სანთლური პატერნები – როგორი არსებობს და მუშაობს თუ არა ვაჭრობაში?

ფოტო - სანთლური პატერნები – როგორი არსებობს და მუშაობს თუ არა ვაჭრობაში?
სანთელი, დროის გარკვეულ მონაკვეთში აქტივის ფასის ქცევის ვიზუალური გამოსახულებაა.
იაპონური სანთლები გრაფიკის ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი ატრიბუტია. მათი დახმარებით შეგიძლიათ, ფასის მოძრაობის სიძლიერე, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები განსაზღვროთ. ასევე სანთლები, სხვა ფაქტორებთან ერთად, აქტივის ანალიზის სრულად გამოვლენაში დაგეხმარებათ.

ჩვენ მოვამზადეთ მასალა სანთლური ანალიზისა და ყველაზე პოპულარული ფიგურების შესახებ.

რა არის სანთელი?

სანთელი ფასის ქცევის „შეკუმშული“ გამოსახულებაა. რაც უფრო დიდია თაიმფრეიმი, მით უფრო ძლიერად იკუმშება გრაფიკი. მაგალითად, ოთხსაათიანი სანთელი ასე გამოიყურება:
4-საათიანი სანთელი

4-საათიანი სანთელი

ასე კი გამოიყურება გრაფიკის მონაკვეთი, თუ ზემოხსენებულ სანთელს 5-წუთიან თაიმფრეიმზე გავხსნით. 
5-წუთიან თაიმფრეიმზე გახსნილი "ოთხსაათიანი" სანთელი

5-წუთიან თაიმფრეიმზე გახსნილი "ოთხსაათიანი" სანთელი

სტრუქტურულად, ერთი სანთელი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

■ High – ფასის მაქსიმუმი სანთლის პერიოდისთვის;

■ Low – ფასის მინიმუმი სანთლის პერიოდისთვის;

■ Open, Close – სანთლის გახსნისა და დახურვის წერტილები;

■ Candle body – სანთლის სხეული, ანუ ფასის ცვლილების ამპლიტუდა გახსნის მომენტიდან დახურვამდე;

■ Upper, Lower wick - სანთლის მაქსიმალური და მინიმალური ამპლიტუდა მისი ფორმირების პერიოდში.
სანთლის შემადგენელი ნაწილები

სანთლის შემადგენელი ნაწილები

სანთლები ფასების ქცევის გამოსახულების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია. ისინი საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა ქრონოლოგიურ ჩარჩოში დროითი მონაცემების სტრუქტურირება თანმიმდევრობით მოახდინოთ. ტექნიკური ანალიზის ჩასატარებლად, გრაფიკი, უმეტესად, გამოსახულია იაპონურ სანთლებში, ან "ბარებში" (ნუ აგვერევა ლუდის ბარებში).

სანთლები და ტრეიდინგი

პატერნებისგან, ან ტექნიკური ფიგურებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება, ფასის ზემოთ, ან ქვემოთ სავარაუდო მოძრაობაზე მიანიშნებდეს, სანთლური კომბინაციები მხოლოდ და მხოლოდ რევერსული სტრუქტურებია. მარტივად რომ ვთქვათ, სანთლები გამოიყენება მაშინ, როდესაც ფასის შემობრუნების წერტილის დადგენაა აუცილებელი.

მოდით, განვიხილოთ ყველაზე პოპულარული სანთლური ფიგურები და როგორ გამოიყენება ისინი პრაქტიკულ ტრეიდინგში.

ხარული და დათვური შთანთქმა

კომბინაცია სხვადასხვა მიმართულების 2 სანთელს წარმოადგენს, სადაც მეორე სხეული პირველს მთლიანად ფარავს. თუ წითელი და მწვანე სანთლები ამ თანმიმდევრობით მოდის, მაშინ მოხდა ხარული “შთანთქმა": ხარულმა სანთელმა დათვური "დაჯაბნა". დათვური შთანთქმის შემთხვევაში, ყველაფერი სარკისებურად პირიქითაა. 

შთანთქმა გრაფიკზე ხშირად ჩნდება და შეიძლება, ტენდენციის ცვლილებაზე, ან მხარდაჭერის/წინააღმდეგობის ძლიერ დონეზე მიუთითებდეს. დონეზე რეაქციის დასადასტურებლად, რეკომენდებულია, შემდეგ სანთელს დაელოდოთ.
ხარული შთანთქმა

ხარული შთანთქმა

დათვური შთანთქმა

დათვური შთანთქმა

“მუქი ღრუბლის საფარი” და “გამონათება ღრუბლებში”

წინას მსგავსი სანთლური კომბინაცია. განსხვავება ისაა, რომ მეორე სანთელი პირველს არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ ფარავს. გადაწყვეტილების მისაღებად, ხშირად, მომდევნო სანთლის ფორმირებას უნდა დაელოდოთ.
მუქი ღრუბლის საფარი და გამონათება ღრუბლებში

მუქი ღრუბლის საფარი და გამონათება ღრუბლებში

ხარული და დათვური ურო

ეს დიდი პატრუქის და პატარა სხეულის მქონე სანთელია. ურო მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ძლიერი ბრძოლის მომენტში ფორმირდება. როდესაც ერთნი რაოდენობით მეორეებს აღემატებიან, ისინი ფასის "გამოდევნას" ახდენენ და სანთელი დაახლოებით იქვე იხურება, სადაც გაიხსნა. ამავდროულად, დიდი პატრუქი იქმნება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ფასი ფართო დიაპაზონში მოძრაობს.

უროს დამხმარე ინდიკატორი ვაჭრობის დიდი ვერტიკალური მოცულობაა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სანთლის ფორმირების პერიოდში ბევრი კონტრაქტი ივაჭრებოდა და ტრენდმა მიმართულება მართლაც შეიცვალა.
ხარული ურო

ხარული ურო

დათვური ურო

დათვური ურო

დილისა და საღამოს ვარსკვლავი

3-სანთლიანი კომბინაცია, სადაც ერთი მათგანი წარსული მოძრაობის ინდიკატორია, მეორე - ბაზარზე მიმდინარე ბრძოლის, ხოლო მესამე - ტრენდის ცვლილების. დილის ფიგურა ეწოდება იმას, რომელიც დაცემას ზრდით ცვლის, საღამოსი კი - პირიქით.

უროს მომენტის ანალოგიურად, კარგ მაჩვენებლად აქაც შუა სანთელზე დიდი მოცულობის ვაჭრობა ითვლება.
დილის ვარსკვლავი

დილის ვარსკვლავი

საღამოს ვარსკვლავი

საღამოს ვარსკვლავი

გავრცელებულ ფიგურებს ასევე განეკუთვნება "დოჯი", "ჰარამი", "საფლავის ქვა" და "ჭრიჭინა". თითოეული ეს კომბინაცია ტრენდის პოტენციურ ცვლილებას აღნიშნავს. თუ ხანგრძლივი დაცემის შემდეგ ეს პატერნი ჩამოყალიბდა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, მოხდება აქტივის აღმავალი მოძრაობის შემობრუნება (ან პირიქით). 

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რაც უფრო დიდია თაიმფრეიმი, მით უკეთ მუშაობს სანთლური პატერნები. უმჯობესია, დაიწყოთ 1H-იანი (1 საათი), ან 4H-იანი (4 საათი) თაიმფრეიმით. უფრო მცირე დროის ჩარჩოები ბევრ საბაზრო სიტუაციას შექმნის, რომელთა უმეტესობა მხოლოდ დააბნევს ტრეიდერს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანთლები დამხმარე ტიპის ანალიზია, რომელიც  უნდა იყოს გამოყენებული სხვა ატრიბუტებთან ერთად, როგორიცაა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ზონები, ვაჭრობის მოცულობა, ტექნიკური ფიგურები და სხვადასხვა ინდიკატორი.