ბირთვული საფრთხე და ბოლოდროინდელი COVID-ის მსგავსი პანდემია საბავშვო ზღაპრად მოგვეჩვენება, თუ ჩვენ ნეიროქსელების ტექნოლოგიის განვითარებას კონტროლს არ დავუქვემდებარებთ.

რა რეალურ საფრთხეებს ხედავენ ისინი, ვინც ღია წერილის ტექსტი მოამზადა?

  1. ყალბი და მტრული პროპაგანდის შეუზღუდავი გავრცელება ინტერნეტით. ადამიანი მიჩვეულია, ენდოს ინფორმაციას, რომელსაც ის ქსელში პოულობს. კრიტიკული აზროვნება, ფეიკების ფილტრები და ინფორმაციის რამდენიმე წყაროსთან  შემოწმების სურვილი პრაქტიკულად ატროფირდა იმ პირობებში, როდესაც საინფორმაციო დატვირთვა მასთან გამკლავების უნარს რამდენჯერმე აღემატება.
  2. მასობრივი უმუშევრობა "თეთრი საყელოების" კატეგორიისთვის. პირველ რიგში დაზარალდებიან იურისტები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და დიზაინერები. საფრთხე ასევე დიდია  მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ადვილად ჩაანაცვლებენ მანქანური სწავლებით.
  3. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა გათვლებით, 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი 75 მილიონ სამუშაო ადგილის ავტომატიზაციას მოახდენს და ეს შეეხება არა მხოლოდ ინტელექტუალური სფეროს სპეციალისტებს.
  4. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი სოციალური რყევები, რომლებსაც, შედეგად, ვერავინ მოთოკავს. არეულობების გაღვივება გადაუმოწმებელი და მანიპულაციური ინფორმაციის ნაკადით მოხდება (იხ. პუნქტი 1)

ამ ღია წერილის შედგენის ინიციატორები იყვნენ:

  • სემ ალტმანი, OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი;
  • დემის ჰასაბისი, Google DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • დარიო ამოდეი, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • იან ლეკუნი, Meta-ს კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
  • ჯეფრი ჰინტონი და იოშუა ბენჯიო, ნეიროქსელების დარგის  მკვლევარები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის "ნათლიებად" ითვლებიან.

ანუ, მანქანური გონების შემქმნელებმა გულწრფელად აღიარეს, რომ მათი ჯინი ბოთლიდან ამოვარდა და მისი შეკავების რეალურ შესაძლებლობებს ისინი ჯერ ვერ ხედავენ. ისინი შიშობენ, რომ ამ სფეროში არსებული სასტიკი კონკურენცია მეწარმეებს საღი აზრის არგუმენტებისადმი ყრუს გახდის. მაგრამ "მკაცრი კონტროლის" აუცილებლობის შესახებ, ზოგადი ფრაზების გარდა, რაიმე მუშა ალგორითმები წერილში შემოთავაზებული არ არის. 

ალბათ, ღმერთიც ზემოდან უყურებს, როგორ შეექმნა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მის საყვარელ ქმნილებას, რომელმაც თავი ყოვლისშემძლე არსებად ჩათვალა და თვითგანადგურების რეჟიმი ჩართო. უბრალოდ, ღმერთს არავინ ჰყავს, ვისაც სთხოვს: „უფალო, დაწვი!“