კრიპტოვალუტებთან რთული დამოკიდებულების მიუხედავად, ჩინეთი ციფრული აქტივებით ვაჭრობის ჩინურ პლატფორმას ქმნის. ფაქტობრივად, ის NFT-მარკეტფლეისი გახდება, რომელსაც სახელმწიფო საფუძვლიანად აკონტროლებს და რომელიც ეროვნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ჩინეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელმაც 2021 წელს ვირტუალური ვალუტების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა. თუმცა, ეს ხელისუფლებას კრიპტოვალუტების კვლავ "მორალურად განადგურებაში" ხელს არ უშლის, რომელიც მას ხან ადგილობრივ უკანონო ნარკოვაჭრობას უკავშირებს, ხან ინტერნეტ სივრცეში ვალპურგის ღამეს აწყობს და თემატურ ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების ანგარიშებს მასობრივად ბლოკავს.
გასაკვირი არ არის, რომ ახალმა ამბავმა სახელმწიფო NFT-მარკეტფლეისის შექმნის შესახებ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო sina.com.cn-ის ცნობით, ჩინეთის ციფრული აქტივების სავაჭრო პლატფორმა 2023 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. პლატფორმის ოფიციალური გახსნა, რომლის სპეციალიზაცია მეორადი ვაჭრობაა, პეკინში გაიმართება. მარკეტფლეისის შემქმნელებად დასახელებულია: ჩინეთის ტექნოლოგიების ბირჟა, ჩინეთის კულტურული რელიკვიების გაცვლის ცენტრი და კერძო კორპორაცია Huban Digital Copyrights Ltd.
„ამჟამად კონკრეტული საქონელი და ვაჭრობის წესები ჯერ კიდევ შესწავლისა და განხილვის ეტაპზეა. მაგალითად, არსებობს ტრანზაქციის სიჩქარისა და შეკვეთის მიწოდების ხარჯების მოთხოვნები, ხოლო მეორად ბაზარზე ზედმეტი სპეკულაციების თავიდან აცილება სტანდარტიზებული სავაჭრო პროცესებისა და ნორმების ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი”, - განაცხადა Huban Digital Copyrights Ltd.-ის პრეზიდენტმა, ინ ტაომ.
სახელმწიფო მარკეტფლეისი მხოლოდ NFT-ების გაცვლისთვის კი არ არის შექმნილი, არამედ ციფრული აქტივების საავტორო უფლებებით ვაჭრობისთვისაც. შემქმნელების მიერ დასახული ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მეორად ბაზრებზე სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ჩინეთის კომუნიკაციის ინდუსტრიის ასოციაციის ბლოკჩეინის სპეციალური კომიტეტის თანათავმჯდომარის, იუ ცზიანინის თქმით, პლატფორმა კულტურული ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას დააჩქარებს. მოსალოდნელია, რომ ეს სფეროს ძირითადი პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რომელთა შორისაა დავები საავტორო უფლებების შესახებ, კოლექციების ღირებულება და ტექნიკური შეზღუდვები.
კრიპტოვალუტების მიმართ კატეგორიული დამოკიდებულების მიუხედავად, ნოემბრის ბოლოს ხანგჭოუს სპეციალიზებულმა ინტერნეტ სასამართლომ დაადგინა, რომ NFT ვირტუალური საკუთრების კატეგორიას მიეკუთვნება და ელექტრონული კომერციის შესახებ მოქმედი კანონით უნდა დარეგულირდეს. ეს დასკვნა მოსამართლეებმა საკუთრების უფლების ობიექტური მახასიათებლების გათვალისწინებით გააკეთეს - ღირებულება, მართვადობა, იშვიათობა და გაყიდვის შესაძლებლობა.