ალექსანდრე ბორნიაკოვი: ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი ტრენდები

ფოტო - ალექსანდრე ბორნიაკოვი: ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი ტრენდები
პორტალი "Дія. Цифрова освіта" არის შესაძლებლობა, ისწავლოთ უფასოდ საგანმანათლებლო სერიალების ფორმატში, ექსპერტებისა და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით. როგორ ტარდება ტრენინგი და ვის შეუძლია ისარგებლოს ამ შესაძლებლობით - ვარკვევთ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბორნიაკოვთან.
მოგესალმებით, ალექსანდრე!

მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ, რათა გვიპასუხოთ რამდენიმე კითხვაზე, რომლებიც პროექტს "Дія. Цифрова освіта" ეხება.

ალექსანდრე ბორნიაკოვი: სიამოვნებით ვუპასუხებ ყველა კითხვას.

GN: 28 თებერვალს ციფრული განვითარების სამინისტრომ უკრაინელებისთვის კრიპტოწიგნიერების ფართომასშტაბიანი უფასო კურსი აამოქმედა. ის უკვე სცილდება კრიპტოტერმინოლოგიის ახსნის ჩვეულებრივი ვიდეოგაკვეთილის ჩარჩოებს. რომელ აუდიტორიაზეა გათვლილი ეს პროექტი? ღირს თუ არა დარეგისტრირება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შორს არიან ბლოკჩეინისა და ზოგადად ციფრული ტექნოლოგიებისგან?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: რა თქმა უნდა. ჩვენი კურსის მიზანია,  უკრაინელებს წიგნიერება და ვირტუალური აქტივების სწორად გამოყენება ვასწავლოთ, ამისთვის კი არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. მაშინაც კი, თუ ადამიანი შორს არის ციფრული აქტივებისგან, ის შეძლებს, დაეუფლოს ძირითად უნარებს და კრიპტოინდუსტრიის ზოგად ცნებებში გაერკვეს. კურსი შექმნილია იმგვარად, რომ სტუდენტი მარტივიდან რთულზე გადავიდეს. გარდა ამისა, თუკი რამე გაუგებარია, შესაძლებელია წინა ეტაპზე რამდენჯერმე დაბრუნება.
 
GN: განხორციელებულა თუ არა მსგავსი პროექტი სხვა ქვეყნებში? თუ თქვენ გახდით პირველი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელმაც მოქალაქეებისთვის კრიპტოწიგნიერების ტრენინგის ეს ფორმატი გამოიყენა?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყნის კერძო სექტორში, რომელსაც ჰყავს საკუთარი აუდიტორია, რომელიც აქტიურად იყენებს ვირტუალურ აქტივებს, მიმართავენ ტრენინგის ამ ფორმატს, რადგან მოთხოვნა ქმნის მიწოდებას. ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა ციფრული აქტივების მიმღებლობის განვითარების კუთხით და ბევრ სფეროში სხვებსაც უსწრებს. განათლებაც არ არის გამონაკლისი. ამიტომ ჩვენმა სახელმწიფომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ფართოდ უნდა გაავრცელოს. ჩვენ მსოფლიო გამოცდილებას ვსწავლობთ, მაგრამ მის დუბლირებას არ ვაპირებთ. ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროში ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი ტრენდები, რომლებსაც სხვები მიბაძავენ. რეალურად, სწორედ ამას ვაკეთებთ.
 
GN: უამბეთ, თუ შეიძლება, ჩვენს მკითხველს, რა ფორმატში მიმდინარეობს სწავლება?

ალექსანდრე ბორნიაკოვი: კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე “Дія. Цифрова освіта”, 100 სასწავლო საათს ითვალისწინებს. ყველა გაკვეთილი ტარდება ონლაინ და ეს არ არის მხოლოდ თეორია. სტუდენტები პრაქტიკაში რეალურ მუშა ქეისებს აანალიზებენ და საკუთარს ქმნიან. თითოეულ მონაწილეს შეუძლია საკუთარი ტემპით წინსვლა, რომელიც სწორედ მისთვის არის  მოსახერხებელი. 

ჩვენი კურსი არის ვიდეოფორმატის, ტექსტური  ფორმატისა და პრაქტიკული დავალებების კომპილაცია. ბოლო ეტაპი არის ტესტი ციფროგრამის სერტიფიკატის მისაღებად. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ, სტუდენტები ცალკე სერტიფიკატს იღებენ.

GN: შესაძლებელია თუ არა, დამოუკიდებლად ავირჩიოთ მოდულები, რომლებიც აუცილებელია, სხვები კი გამოვტოვოთ?

ალექსანდრე ბორნიაკოვი: კურსი შედგება ოთხი განყოფილებისგან. თითოეული განყოფილება კი - გარკვეული რაოდენობის თემებისგან. სტუდენტებს შეუძლიათ, აირჩიონ ისინი საკუთარი შეხედულებისამებრ, რადგან ჩვენთან მოდიან საკმაოდ განსხვავებული დონის ცოდნის მქონე ადამიანები.
 
GN: გაშუქდება თუ არა NFT-ის, DeFi-სა და Metaverse-ის თემები ახალ სასწავლო პროექტში?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: დიახ, ეს კითხვები ეხება მესამე თავს, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა. მეტავერსის, NFT-ისა და დეცენტრალიზებული ფინანსებისა გარდა, მესამე ნაწილი ითვალისწინებს DAO-ს თემის დეტალურ განხილვასა და პრაქტიკულ ამოცანებს, მასალის ათვისების მიზნით. სტუდენტები გაიგებენ, როგორ მოჭრან დამოუკიდებლად ტოკენი და გაიტანონ ის გასაყიდად. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ზოგიერთი პლატფორმის  ნიუანსებზე. ამჟამად შეიქმნა სატესტო ქსელი, სადაც შეძენილი უნარების დახვეწაა შესაძლებელი. 21 მარტს პლატფორმაზე გამოვაქვეყნეთ ბოლო, მეოთხე მოდული, ასე რომ ყველაზე ბეჯითი სტუდენტები მალე სწავლების დასრულებას შეძლებენ.
 
GN: ჩვენი აუდიტორია კრიპტელების საზოგადოებაა, მაგრამ არიან მკითხველებიც, რომლებიც ახლა ეცნობიან ციფრული აქტივების სამყაროს. განიხილება თუ არა რეალური მუშა ქეისები  მათთვის, ვინც გეგმავს ინვესტირებას, ან უკვე ახორციელებს ინვესტიციას ციფრულ აქტივებში?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: არის ასეთი ცნობილი ხუმრობა, როდესაც დამწყები ტრეიდერი ეკითხება გამოცდილს: "რამდენი ფული უნდა ჩავდო, კრიპტოში პირველი მილიონი რომ გამოვიმუშაო?" ის კი პასუხობს: „ალბათ, ორი მილიონი საკმარისი იქნება“. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენი მასწავლებლები პრაქტიკითაც არიან დაკავებულნი, არა მხოლოდ თეორიით.

საგანმანათლებლო კრიპტოკურსის “Дія. Цифрова освіта” იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანების მომზადება უნდა მომხდარიყო არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ პრაქტიკულ დონეზეც. ანუ მასწავლებლები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური შეხება აქვთ კრიპტოსა და ბლოკჩეინთან. ისინი სტუდენტებს ბაზრის რეალობას აცნობენ და მათთან სამუშაო ქეისებს აანალიზებენ.

ეს შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ჩვენ ავამოქმედეთ ეს კურსი უმაგრეს სპეციალისტებთან და პარტნიორებთან ერთად: უკრაინული ფესვების მქონე ევროპული კრიპტობირჟა WhiteBIT, ფუნდაცია Filecoin Foundation for the Decentralized Webს, Atlantis World-ის სოციალური მეტავერსი, Aragon-ის ბლოკჩეინ პროექტი, აპლიკაცია Zapper. xyz, პლატფორმა Safe, Optimism-ისა და zkSync-ის ფუნდაცია.

ისინი გვთავაზობენ თავიანთ პლატფორმებს, როგორც ტრენაჟორს, რომელიც მოსწავლეებისთვის პრაქტიკულ მუშაობას ითვალისწინებს.

GN: რამდენად რთულია გამოცდის ჩაბარება და ციფროგრამის სერტიფიკატის აღება?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: გამოცდა ტესტის სახით მიმდინარეობს და დაახლოებით 30-40 წუთს საჭიროებს. მას პროგრამა ამოწმებს, ამიტომ გაყალბება შეუძლებელია. ახლა მიჭირს იმის თქმა, აბარებს თუ არა გამოცდას ყველა სტუდენტი. ყველა, ვინც ჩვენს კურსზე მოდის, თავის ტრაექტორიას ირჩევს. ვიღაცას მოდულის დასრულება შეუძლია 3 დღეში, ვიღაცას კი - 3 თვეში. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ალბათ არიან ისეთებიც, ვინც ვერ უმკლავდება ამას, მაგრამ ასეთი შემთხვევები ჩემთვის უცნობია. შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გავაანალიზოთ ეს მომენტი და მივიღოთ მკაფიო მონაცემები.
 
GN: სად შეიძლება ამ სერტიფიკატის გამოყენება?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: სერტიფიკატის მიღება უკვე  რაღაც ახლის სწავლის მოტივაციაა. ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ადამიანს ციფრული ტექნოლოგიების ცოდნის საკმარისი დონე  აქვს და ამის მითითება შესაძლებელია, მაგალითად, CV-ში. ეს იმის დასტურია, რომ თქვენ, როგორც იქნა, იპოვეთ ძალა და დრო, გაერკვიოთ, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი (იცინის).

სინამდვილეში, ეს მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, რომლებისთვისაც ახალ რეალობასთან შეგუების დრო მოვიდა, ასევე საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლებისთვის (მასწავლებლები, ექიმები) რადგან ონლაინ ტექნოლოგიები უკვე ამ სფეროებშიც ჩნდება.
 
GN: როგორ გამოიყურება ციფროგრამის სერტიფიკატი? სად შეიძლება მისი მიღება?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: ალექსანდრე ბორნიაკოვი: ეს არის ჩვეულებრივი pdf ფაილი, რომელიც გამოცდის ჩაბარების შემდეგ სტუდენტის საფოსტო ყუთში იგზავნება.
 
GN: ვებგვერდზე "“Дія. Цифрова Освіта” აღნიშნულია, რომ პროექტს აქვს ოფლაინ შემადგენელი - პარტნიორი ციფრული განათლების ჰაბების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. რომ  გვითხრათ, რა არის ეს და როგორ შეუძლიათ უკრაინელებს ამ შესაძლებლობის გამოყენება?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: არსებითად, ეს ინიციატივა ჯერ კიდევ კურსის ამოქმედებამდე, სამი წლის წინ დაიწყო. მასში მონაწილეობენ ბიბლიოთეკების, სკოლების, უნივერსიტეტებისა და სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების ქსელები. ეს არის 6000-ზე მეტი პარტნიორი, რომლებიც დათანხმდნენ დახმარებოდნენ ციფრული განვითარების სამინისტროს უკრაინელების სწავლებაში. ეს ეხება არა მხოლოდ კრიპტოს. ეს არის ციფრული განათლება და კიბერუსაფრთხოების საფუძვლების სწავლება, ფართო გაგებით.
 
GN: როგორ აფასებთ უკრაინელების კომპეტენციის დონეს ციფრული ფულისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებთან მიმართებაში? არის რაიმე პირველადი გამოხმაურება კურსის პედაგოგებისგან?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: არსებითად, მესმის ბევრი გამოხმაურება სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი საზოგადოება, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებში ერკვევა. უცხოური კომპანიები აღნიშნავენ, რომ ძალიან დიდი აუდიტორია გვყავს, რომელსაც ამ ინდუსტრიის განვითარება სურს. ანუ, ეს მხოლოდ ჩემი პირადი განცდა კი არ არის, არამედ ობიექტური ხედვა გარედან. ასევე არსებობს ანალიტიკური კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინა 2022 წელს, მოსახლეობაში კრიპტოაქტივების გამოყენების ინდექსით, მსოფლიო ლიდერთა სამეულში შედის და უთმობს მხოლოდ ვიეტნამსა და ფილიპინებს. უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლებითაც ხუთეულში შევდივართ. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინფორმირებულობა კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით.
 
GN: თქვენ სწავლობდით და მუშაობდით შეერთებულ შტატებში, შეისწავლეთ ისრაელის გამოცდილება. შეგიძლიათ, შეადაროთ უკრაინელებისა და სხვა ქვეყნების მაცხოვრებლების კრიპტოწიგნიერების დონე?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: აშშ-სთან შედარება, ალბათ, კორექტული არ იქნება, რადგან იქაური მოსახლეობის რიცხოვნობა და თავად ფინანსების განვითარების ისტორიაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენისგან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ სისწრაფეს, რომლითაც ჩვენ ახლა ვეწევით მათ და იმ აქტივობებს, რომლითაც მიმდინარეობს ციფრული აქტივების მიმღებლობა, ჩვენ, შესაძლოა, მალე გავუსწროთ მათ.

მაგალითად, ისრაელში ვირტუალურ ვალუტებთან ბევრი კომპანია და მეწარმეა დაკავშირებული, მაგრამ ზოგადად მოსახლეობა არც თუ ისე ადაპტირებულია ასეთ ტექნოლოგიებთან. საქმე ისაა, რომ იქ საბანკო კონტროლისა და რეგულირების ძალიან მკაცრი სისტემა მოქმედებს, ამიტომ კრიპტოს ყოფითი გამოყენება ძალიან შეზღუდულია. რაც შეეხება ზოგადად იმას, თუ რა არის ფინანსური ბაზრები და როგორ მუშაობენ ისინი, ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით. მიზეზი კი მარტივია - მათი საფონდო ბირჟები უკვე სამასი წელია არსებობს. როცა ხელფასს კუპონებში ნაღდი ფულით გვიხდიდნენ, ამერიკელები უკვე დიდი ხანია საკრედიტო ბარათებით სარგებლობდნენ. აშშ-ში ფასიან ქაღალდებში, ან სხვა აქტივებში ინვესტიცია ჩვეულებრივი ამბავია თუნდაც საშუალო შემოსავლის მქონე რიგითი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ სივრცეში შესვლას, მაგრამ, მაგალითად, ჩვენი ონლაინ ბანკინგის სისტემა უკვე ბევრად უფრო პროგრესულია, ვიდრე ევროპაში.
 
GN: უკრაინა თავის ისტორიაში ყველაზე მძიმე ომს გადის და ციფრული განვითარების სამინისტრო ადამიანებს ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების შესახებ უყვება. ხომ არ წააწყდით საყვედურს ასეთი პროექტის უდროობის გამო? რას უპასუხებდით ადამიანს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ასეთი ინიციატივა, როგორც ხშირად ამბობენ, უდროოა?
 
ალექსანდრე ბორნიაკოვი: ასე ვიტყოდი: როდესაც პირველად გამოვაცხადეთ ეს კურსი, მაშინვე მივიღეთ 20 000-ზე მეტი წინასწარი რეგისტრაცია. ვფიქრობ, რომ ეს ციფრები მეტყველია - უკრაინელებმა გამოთქვეს ამ კურსის გავლის სურვილი. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებმაც სამუშაო და შემოსავალი დაკარგეს. ეს კურსი მათთვის შეიძლება იყოს ბიზნესის განვითარების პოტენციურად ახალი სფერო. ადამიანები ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. ბევრისთვის ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი, რასაც ისინი მიჩვეულები იყვნენ, მკვეთრად შეიცვალა. ჩვენ ვეხმარებით ახალ პირობებთან ადაპტაციაში. ცხოვრება უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. მაგრამ როგორი იქნება ის, დღეს დამოკიდებულია ჩვენზე და  ჩვენს სურვილზე, შევცვალოთ ჩვენი შეხედულება, მათ შორის ახალ ტექნოლოგიებზე.

GC
GN Crypto
ავტორი