კრიპტოკომპანიების გაკოტრება: რეალურია თუ არა თანხების დაბრუნება?

ფოტო - კრიპტოკომპანიების გაკოტრება: რეალურია თუ არა თანხების დაბრუნება?
კრიპტოკომპანიების გაკოტრების შემდეგ თანხების ანაზღაურების საკითხი იწელება ბირჟა Mt.Gox-ის ისტორიის შემდეგ, რომელსაც დღემდე არაფერი აუნაზღაურებია. მაგრამ სხვა შემთხვევები გვეხმარება, უკეთ გავიგოთ, თუ რას უნდა ელოდონ მომხმარებლები მსგავს სიტუაციებში.
რა თქმა უნდა, ბევრს სურს, იხილოს გადაწყვეტილება FTX-თან დაკავშირებით, მაგრამ კრედიტორებისა (სასამართლო საქმეებში ყველა კლიენტს ასე აღნიშნავენ) და ადვოკატების  უზარმაზარი რაოდენობის წყალობით, კომპანიის ლიკვიდაციის საკითხი გადაიდო, რადგან ბირჟის ხელახლა ამოქმედებაში ბევრია დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის მტკიცებით, საბოლოო დახურვის შემთხვევაში, ადამიანები ვერაფერს მიიღებენ, სხვა პროექტების ისტორიები სულ სხვა რამეს მოწმობს.

QuadrigaCX

ესაა კრიპტოვალუტური ბირჟა კანადიდან, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს, უცნაურ გარემოებებში გაკოტრდა: თავიდან გამოცხადდა ხელმძღვანელის გარდაცვალების შესახებ, რომელიც პირადად ინახავდა პრივატულ გასაღებს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა თაღლითობის შესახებ, რომელიც კლიენტების აქტივებით იყო ჩადენილი.

ცოტა ხნის წინ, ახალმა მინდობილმა მმართველმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი დარჩენილი სახსრების განაწილების გეგმა. თუმცა, 2019 წლის გაცვლითი კურსის გამოყენებითაც კი, კრედიტორებს თავიანთი დეპოზიტის მხოლოდ 13%-ის დაბრუნება შეუძლიათ და ამას მთელი შეგროვებული აქტივების 87% დასჭირდება. 

კომპენსაციას "შუალედურ ანაზღაურებად" მოიხსენიებენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანხა მომავალში გაიზარდოს.

Voyager Digital

დაკრედიტებაზე ორიენტირებულმა კრიპტოპლატფორმამ გაკოტრებაზე განაცხადი 2022 წლის ზაფხულში შეიტანა. თავდაპირველად გუნდი ბიზნესის რეორგანიზაციას, უფრო სწორად, გაყიდვას გეგმავდა. რიგში პირველი აღმოჩნდა ბირჟა FTX, რომლის შეთავაზება კლიენტებისთვის 72%-იან კომპენსაციას  მოიცავდა. თუმცა, სანამ სასამართლო შეთანხმებას დაამტკიცებდა, სემ ბენკმენ-ფრიდმა (FTX-ის ხელმძღვანელმა) თავისი ბიზნესი გაანადგურა. ამის შემდეგ, მთავარი პრეტენდენტი Binance US იყო, მაგრამ მალე, მარეგულირებლის ზეწოლის გამო, მან თავისი მცდელობა შეწყვიტა.  

ახლა პლატფორმას სხვა არჩევანი აღარ დარჩა და, სავარაუდოდ, მას  ლიკვიდაცია და აქტივების გაყიდვა ელის. წინასწარი მონაცემებით, კომპანია თითოეული დეპოზიტის 36%-მდე დაბრუნების პირობას დებს, თანაც, გადახდების განხორციელებას იგეგმება კრიპტოვალუტაში, ანუ ფიქსირებული კურსის გარეშე. თანხა მცირეა, რადგან ამერიკულმა სასამართლოებმა უკვე დაადგინეს: საშემოსავლო ანგარიშები (პროცენტების დარიცხვით) მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ კრიპტოვალუტაზე უფლებების გადაცემით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მფლობელებს აქვთ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სტატუსი და იძულებულნი არიან, აქტივები რიგითობის პრინციპით გაიყონ.

BlockFi

პლატფორმა Voyager Digital-ის კონკურენტი იყო და FTX-ის დაშლისთანავე დაიხურა. მისი დავალიანება კრედიტორების მიმართ 1 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი ყიდვით მხოლოდ რამდენიმე დაინტერესდა (მთავარი პრეტენდენტი იყო Binance US), მაგრამ აქაც აშშ-ის მარეგულირებლები ჩაერივნენ, ამიტომ ბირჟამ შეძენაზე უარი განაცხადა.

Voyager-ისგან მთავარი განსხვავება ის იყო, რომ პლატფორმამ  საინვესტიციო და სამეურვეო ანგარიშები გამიჯნა. საფულის რეგულარული მომხმარებლები, სავარაუდოდ, სრულ თანხას მიიღებენ, ხოლო საშემოსავლო ანგარიშის მფლობელები კი - არა. ეს მაგალითი უზრუნველყოფილ და არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს შორის უზარმაზარ განსხვავებას აჩვენებს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენს მიიღებენ ეს უკანასკნელები, თუმცა ოფიციალური პროგნოზი იწყება 33%-დან და ზემოთ, რაც დამოკიდებულია კომპანიის ქვედანაყოფის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ვალების წარმატებით დაბრუნებაზე.

დასკვნა

თუ სხვადასხვა კრიპტოკომპანიის გაკოტრების შედეგებს გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ საკმარისი ლიკვიდობის შემთხვევაში, ჩვეულებრივი ანგარიშების მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის სრული დაბრუნების იმედი ჰქონდეთ. ხოლო  დანარჩენი კლიენტები კი დიდ კომპენსაციას არ უნდა ელოდონ: პრაქტიკაში, ის დეპოზიტის 35%-ს იშვიათად აღემატება. ამ კონტექსტში FTX-ს რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველა ტრეიდერი არის უზრუნველყოფილი კრედიტორი, მაგრამ საკითხი საკმარისი რაოდენობის აქტივების შესახებ ისევ ღია რჩება. ასე რომ, ხელახალი ამოქმედება ალბათ ყველასთვის საუკეთესო ვარიანტია.