კრიპტოვალუტა უკრაინაში: ვიკვლევთ შრედინგერის კატას

ფოტო - კრიპტოვალუტა უკრაინაში: ვიკვლევთ შრედინგერის კატას
კანონს „ვირტუალური აქტივების შესახებ“ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი 2022 წლის 17 თებერვალს მოაწერა. მაგრამ ის ჯერ არ მუშაობს და ამუშავდება მხოლოდ ათეული კანონქვემდებარე აქტისა და საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ.
ზოგიერთ ტერმინთან დაკავშირებით მარეგულირებლები დღემდე ვერ ყალიბდებიან ინტერპრეტაციაზე. ამიტომ ახლა ვერ ვისაუბრებთ კრიპტოვალუტაზე, როგორც სამოქალაქო უფლებების ლეგალურ ობიექტზე უკრაინაში.

ჩვენ ახლა არ შევალთ დეტალებში, ვის აწყობს პრობლემის გადაწყვეტის გადავადება. არსებული მდგომარეობაში ვერაფერს შევცლით.

ამის ნაცვლად, მოდით ვცადოთ გარკვევა, როგორ ვიყოთ უბრალო კრიპტელები, თუ კრიპტოვალუტა გვაქვს შრედინგერის კატის დონეზე (ის არსებობს და ამავდროულად არ არსებობს).

როგორ გამოვიყენოთ ციფრული ფული და არ დავარღვიოთ კანონი, რომელიც არ არსებობს? როგორ არ მოვხვდეთ საგადასახადოს, ან კიბერპოლიციის სამიზნეში? კანონის არარსებობა ხომ არ აჩერებს ფისკალურ სისტემას, მაშინაც კი, თუ თქვენ კრიპტოკომპანია კი არა, არამედ წვრილი ტრეიდერები ხართ.

საყოფაცხოვრებო დონეზე ბევრი კითხვა ჩნდება:

  1. როგორ გავყოთ კრიპტოვალუტა განქორწინებისას?
  2. შესაძლებელია თუ არა ბიტკოინის მემკვიდრეობაში დატოვება?
  3. ვის შეუძლია დაიცვას კრიპტოვალუტის მფლობელის ინტერესები უკრაინის (მსოფლიოში ყველაზე სამართლიან!) სასამართლოში?
  4. სად ვიპოვოთ კრიპტონოტარიუსი?

ჩვენ ყველამ ვიცით მარტივი სიმართლე: ვისიც არის გასაღები, სწორედ მისია  ბიტკოინი. მაგრამ რა ვქნათ, თუ გასაღების მფლობელი რაიმე მიზეზით იცვლება? ის კი ხშირად იცვლება, რადგან უკრაინა კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი მიმღებლობის მქონე ქვეყნების ხუთეულში შედის.

განქორწინება და კრიპტოვალუტა

უკრაინის ყოველი მეთხუთმეტე მაცხოვრებელი ინახავს კრიპტოვალუტას, ან ვაჭრობს მისით. ყოველი ოცდამეხუთე აგროვებს ტოკენებს აირდროპების, "ონკანების" საშუალებით, ან იღებს ხელფასს “ციფრულ კონვერტში“. ამიტომ, გასაკვირი იქნებოდა, თუ ყველა იმ წყვილს შორის, რომლებმაც განქორწინება გადაწყვიტეს, არ აღმოჩნდებოდა არც ერთი, ვინც კრიპტოვალუტას ფლობდა.

უკრაინის სამოქალაქო სასამართლოებში უკვე გამოჩნდა საქმეები  ციფრული ფულის სახით ერთობლივად შეძენილი ქონების გაყოფის შესახებ. მაგრამ ამ სასამართლოების თითქმის ყველა გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის შემთხვევაში შესრულებადი არ არის. მიზეზი: საკუთრების ანონიმურობაა. სასამართლომ ზუსტად უნდა დაადგინოს ვირტუალური აქტივის სახით ქონების არსებობის ფაქტი. როდესაც მხარეთა ინტერესები საპირისპიროა, ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია. სამოქალაქო სასამართლოს არ აქვს ისეთი ინსტრუმენტები, რაც სისხლის სამართლის სასამართლოს აქვს (ჩხრეკა, ამოღება, მოსმენა).

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქმარი, მაგალითად, უარს იტყვის სასამართლოსთვის თავისი კრიპტოსაფულის მისამართის მიწოდებაზე, რომელზეც ცოლის თქმით, კრიპტოვალუტა ინახება, სასამართლო არ მიიღებს მოთხოვნას მისი გაყოფის შესახებ.

 რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში?

ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ერთი რამ გირჩიოთ: ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოილაპარაკეთ. ჯერჯერობით, მხარეებს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმების გარდა სხვა ვარიანტი არ არსებობს.

ჩვენ გთავაზობთ ერთად ვაჭრობას, ოღონდ სხვადასხვა ანგარიშებზე, მაშინ საქმე განქორწინებამდე არ მივა. ვინაიდან დათვურ ბაზარზე შეგიძლიათ, თქვენი ნერვული სისტემა ისე დახვეწოთ, რომ ყოფითი პრობლემებისკენ, ან კონკურენტებისკენ გახედვაც კი არ მოგინდებათ. 

გამონაკლისს წარმოადგენს დეპუტატები, რომლებმაც თავიანთი კრიპტოაქტივები დაადეკლარირეს. ამ სიტუაციაში შეუძლებელი იქნება გაყოფისგან თავის დაღწევა: ყველაფერი დოკუმენტირებულია!

მემკვიდრეობა და კრიპტოვალუტა

Memento mori, როგორც იტყვიან... ბინების, მანქანებისა და აგარაკის მემკვიდრეობაში დატოვება ადვილია – ეს ყველაფერი სახელმწიფო რეესტრებში აღრიცხულია და მათზე ქონებრივი უფლებები რეგისტრირებულია. მემკვიდრეობის უფლებების მოთხოვნა საბანკო ანგარიშზეც კი შესაძლებელია. მაგრამ რა ვუყოთ კრიპტოვალუტას?

მოდით ამ პრობლემას იმ ადამიანის მხრიდან შევხედოთ, ვისაც კრიპტოვალუტის მემკვიდრეობაში მიღება სურს. თუ გარდაცვლილი ბიძა ბიტკოინებით ვაჭრობდა კრიპტობირჟაზე, მაშინ მგლოვიარე ძმისშვილებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ.

ვარიანტი პირველი, იურიდიული.

კრიპტობირჟაზე ანგარიშების მემკვიდრეობის წესებს ადგენს მისი მფლობელი. ეს შეიძლება იყოს ტრადიციული გადაცემა ანდერძის მეშვეობით, ან სპეციალური განკარგულება ბირჟისთვის, ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში.

თეორიულად, ისე, როგორც ეს გაწერილია ზოგიერთ ევროპულ კრიპტოპლატფორმაზე, მემკვიდრემ უნდა გაიაროს აქტივებზე უფლების დადასტურების ხუთი ეტაპი:

  1. სტანდარტული KYC პროცედურის გავლა და ბირჟაზე დარეგისტრირება.
  2. პლატფორმის იურისტებისთვის ანგარიშის მფლობელის გარდაცვალების მოწმობისა და მათი ოჯახური ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
  3. დოკუმენტის ასლის (პასპორტი, ან მართვის მოწმობა) წარდგენა, რომელიც კრიპტოვალუტის გარდაცვლილი მფლობელის KYC-სთვის იყო გამოყენებული.
  4. ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის ნომრის მითითება, რომელზეც გარდაცვლილის ანგარიში დარეგისტრირდა.
  5. ანდერძის ასლის წარდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთებს ბირჟის იურისტები ამოწმებენ და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს იმ პირობით, რომ თქვენ ყველა დოკუმენტი და მონაცემები გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც კი სცადოთ.
და არ დაგავიწყდეთ: ყველა დოკუმენტი ინგლისურად უნდა იყოს თარგმნილი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული.

ჰიპოთეზურად, საღი აზრიდან გამომდინარე, ეს წესები უნდა იყოს გაწერილი მომხმარებლის ხელშეკრულებაში. მაგრამ აღიარეთ, ვინმემ ნახა ისინი?

ვარიანტი მეორე, ტექნოლოგიური

მაგალითად,  გადავადებული გადარიცხვის სისტემა ერთი მისამართიდან მეორეზე. ამან შეიძლება იმუშაოს, თუ ადამიანმა სიცოცხლის განმავლობაში დაუტოვა ბირჟას განკარგულება, რომ თუ მისი ანგარიში არ არის აქტიური გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბალანსზე დარჩენილი მთელი თანხა უნდა გადაირიცხოს მითითებულ მისამართზე.

მაგრამ ეს არის თეორია, პრაქტიკაში ეს ჯერ არავის შეხვედრია.

ვარიანტი მესამე, ERC-4337 სტანდარტი

Ethereum-ის ქსელში განხორციელებული განახლების შემდეგ, რომელიც 01.03.2023-ში მოხდა, გაჩნდა აბსტრაქტული ანგარიშის კონცეფცია. ის საშუალებას გაძლევთ, დანიშნოთ მომხმარებლები (მეგობრები, იურისტები, მემკვიდრეები), რომლებსაც შეუძლიათ, მოახდინონ საფულეზე ან მისამართზე წვდომის "რეანიმაცია", თუ ვინმე დაკარგავს პირად გასაღებს, ან  მათ მფლობელს რაიმე დაემართება.

დეველოპერები აცხადებენ, რომ ERC-4337 სტანდარტის ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერ L2-ზე, რომელიც იყენებს Ethereum-ის ვირტუალურ მანქანას: BNB Smart Chain, Optimism, Arbitrum, Polygon და Avalanche.

რა უნდა გავაკეთოთ აპარატული საფულის შემთხვევაში?

ცივი საცავის გატეხა შეუძლებელია. თუ მემკვიდრეებმა იპოვეს გარდაცვლილის პირად ნივთებში Ledger Stax, ისღა დარჩენიათ, ის ბრელოკის სახით გასაღების ასხმას აჰკიდონ, ნათესავის ხსოვნის ნიშნად, რომელმაც ვერ მოიფიქრა, როგორ გადაეცა მათთვის seed-ფრაზა.

ამიტომ, სტატიის ეს ნაწილი ეძღვნება მათ, ვინც განიხილავს როგორ დაუტოვოს უსაფრთხოდ კრიპტოსეიფის გასაღები საყვარელ ადამიანს.

არსებობს არააშკარა ვარიანტები:

1. გაიკეთოთ ტატუ სხეულზე და სასურველია ისეთ ადგილას, რომელსაც ცოტა ადამიანი ხედავს. მაგრამ ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია ადგილი, რომელიც მორგის მუშაკისგან დამალული აღმოჩნდება. რა მოხდება, თუ ისიც კრიპტელი აღმოჩნდება და მიხვდება, რა არის ეს? ამ შემთხვევაში მემკვიდრეებს ფულის გაყოფა პათოლოგანატომ-ტრეიდერთან მოუწევთ. შანსი მინიმალურია, მაგრამ გამორიცხული არ არის.

2. ჩაწეროთ ანდერძში seed-ფრაზა. თუკი ნოტარიუსი კრიპტელი  აღმოჩნდება? სტატისტიკის მიხედვით, (იხ. ზემოთ) უკრაინაში  ხომ ყოველ მეათე ადამიანს ესმის, რა არის ცივი საფულე. შეიძლება, რა თქმა უნდა,ყველა ნოტარიუსის პროფესიული კეთილსინდისიერების  რწმენა შევინარჩუნოთ. მაგრამ გვეჩვენება, რომ ადამიანებმა, რომლებიც ანდობენ აქტივებს აპარატულ საფულეს და არა კრიპტობირჟას, ცხოვრებაში ბევრი რამ ნახეს და ბრმად ცოტას თუ ენდობიან.

3. დამალოთ ფურცელი პირადი გასაღებით ბანკის საკანში. ჩვენი აზრით, ეს ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. ერთადერთი რისკი ის არის, რომ მემკვიდრეები ვერ შეძლებენ 2+2-ის შეკრებას და ვერ გაიგებენ, რა კავშირშია ერთმანეთთან უცნაური ფლეშ დრაივი გარდაცვლილი ბიძის მაგიდაზე და ფურცელი გაუგებარი სიტყვებითა და ციფრებით ფოლადის ყუთში. მაგრამ ეს უკვე იმის  ნაკლი იქნება, ვინც ახლობლებს არ გამოუტყდა იმაში, რა არის "to the moon" და როგორ აპირებდა ფულის გამომუშავებას Lamborghini-ს საყიდლად.

რა ხდება გადასახადებთან დაკავშირებით?

ამ შემთხვევაში, ყველაფერი მარტივია: 

  1. პირადი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მერყეობს 0-დან 18%-მდე, მემკვიდრის კატეგორიის მიხედვით.
  2. პლუს სამხედრო გადასახადი - 1,5%.

ერთადერთი პრობლემა მხოლოდ მაღალი ვოლატილობის გამო, მემკვიდრეობით მიღებული კრიპტოვალუტის ღირებულების განსაზღვრა იქნება. მაგრამ რა მომენტისთვის უნდა ჩაითვალოს ფასი? ანდერძის დაწერის დროს? სიკვდილის დროს? გადასახადის გადახდის დროს?

უკრაინაში ჯერ არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გადასახადები ამ შემთხვევაში მაქსიმალური ნიშნულებიდან გამოითვლება.

სახელმწიფოს აქვს კრიპტოვალუტა, არის მემკვიდრეობის გადასახადები კრიპტოვალუტაში (ჩვეულებრივი ქონების ანალოგიით), მაგრამ კრიპტომფლობელებს კანონიერი უფლებები ჯერ არ აქვთ.

ასე რომ, თუ თქვენ მოახერხებთ კრიპტომემკვიდრეობის გაფორმების მთელი პროცედურის გავლას, შეგიძლიათ, დაწეროთ პრაქტიკული სახელმძღვანელო. ჩვენ მას სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე.