Apple IOS-ზე მესამე მხარის აპლიკაციების დაყენებას დაუშვებს

ფოტო - Apple IOS-ზე მესამე მხარის აპლიკაციების დაყენებას დაუშვებს
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, Apple-ის მიერ მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დასასრულს უახლოვდება. Coinbase-თან დაკავშირებული, სკანდალური ისტორიის შემდეგ Apple Inc-ის ხელმძღვანელობა დათანხმდა, მესამე მხარის აპლიკაციების დეველოპერებთან დათმობაზე წასულიყო.
Apple იძულებულია, ერთ მომწოდებელთან მიბმის პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანოს, რათა ევროკავშირის ახალ წესებს შეესაბამებოდეს, რომლებიც ციფრული ბაზრის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ამოქმედდა. ეს კანონი ითხოვს, რომ ყველა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე მუშაობს, 2024 წლისთვის საკუთარ მოწყობილობებზე მესამე მხარის აპლიკაციების დაყენების შესაძლებლობა უზრუნველყოს. ყველა დეველოპერმა აპლიკაციებსა და სერვისებში არსებულ ძირითად ფუნქციებზე თანაბარი წვდომა უნდა მიიღოს.

ეს ნიშნავს, რომ iPhone და iPad მომხმარებლებს შეეძლებათ, ახალი აპლიკაციები App Store-ის გვერდის ავლით ჩამოტვირთონ, ან მათი მოწყობილობის ჯეილბრეიქის გარეშე, iOS-ზე მორგებული აპლიკაციები დააყენონ, რომლებიც მაღაზიაში არ არის.

Apple ცვლილებებისთვის თავის არიდებას დიდი ხანია ცდილობდა და ამას იმით ხსნიდა, რომ App Store-ში წარმოდგენილი აპლიკაციების გარდა, ნებისმიერი სხვა აპლიკაციის ჩამოტვირთვამ, შესაძლოა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. მონოპოლისტის წარმომადგენლები ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, „ვაშლის“ მოწყობილობების მომხმარებლებმა, შესაძლოა, პერსონალურ მონაცემებზე კონტროლი დაკარგონ და სმარტფონები ვირუსის თავდასხმებისთვის გახსნან.

თუმცა, აპლიკაციების დეველოპერები, რა თქმა უნდა, ამოისუნთქებენ, რადგან ახლა მათ შეუძლიათ, Apple-ის შეზღუდვებს გვერდი აუარონ (რომლებიც, მაგალითად, თუნდაც პირობითი პორნოგრაფიული შინაარსის აპლიკაციებს კრძალავს). ეს ასევე ნიშნავს, რომ ისინი iOS-ზე მორგებული აპლიკაციების შემუშავება და მათი სხვა მაღაზიებში (მათ შორის Google Play-ში) განთავსებას შეძლებენ, რითაც 30%-იან საკომისიოს აიცილებენ, რომელსაც Apple მისი ოფიციალური მაღაზიის მეშვეობით განხორციელებული ყველა ტრანზაქციიდან იღებს.

Apple-ის ზემაღალი გადასახადი დეველოპერებს დიდი ხნის მანძილზე აღიზიანებდა. Coinbase-თან დაკავშირებული საჯარო NFT-დავა და Fortnite Epic Games-ის დაბლოკვა, როგორც ჩანს, ის ჩალა გახდა, რომელმაც აქლემს ზურგი გაუტეხა.

ეს ნაბიჯი, შესაძლოა, NFT-საზოგადოებისთვის განვითარების კარგი სტიმული გახდეს, ვინაიდან სავაჭრო პლატფორმებისთვის OpenSea და Magic Eden შექმნილი, დღევანდელი iOS აპლიკაციები მომხმარებლებს ყიდვისა და გაყიდვის საშუალებას არ აძლევს. კოლექციონერებს მხოლოდ NFT-ების ნახვა შეუძლიათ, რაც Web3 პლატფორმებზე ვაჭრობის მოცულობას მკვეთრად ზღუდავს.