ბლოკჩეინის შარდინგი. ქსელის მასშტაბირების სარისკო მეთოდი?

ფოტო - ბლოკჩეინის შარდინგი. ქსელის მასშტაბირების სარისკო მეთოდი?
ბლოკჩეინის კონცეფციას საფუძვლად უდევს პრინციპი, რომელიც მის დეცენტრალიზაციასა და უსაფრთხოებას ინარჩუნებს, მაგრამ ქსელის გაფართოებასთან ერთად პროდუქტიულობას ართულებს.
ის გულისხმობს, რომ თითოეულმა ნოდმა (კომპიუტერულმა კვანძმა), რომელიც პასუხისმგებელია განაწილებული რეესტრის ფუნქციონირებაზე, ყველა ახალი ტრანზაქცია უნდა დაამუშაოს და ჯაჭვის ყველა ბლოკის ასლი შეინახოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისება თავდაპირველია, ის თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება და ქსელის მასშტაბირებას უშლის ხელს, ამიტომ ბოლო დროს ამ ბარიერის გადალახვის აქტუალობა იზრდება. მაგალითად, შარდინგის დახმარებით, რომელიც მონაცემთა ჩვეულებრივი ბაზებისთვის ბუნებრივი მოვლენაა.

ბლოკჩეინის შარდინგი არის ქსელის დაყოფა თავისი უფლებამოსილებების მქონე ბევრ დამოუკიდებელ სეგმენტად (შარდებად), რომელთაგან თითოეული მონაცემთა გარკვეული ნაწილის გამოთვლასა და შენახვაზეა პასუხისმგებელი. ამის წყალობით, ბლოკჩეინის რესურსები უფრო ეფექტურად გამოიყენება. კვანძებს შორის დატვირთვა თანაბრად ნაწილდება, ნოდებს ერთი და იგივე მოცულობითი სამუშაოს შესრულება არ სჭირდებათ.

უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზაციის შესანარჩუნებლად, რეესტრის სხვადასხვა ქვედანაყოფი ერთმანეთთან სინქრონიზებულია: მათ მონაცემთა გაცვლა და მეზობელი შარდების ჩანაწერების ნახვა შეუძლიათ. ზოგიერთი ბლოკჩეინი, რომელიც წარმატებით იყენებს შარდინგს, არის Near Protocol, Polkadot და Zilliqa.

ბლოკჩეინის შარდინგის უპირატესობები

სეგმენტაციას ბევრი დადებითი შედეგი მოაქვს. პირველ რიგში, ბლოკჩეინის მასშტაბირება უფრო ადვილი ხდება, მისი გაფართოების უნარი პრაქტიკულად შეუზღუდავია, რაც იწვევს უფრო დიდ პროდუქტიულობას. შარდინგის შემთხვევაში, ყოველი ახალი კომპიუტერული კვანძი, რომელიც უკავშირდება ქსელს, არ ხდება დამატებითი ტვირთი რეესტრისთვის, არამედ პირიქით, ამარტივებს მის მუშაობას. ზოგადად, ბლოკჩეინს შეუძლია გაცილებით მეტი ინფორმაციის შთანთქმა, თუ მასში შარდინგი გამოიყენება.

ეს იწვევს შემდეგ მთავარ უპირატესობას - ნოდის ასამოქმედებლად მძლავრი აღჭურვილობა საჭირო აღარ არის. ეს პროცესი ბევრად უფრო ადვილი ხდება, ვინაიდან პერსონალური კომპიუტერიც საკმარისი იქნება.

თავის მხრივ, ამ მახასიათებლიდან გამომდინარეობს შემდეგი: უფრო მეტ მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ბლოკჩეინის უზრუნველყოფას, მასზე უფრო მეტი დეცენტრალიზებული აპლიკაციების გაშვებაა შესაძლებელი.

და ბოლოს, ქსელში მოვალეობების განაწილება ამცირებს ტრანზაქციის დამუშავების შეფერხებას, ზრდის ტრანზაქციების რაოდენობას წამში და ამცირებს საკომისიოებს. ბლოკჩეინი უფრო მსუბუქი, მოქნილი და რენტაბელური ხდება.

შარდინგის საფრთხეები

სეგმენტაციის ჩამოთვლილი უპირატესობები არ გამორიცხავს საფრთხეებს, რომლებიც მის გამოყენებას ახლავს თან.

როგორც დასაწყისში აღინიშნა, ბლოკჩეინის სპეციფიკური მახასიათებელია ტრანზაქციების მთელი ისტორიის შენახვა და გამოთვლითი სიმძლავრის დახარჯვა სხვადასხვა კვანძზე არსებული ერთსა და იმავე ინფორმაციის დამუშავებაზე, რაც უზრუნველყოფს მის დეცენტრალიზაციასა და უსაფრთხოებას.

როდესაც ბლოკჩეინი იყოფა სხვადასხვა სეგმენტად, თითოეულს თავისი მონაცემები აქვს, კვანძის ამოქმედება კი დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, ჰაკერებისთვის მასზე თავდასხმა უფრო ადვილია. გაცილებით ადვილია გარკვეული შარდის, ვიდრე ქსელის 51%-ის  კონტროლი. თუ ცალკეული სეგმენტი იწყებს მავნე ტრანზაქციების გავრცელებას, მაშინ საფრთხეში შეიძლება მთელი განაწილებული რეესტრი აღმოჩნდეს.

თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გატეხის რისკი ნებისმიერ პირობებში რჩება, მაშინაც კი, თუ ბლოკჩეინი ხარისხიანადაა დაცული.

არსებობს თუ არა შარდინგი Ethereum-ის ბლოკჩეინზე?

ფაქტობრივად, Ethereum-ის დეველოპერები შარდინგზე მათი ბლოკჩეინის გამოჩენისთანავე დაფიქრდნენ. ახლა, როდესაც ის სიდიდით მეორე განაწილებული რეესტრია, ეს, ქსელის გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო ნაბიჯია. ამიტომ შარდინგი Ethereum-ის განახლების გეგმის ნაწილია.

გარდა ამისა, ნაწილობრივ ის უკვე ფუნქციონირებს ქსელში. ამის შესახებ ყველამ არ იცის, მაგრამ სეგმენტირება გამოიყენება მის ერთ-ერთ მეორეხარისხოვან ჯაჭვში, სახელწოდებით Beacon Chain. სწორედ მისი დახმარებით ბლოკჩეინი წარმატებით გადავიდა კონსენსუსის ალგორითმზე Proof-of-Stake. ქსელი პასუხისმგებელია ჯვარედინი ბმულების დამუშავებასა და შენახვაზე და მხარს უჭერს ვალიდატორების სისტემას. შეიძლება ითქვას, რომ ის ძირითადი ბლოკჩეინის ხერხემალია.

Ethereum-ის საგზაო რუკის მიხედვით, ქსელის სრული განაწილება სეგმენტებად 2023 წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. ბლოკჩეინის დეველოპერებს გადაჭარბებული მოწყვლადობის პრობლემის გადაწყვეტის გზაც კი აქვთ. მათი შეთავაზება ბლოკჩეინის დამოუკიდებელ ნაწილებზე ვალიდატორების განაწილების შემთხვევითობის პრინციპში და მათი პოზიციებისა და პასუხისმგებლობების მუდმივ შეცვლაში მდგომარეობს. ამის გამო, ბოროტმოქმედებს გაუჭირდებათ სისტემაში ორიენტაცია და ინფრასტრუქტურის დაზიანება.

საბოლოო ჯამში, შარდინგი არ არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება Ethereum-ის შემთხვევაში. მიმომხილველ Etherscan-ის თანახმად, Ethereum-ის სრული ნოდები იწონის დაახლოებით 5 ტერაბაიტს, რაც 10-ჯერ აღემატება სახლის კომპიუტერის ტევადობას. მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, კომპიუტერული კვანძები კიდევ უფრო დამძიმდება, რაც მათ მუშაობას გაართულებს.

მონაცემთა ცალკეული ნაკრების მქონე სეგმენტებად ბლოკჩეინის დაყოფის გარეშე რთულია მასშტაბირების მიღწევა საიდჩეინებისა და ძირითადი ქსელის თავზე მომუშავე მეორე დონის გადაწყვეტილებების გამოყენების გარეშე.