ალიონა შევჩენკო: Ukraine DAO ფანდრაიზინგზე მეტია

ფოტო - ალიონა შევჩენკო: Ukraine DAO ფანდრაიზინგზე მეტია
რა სახის დახმარებას უწევს კრიპტოსაზოგადოება უკრაინას? რა მიზნები აქვს და რა სახის დახმარება სჭირდება Ukraine DAO-ს? პასუხებისთვის უკრაინელ ქალბატონს მივაკითხეთ, რომელიც რამდენიმე წელია ლონდონში ცხოვრობს და პირველი DAO პლატფორმის ორგანიზატორია, რომელიც კრიპტოსამყაროში უკრაინის მხარდამჭერებს აერთიანებს.
Gagarin News: გამარჯობა, ალიონა, მადლობა, რომ საუბარზე დაგვთანხმდით. უკრაინის DAO-სა და თქვენს, როგორც  დიდ ბრიტანეთში უკრაინის დახმარების კოორდინატორის საქმიანობაზე ბევრი კითხვა დაგვიგროვდა. ვეცდებით, ლაკონიურები ვიყოთ. 

ალიონა, პირდაპირ გკითხავთ: ხართ თუ არა ინტერვიუს ხასიათზე? გაქვთ ამისთვის საკმარისი დრო და ენერგია?

ალიონა: სინამდვილეში, ინტერვიუები თითქმის ყოველდღე მაქვს. ბევრი წინასწარ არის დაგეგმილი, ზოგი კი ექსპრომტად ხდება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობასთან, რათა მათთან ავთენტური უკრაინული გზავნილი მივიტანო. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ხმა გაიგონ და ამისთვის ბევრ ადამიანთან საუბარია საჭირო.

ადრე საჯარო გამოსვლების ძალიან მეშინოდა და დიდად არ მიყვარდა. მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ თითქოს რაღაც გადამეკეტა და ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ…

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ოქსფორდში წავედი და Oxford Union-ის წინაშე გამოვედი. ეს ყველაზე გავლენიანი სადისკუსიო საზოგადოებაა, რომელიც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აერთიანებს. იქ შესანიშნავად მიგვიღეს. აღმოჩნდა, რომ მათ Ukraine DAO-ის მთელი ფანკლუბიც კი აქვთ. ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა თაობა, რომელიც მალე პოლიტიკაში მოვა და გადაწყვეტილებებს სახელმწიფო დონეზე მიიღებს, ჩვენი უბედურების მიმართ გულგრილი არ არის.

ასე რომ, მთელ ჩემს დროს და ენერგიას სწორედ კომუნიკაციაზე ვხარჯავ.

Gagarin News: ვიცით, რომ ლონდონში უკვე დიდი ხანია ცხოვრობთ. გაქვთ საინტერესო სამუშაო და შეიძლება ჩაითვალოს, რომ თვენი ცხოვრება, ზოგადად, შედგა. რა იყო ის მოვლენა, რომელმაც Ukraine DAO-ის შექმნა გადაგაწყვეტინათ? ეს ომი პირადად შეგეხოთ?

რაც შეეხება „ცხოვრება შედგას“, ასე არ ვფიქრობ, რადგან ახლა ცხოვრება არ არსებობს. როდესაც მივხვდი, რომ ინტერვენცია მოხდებოდა (და ეს 2022 წლის იანვრის ბოლოს მოხდა), ჩემი ძველი ცხოვრება დასრულდა. დაიწყო ახალი. ყოველდღე დავდიოდი საპროტესტო აქციებზე, მიტინგებზე, პიკეტებზე რუსეთის საელჩოსთან. ეს იყო სასოწარკვეთილი მცდელობა, მომეყოლა სხვებისთვის იმის შესახებ, რაც მოხდებოდა. მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს ყურს თითქმის არავინ გვიგდებდა, ყურადღებას არ გვაქცევდნენ. 

24 თებერვალს კი ცხოვრება შეწყდა: აბსოლუტურად არ მაქვს თავისუფალი დრო, არც პირადი ცხოვრება. ფოკუსირება ომზე მოვახდინე. საინფორმაციო სივრცეში 24/7 რეჟიმში ვმუშაობ. სინამდვილეში ძილიც კი არ გამომდის ყოველ დღე. მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამ მომენტში შემიძლია უკრაინისთვის სასარგებლო ვიყო.

ომი პირადადაც შემეხო. მე წარმოშობით აღმოსავლეთიდან ვარ, ახლა იქ ჯოჯოხეთია. მშობლების გადაყვანა დასავლეთ უკრაინაში მოვახერხე, ამიტომ ისინი შედარებით უსაფრთხოდ არიან. მაგრამ ქალაქი, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, უკვე 6 თვეა იბომბება. ამიტომ ყველაფერი, რაც ხდება, გულთან ახლოს მიმაქვს, პირადადაც რომ არ მეხებოდეს.

Gagarin News: ვინ გეხმარებოდათ? იქნებ რჩევით, ან იქნებ პრაქტიკულად? ასეთი მასშტაბების მარტო დაძვრა ხომ შეუძლებელია.

ალიონა: გასული წლის იანვარში სხვა პროექტით (ასევე DAO-თი) სრულიად ვიყავი დაკავებული და ჩემი მეგობრები, რომლებიც ხედავდნენ, როგორ დავრბოდი საპროტესტო აქციებზე, მეუბნებოდნენ: "გააკეთე Ukraine DAO". მათ ვუხსნიდი, რომ ამ პროექტისთვის არც დრო მქონდა და არც რესურსები და მარტო ამას თავს ვერ გავართმევდი. მაგრამ მეგობრები ძალიან დამეხმარნენ და მხარი დამიჭირეს. ახლაც მიჭერენ მხარს. მათ გარეშე ყველაფერი, რასაც ახლა ვაკეთებ, შეუძლებელი იქნებოდა.

Ukraine DAO-მ მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ ინტერვენციამდე - 21 თებერვალს. პროექტი იგეგმებოდა, როგორც ფან-პლატფორმა, მაგრამ ახლა ის უფრო მეტში გადაიზარდა. ჩვენ ვაგროვებთ ფულს, მაგრამ პრიორიტეტული ჩვენთვის საინფორმაციო სამუშაოა. 

ჩვენ დიდი საზოგადოება გვაქვს, უმეტესობა უკრაინელია და თითქმის ყველა დავალებას კოლექტიურად ვასრულებთ. ამ მოცულობას ჩემით ვერ გავქაჩავდი. ხალხი შემოერთებას აგრძელებს, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენ უკვე მძლავრი საზოგადოება გვაქვს ჩამოყალიბებული. მე მას "ამაყს" ვუწოდებდი. ჩვენ ვცდილობთ ბრიტანეთში უკრაინის, ჩვენი ღირსების, ჩვენი ღირებულებების პატივისცემის გრძნობა წავწიოთ წინ. ჩვენ მხოლოდ ერთი წესი გვაქვს: „ან პატივს სცემ უკრაინას და ყურს გვიგდებ, ან შენი ადგილი აქ არ არის.“.

ჩვენს სივრცეში უკრაინელებს პრიორიტეტული ხმა აქვთ. ეს მთავარია.
ძალიან დაგვეხმარნენ უკრაინელები, რომლებიც ბლოკჩეინ პროექტების ლიდერები არიან. ილია პოლოსუხინმა გამაცნო ვიტალიკ ბუტერინი, მან კი - მამამისი. მირეკავდნენ, ან მწერდნენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი და მეკითხებოდნენ: "როგორ დაგეხმარო?"

და მეხმარებოდნენ: საინფორმაციო მხარდაჭერით, ფულით, შემუშავებით.

ამიტომ, გვაქვს შესაძლებლობა, ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც DAO-ს ფარგლებს სცილდება, მაგალითად, ვებრძოლოთ რუსეთს  საინფორმაციო ფრონტზე.

Gagarin News: რატომ შეჩერდა არჩევანი ბლოკჩეინ Ethereum-ზე?

ალიონა:
ეს ჩემთვის ყველაზე მშობლიური ბლოკჩეინია. თანაც, ის DAO-სთვის ტიპური და დეველოპერებისთვის მოსახერხებელია.  

Gagarin News: თუ გრძნობდით მხარდაჭერას ბუტერინების ოჯახისგან? რაში გამოიხატებოდა ის?

ალიონა:
მათი მხარდაჭერა მუდმივია, მათთან მუდმივად კავშირზე ვარ. დიმა (მამა) უფრო მენტორის როლს ასრულებს. ის DAO-ს საზოგადოების ლიდერად ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარა. ძალიან გონიერი კაცია, ძალიან გამოცდილი. დიმა ერთგვარი სენსეია. ის თევზს არ იძლევა, იძლევა ჯოხს, დაჭერა კი თავად მიწევს. და ეს მუშაობს, საქმისთვის ასე უკეთესია.

ვიტალიკ ბუტერინი ძალიან მოკრძალებულია, ის ბევრს ეხმარება, მაგრამ ამის აფიშირებას არ ახდენს. არასოდეს საუბრობს თანხებსა და რაღაც ქმედებებზე. მაგრამ ყველას ვეუბნები: "თუ მოგწონთ ვიტალიკი, მაშინ შეხედეთ მამამისს". ეს ოჯახი ბევრს გვეხმარება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენად მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ ისინი.

ერთი სასაცილო ეპიზოდი გამახსენდა. სექტემბერში, როდესაც ვიტალიკი კიევში, Kyiv Tech Summit-ზე დავპატიჟე, ნამდვილად ვლოცულობდით, რომ არაფერი ჩამოვარდნილიყო, რადგან რამდენიმე დღეში Merge განახლება უნდა მომხდარიყო. უკრაინაში ვიტალიკს რამე რომ დამართოდა, კრიპტოსაზოგადოება ცოცხლად შეგვჭამდა. სხვათა შორის, ბუტერინს "აზოვის" ბიჭები იცავდნენ. მაგრამ, ეს მიწაზე ხდებოდა, მაგრამ რა შეიძლება ჩამოვარდნილიყო იმ დღეებში ციდან...

Gagarin News: ჩვენ ვიცით, რომ შემოწირულებების უმეტესობა ანონიმურად მოდის. მაგრამ, თუ არიან ქველმოქმედები, რომლებიც დახმარებას არ მალავდნენ და თუ შეგიძლიათ მათი დასახელება?

ალიონა:
იყო დიდი შემოწირულება OnlyFans-ისგან (500 ETH) და ალექსის ოჰანიანისგან (Reddit). მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ  ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია სხვა შემოწირულებები: ჩვენ გვჭირდება დროისა და უნარების ინვესტიცია, რომელსაც ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში დებენ. ამჟამად ჩვენ არ ვაკეთებთ ფოკუსირებას დაფინანსების მოზიდვაზე. ჩვენ უფრო გვაინტერესებს თარჯიმნები, მაგალითად. ვამზადებთ ვიდეომასალებს ომის შესახებ, ვაკეთებთ მათთვის სუბტიტრებს. ჩვენ ვთარგმნით სტატიებს მედიისთვის.

პირადად ჩემთვის ეს ყველაზე ღირებულია, რადგან ეს არის დაცვის ხაზი, რომელსაც ახლა ვამაგრებ.

Gagarin News: ალბათ გსმენიათ სერგეი პრიტულასა და მისი ფონდის შესახებ. ერთხელ მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოუტანა მას ყველაზე მცირე შემოწირულებამ დონაციის ყველაზე დიდი რაოდენობა. მას მიჰყავდა სტრიმი - ახალ დონაციაზე საუბრობდა. ამ დროს ანგარიშზე 2 გრივნა ჩაერიცხა. სერგეიმ აჩვენა თავისი ტელეფონის ეკრანი გადარიცხვის შეტყობინებით და თქვა: "ყველაზე დიდი დონაციები შედგება ბევრი მცირე შემოწირულებისგან”. ამ ეთერის  შემდეგ, მის ანგარიშზე მცირე თანხების გადარიცხვების უზარმაზარი რაოდენობა შემოვიდა და დრონებისთვის ფულის აკრეფა რამდენიმე საათში დასრულდა.

ადამიანები ხშირად თვლიან, რომ მათი შემოწირულებები უმნიშვნელოა და ერიდებათ მცირე შემოწირულებების გაღება, თუ ხედავენ, რომ სხვები რიცხავენ თანხებს რამდენიმე ნულით. შეგიძლიათ, დაასახელოთ  Ukraine DAO-ს მიერ მიღებული ყველაზე მცირე შემოწირულებები?

ალიონა: ყოველთვის ვცდილობ, ადამიანებს ავუხსნა, რომ უკრაინის გამარჯვებაში საუკეთესო წვლილი არც შემოწირულებები და არც ჰუმანიტარული დახმარებაა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს არის დამოკიდებულება უკრაინის, როგორც სახელმწიფოსადმი. ეს არის ის, რაც ახლა კრიტიკულად გვაკლია, ფულზე მეტადაც კი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, რათა აღარ აღმოვჩნდეთ ამ საშინელ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ, რათა ეს აღარასოდეს განმეორდეს.

ბევრს ვმუშაობ დასავლურ აუდიტორიასთან და ვხედავ, რომ ისინი რუსეთთან მიმართებაში ილუზიების ტყვეობაში არიან და უკრაინას გლობალურად  სათანადოდ არ აფასებენ. ადამიანები Ukraine DAO-ს ფულს ურიცხავენ, მაგრამ ჩვენ თანასწორად არ აღგვიქვამენ. მე კი ვცდილობ, მათ საკუთარ თავში „შინაგანი რუსის“ მოკვლაში დავეხმარო.

Gagarin News: დააზუსტეთ, რას გულისხმობთ.

ალიონა:
ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მეგობრები და თაყვანისმცემლებიც კი არ აღიქვამენ უკრაინელებს, როგორც სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს თანასწორ მოქალაქეებს. მათი უმეტესობა იგივე იმპერიული ვირუსით არის დაავადებული, რომელიც ახლა რუსეთს დაეუფლა. და ამაში მე დიდ პრობლემას ვხედავ.

ჩვენ ახლა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით ზუსტად იმიტომ, რომ მათ ეგონათ და დღემდე ფიქრობენ, რომ ჩვენზე უკეთ იციან როგორ იცხოვრონ  რუსეთთან, როგორ მოექცნენ მას. ისინი ცდილობდნენ, ესწავლებინათ ჩვენთვის, თუ როგორ მოვქცეულიყავით სწორად და საერთოდ არ ითვალისწინებდნენ  ჩვენს აზრს. ასე რომ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. და ჩემი მთავარი ამოცანაა შევცვალო ეს ოდნავ უგულისყურო  შეხედულება უკრაინაზე, როგორც სახელმწიფოზე და ზოგადად უკრაინელებზე.

Gagarin News: ჩვენ ვიცით, რომ თქვენ როს ულბრიხტის დასახმარებლად ძალისხმევას კოორდინირებდით. ეს ძალიან ორაზროვანი ფიგურაა კრიპტოსამყაროში. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მისი სასჯელი (ორი უვადო თავისუფლების აღკვეთა) მისი კანონდარღვევისთვის ნამეტანი მკაცრია. რა არის FreeRossDAO-ს მიზნები?

ალიონა: მადლობა ამ კითხვისთვის. როს ულბრიხტის საქმეს დიდი ხანია ვადევნებ თვალს. ვაკვირდები, როგორც პროფესიონალი, რადგან მაქვს ორი უმაღლესი იურიდიული განათლება, უკრაინული და ბრიტანული. როგორც იურისტი, ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანს ამხელა ვადა პირველი დანაშაულის გასაჩივრების უფლების გარეშე მიუსაჯეს. მას არ აქვს მიდრეკილება ძალადობისკენ, სისასტიკისკენ, არ აქვს კრიმინალური აზროვნება.

ჩემთვის ის პოლიტპატიმარია. ეს ძალიან ბინძური საქმეა. მის მიმართ იყო ბევრი ცილისწამება, ბევრი ცრუ მტკიცებულება, ბევრი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც თავად პროკურორები ავრცელებდნენ. და რაც უფრო მეტს ვიგებ მის შესახებ ( ვკითხულობ მის ვლოგებს, ვესაუბრები მის ოჯახს), მით უფრო მესმის, რომ ამ უსამართლობის იგნორირება შეუძლებელია. Silk Road-ის გარეშე ბიტკოინი ასეთი პოპულარული ვერ იქნებოდა. ალბათ მის შესახებ ვერავინ ვერასდროს გაიგებდა.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენი, როგორც კრიპტოსაზოგადოების მოვალეობაა, ვიბრძოლოთ როსისთვის, მისი გათავისუფლებისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რითაც შეგვიძლია.

Gagarin News: ალბათ, თქვენ ახლა ზღვრამდე დატვირთული ხართ. უკვე თუ  ფიქრობთ, სად მიმართავთ თქვენს ენერგიას უკრაინის გამარჯვების შემდეგ?

ალიონა: მართალი გითხრათ, გამარჯვების შემდეგ ვგეგმავ გავაგრძელო სვლა იმავე მიზნისკენ, როგორც ახლა. ვფიქრობ, ეს გზა ძალიან გრძელი და მძიმე იქნება. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი საინფორმაციო ველში. ხალხმა ინფორმაციასთან მუშაობა არ იცის. და ეს დიდი პრობლემაა. არ ვიცი, შეიძლება თუ არა მომავალში ეს პრობლემა შემცირდეს, მაგრამ ვცდილობ, ფოკუსირება სწორედ ამ ამოცანაზე მოვახდინო.

ეს რთულია, რადგან ომმა გაამწვავა ყველა ჩემი პრობლემა, მათ შორის ჯანმრთელობის, რომელიც ჯერ კიდევ ომამდეც არსებობდა. საკუთარი თავისთვის დრო აღარ მაქვს. ერთადერთი, რაც მეხმარება, გავაგრძელო და წინ წავიწიო, არის ის, რომ ვხედავ - ჩემი საქმე სასარგებლოა. ძალიან ბევრ დადებით გამოხმაურებას ვიღებ.

ჩემს წინააღმდეგ ახლა ნამდვილი საინფორმაციო ომი გაჩაღდა. მაქვს ეჭვები, ვინ დგას ამის უკან და ვინ ცდილობს ჩემი რეპუტაციის დანგრევას.
მაგრამ მე ამას გავუმკლავდები.

სხვა გზა არ მაქვს. ჩემი ბაბუა, რომელიც 24 დეკემბერს ნიკოპოლში გარდაიცვალა, ამ საქმეში ყოველთვის მხარს მიჭერდა. გული მიკვდება, როდესაც ვფიქრობ: "ბოლო, რაც მან ცხოვრებაში ნახა, იყო ომი!" ამიტომ, ახლა ორის ნაცვლად ვიბრძოლებ - მის ნაცვლადაც.