კრეიგ რაიტი: გიჟი თუ პროფესიონალი მოდავე?

ფოტო - კრეიგ რაიტი: გიჟი თუ პროფესიონალი მოდავე?
კრეიგ რაიტი არის კროპტოსამყაროს ყველაზე ოდიოზური ფიგურა. ერთი მხრივ, მან ბიტკოინის პოპულარიზაციისთვის დიდი შრომა გასწია, მეორე მხრივ კი პოპულარობის სურვილმა და სიხარბემ ის საზოგადოებისთვის დაცინვის ობიექტად აქცია, ხოლო ბევრი ადამიანი მას რეალური სატოშის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.
კრეიგ რაიტის მიმართ სიძულვილი კრიპტოსაზოგადოებაში კარგ ტონად ითვლება. დაცინვის რაოდენობის მიხედვით, რაიტმა გადაუსწრო ბიტკოინ-ევანგელისტს როჯერ ვერს,ხოლო არაადეკვატური ქმედებების რაოდენობით, მან პირველი ადგილი დაიკავა, რომელიც ჯონ მაკ-აფის გარდაცვალების შემდეგ დაცარიელდა.

ეს დიდწილად დავების მიმართ გიჟური სიყვარულით არის განპირობებული, რომელშიც ის ბოლომდე ჩაეფლო,რათა მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ ის არის სატოში ნაკამოტო.

მაგრამ, ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ეს დამოკიდებულება რაიტს არ აწუხებს. როგორც ჩანს, ის ხელმძღვანელობს პრინციპით „შავი პიარიც პიარია“.

საჯაროდ ცნობილი ფაქტები კრეიგ რაიტის ბიოგრაფიიდან

წარმოგიდგენთ რამდენიმე უტყუარ ფაქტს თვითგამოცხადებული სატოშის ცხოვრებიდან:

  • დაიბადა 1970 წლის ოქტომბერში ავსტრალიაში. იქ გაატარა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი.
  • ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
  • მონაწილეობა მიიღო რამდენიმე კრიპტოვალუტის შემუშავებაში (მაგრამ 100%-ით დარწმუნებულები მხოლოდ  ბიტკოინ SV-ზე მის მუშაობაში შეიძლება ვიყოთ).
  • მას აქვს დიდი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების სფეროში.
  • ამტკიცებს, რომ აქვს დოქტორის ხარისხი ციფრულ კრიმინალისტიკაში.
  • აცხადებს, რომ აქვს ფილოსოფიის დოქტორის (PhD), ღვთისმეტყველების დოქტორის (ThD) და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კომერციულ სამართალში.
  • ჰყავს მეუღლე.
  • ის Twitter-დან გაიქცა და სოციალურ ქსელებს არ იყენებს.

კრეიგ რაიტი განთქმულია არა მხოლოდ დოქტორანტობით, არამედ თითქმის კოსმოსური მასშტაბის სიყვარულით დავების მიმართ .

რა არის ცნობილი პროცესებზე კრეიგ რაიტის მონაწილეობით

რაიტის Modus operandi არის  მის წინააღმდეგ მიღებული ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო კონფლიქტს, ის ხანგრძლივ სასამართლო დავად აქცევს.

1. ყველაზე ძველი ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილება კრეიგის წინააღმდეგ 2004 წლის 31 აგვისტოთია დათარიღებული. მაშინ ის დამნაშავედ ცნეს კონკურენტულ გარემოში ბიზნესის წარმოების დარღვევაში და სასამართლოსადმი უპატივცემულობაში. მას მიესაჯა 28-დღიანი პირობითი პატიმრობა და 250-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები. კრეიგ რაიტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამისთვის  მას ერთი წელი და დაახლოებით 150 000 დოლარი დასჭირდა.

2. 2013 წლის ივლისში რაიტს პირველად წაუყენეს ბრალი ფიცის ქვეშ ყალბი ჩვენების მიცემაში. მაშინ განიხილებოდა საქმე „რაიტი კლეიმანის წინააღმდეგ“, სადაც ჩვენი გმირი ცდილობდა დეივ კლეიმანის 100%-იან კუთვნილებაში მყოფ W&K-ის აქციების 50%-ს დასაკუთრებოდა და მოეპოვებინა კონტროლი ბიტკოინებზე, რომელიც  უცნაურ ვითარებაში გარდაცვლილ დეივს ეკუთვნოდა. მაშინ მოსამართლემ დაავალდებულა რაიტი, რომ 100 მილიონი დოლარი გადაეხადა კლეიმანის ქვრივისთვის და 43 მილიონ დოლარზე მეტი  W&K-ისთვის. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან რაიტი ასაჩივრებს უკვე მერამდენე განაჩენს. მოსამართლეებიც ვერ უძლებენ ამას და 2-3 სხდომის შემდეგ თვითაცილებას ითხოვენ, ხოლო რაიტს ჯერ განაჩენით დადგენილი თანხებიდან ერთი ცენტიც კი არ გადაუხდია.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ რაიტს ფულის გადახდა დააკისრა.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ რაიტს ფულის გადახდა დააკისრა.

3. 2017 წლიდან 2020 წლამდე კრეიგ რაიტი მოწმის სტატუსით მონაწილეობდა საქმეში, რომელსაც მისი მეუღლე Reliantco Investments Ltd-ს წინააღმდეგ აწარმოებდა. (დიახ, არ მოგესმათ. რაიტის მეუღლესაც უყვარს თავისუფალი დროის გატარება სასამართლო დარბაზში.) მოსამართლემ, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, მოწმე ასე აღწერა:
დოქტორი რაიტი ჩვენებას იძლეოდა. ყოველმხრივ შეუფერებელი მოწმე იყო. ის იყო აგრესიული, სულ კამათობდა და მიზანმიმართულად ახდენდა დამსწრეთა პროვოცირებას. ის თავს არიდებდა კითხვებს, რომლებზეც პირდაპირი პასუხის გაცემა არ სურდა
4. 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტომდე კრეიგს ბიტკოინ-ბლოგერ პიტერ მაკკორმაკთან ჰქონდა სასამართლო დავა. რაიტმა უჩივლა პიტერს იმის გამო, რომ მას ერთ-ერთ პოდკასტში თაღლითი უწოდა და დასცინა კრეიგის მცდელობებს თავი სატოში ნაკამოტოდ გაესაღებინა. მან მოითხოვა პიტერისგან 1,1 მილიონი დოლარი, როგორც მორალური ზიანის კომპენსაცია და ფინანსური ზარალის ანაზღაურება, რაც მას მიადგა, ვინაიდან მთელი მსოფლიოს წინაშე მატყუარად გამოცხადდა. მოსამართლე მარტინ ჩემბერლენმა გამოიტანა განაჩენი, რომ პროცესის დროს მაკკორმაკმა ვერ დაამტკიცა რაიტის თაღლითობა, ხოლო რაიტმა ვერ დაამტკიცა, რომ სწორედ ის იყო პირველი კრიპტოვალუტის შემქმნელი. შედეგად, სასამართლომ პიტერს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად £1 გადახდა დაავალდებულა, მაგრამ უარყო რაიტის მოთხოვნა, რომ მას მომავალში თაღლითი აღარ უწოდონ. ამასთანავე პიტერმა აღიარა, რომ 2-წლიანმა სასამართლო დავამ მასზე და მის ოჯახზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს იმდენად ნეგატიური გამოცდილება იყო, რომ ურჩევნია საერთოდ დაივიწყოს რაიტის არსებობის შესახებ.

5. ამჟამად გრძელდება Hodlonaut-თან სასამართლო დავა, რომელმაც ისევე, როგორც მაკკორმაკმა, საკუთარ თავს უფლება მისცა ეჭვი შეეტანა იმაში, რომ ჩვენი გმირი სატოში ნაკამოტოა. (ამ პროცესის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ინტერვიუში Hodlonaut-თან).

6. იმისათვის, რომ ორჯერ არ შეწუხებულიყო, რაიტმა მაშინვე შეიტანა სარჩელი Binance-ისა და Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ Hodlonaut-ს. (ამ სასამართლო სარჩელების  ბედი ჯერჯერობით უცნობია).

და ლოგიკურია ჩნდებოდეს კითხვა: არის თუ არა მისტერ კრეიგი კვერკულანტი* და ხომ არ საჭიროებს ფსიქიატრის დახმარებას?

ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ ასეთ მოსაზრებას, რომ არა ერთი მცირე ფაქტი:  სასამართლოს ყველა  ხარჯს აფინანსებს რაიტის ახლო მეგობარი და პარტნიორი, მილიარდერი კალვინ ეირი. თვითგამოცხადებულ სატოშის რეგულარულად ასეთი დიდი თანხების გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია. მისი პროექტის "ჭეშმარიტი ბიტკოინის" - BSV -ს წარმატება ძალზე საეჭვოა.

იქნებ ამ ტოქსიკური მანიპულაციების ნამდვილი მიზანი სატოშის საფულეზე კონტროლის მოპოვებაა?

*კვერკულანტი - არის ადამიანი აკვიატებული მოჩვენებითი პრობლემით, რომელიც ოფიციალურ ინსტანციებში დავას, საჩივრებს არის გადაყოლილი და საკუთარ ინტერესებს ძალზე აგრესიულად იცავს; დავის მოყვარული. კვერკულანტობა დამახასიათებელია პარანოიდალური ტიპის ფსიქოპათებისთვის.

კრეიგ რაიტის ციტატები

თუ ფიქრობთ, რომ ცხოვრება არის სავაჭრო ავტომატი, სადაც სიკეთეს ჩადებთ და ბედნიერებას მიიღებთ, მაშინ, ალბათ, იმედგაცრუება გელით. მე ეს ვიცი
ბევრი დეზინფორმაცია მოდის BTC მაქსიმალისტების მხრიდან, რომლებსაც ნარკომანიის და პორნოგრაფიაის ბაზრებზე დაბრუნება სურთ... და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ტყუილი და ცილისწამება, რომ სამართალდამცავებს არ შეუძლიათ დამნაშავეებისგან ბიტკოინების ამოღება... მთელი აზრი, რომლის მიტანასაც მე ვცდილობ, მდგომარეობს იმაში, რომ ბიტკოინი დაშიფრული არ არის
მე მაქვს დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ბიტკოინები და მე მათ ქველმოქმდებაზე დავხარჯავ. არ ვხუმრობ. მე მათ ვარიგებ. ასე რომ, ჩემი BTC მე არ დამრჩება. მე შევინარჩუნებ ჩემს ბიტკოინს - ბიტკოინს, რომელიც მე შევქმენი, ბიტკოინს, რომელზეც ჯერ კიდევ ვმუშაობ