"ჭიქა“, "ვეშაპები", "შიტკოინი" - გავერკვეთ კრიპტოვალუტურ სლენგში

ფოტო - "ჭიქა“, "ვეშაპები", "შიტკოინი" - გავერკვეთ კრიპტოვალუტურ სლენგში
მსოფლიოში ადამიანთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ ბიტკოინისა და ბლოკჩეინის შესახებ უკვე იცის. მაგრამ ტრეიდერებთან, ან მგზნებარე კრიპტოენთუზიასტებთან ურთიერთობისას შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ კრიპტოვალუტური სამყარო სავსეა რთული ტერმინებით, რომელთა გაგებაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მარტივი არ არის.
გთავაზობთ ძირითადი კრიპტოტერმინებისა და ტრეიდერების სლენგის მიმოხილვას.

ხარული და დათვური ბაზარი

ხარული ბაზარი (Bull market) არის ბაზარზე არსებული პერიოდი,  როდესაც ინვესტორები კრიპტოს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან, მოთხოვნა კი მიწოდებას აღემატება. დათვური ბაზარია (Bear market), როდესაც საპირისპირო სურათი გვაქვს: ინვესტორები თავიანთ აქტივებს ყიდიან, მოთხოვნა არ არის, ძირითადი კრიპტოვალუტები, პიკურ ღირებულებასთან შედარებით, 50%-ით, ან მეტით იკლებს.

პამპი და დამპი

ამ ტერმინებს ტრეიდერები იყენებენ ბირჟაზე ისეთი მოვლენების აღსაწერად, როგორიცაა კრიპტოაქტივის ფასის მკვეთრი სპონტანური ზრდა (pump — ინგლისურად "დატუმბვა") ან მისი სწრაფი ვარდნა (dump — ინგლისურად "მოცილება"). ასევე ცნობილია მანიპულაციური სტრატეგია, სახელწოდებით Pump&Dump, რომელიც ერთსა და იმავე მოთამაშის მიერ აქტივის დატუმბვისა და შემდგომი მოცილების ერთობლიობას წარმოადგენს.

სუსტი (weak hands) და ბრილიანტის ხელები (diamond hands)

ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, გაყიდონ ციფრული აქტივები ბაზარზე არსებული პანიკის პერიოდში, ან, შესაბამისად, შეინარჩუნონ ისინი, მიუხედავად ფასების ყველაზე სერიოზული რყევებისა.

FUD (fear, uncertainty and doubt - შიში, გაურკვევლობა, ეჭვი)

FUD აღწერს პერიოდს, როდესაც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესახებ ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ჩნდება. FUD-ის მაგალითი შეიძლება იყოს ჭორები ბლოკჩეინის მოწყვლადობის, ან ციფრული აქტივების უზრუნველყოფის (როგორიცაა USDT 1:1 თანაფარდობით ბმა აშშ დოლართან) პრობლემების შესახებ.

HODL, ასევე დაჰოლდვა და ჰოლდერები

HODL კრიპტოში ერთ-ერთი უძველესი ტერმინია. მისი ისტორია 2013 წელს, Bitcointalk-ის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებლის შეცდომის გამო იწყება. "Hold-ის" ნაცვლად მან "hodl" დაწერა, რაც მალევე გახდა აკრონიმი "hold on for dear life - გაუძელი, რაც ძალი და ღონე გაქვს".

ახლა ამ ტერმინით აღნიშნავენ სტრატეგიას, როდესაც ინვესტორები (ჰოლდერები) კრიპტოვალუტას გრძელვადიანი პერსპექტივით ყიდულობენ და უახლოეს მომავალში მის გაყიდვას (ჰოლდავენ) არ აპირებენ.

ვეშაპი (whale)

ესაა მსხვილი ინვესტორები, რომლებიც კრიპტოვალუტის მთლიანი მიწოდების მნიშვნელოვან წილს ფლობენ. როგორც წესი, 5%-ს, ან მეტს.

Shitcoin (შიტკოინი)

ნიშნავს ტოკენს, რომელსაც არ გააჩნია ფუნდამენტური ღირებულება,  კონკრეტული გამოყენების შემთხვევები და მდგრადი მოთხოვნა. ამ  ტერმინით აღნიშნავენ კრიპტოვალუტებს, რომლებზეც აჟიოტაჟი მხოლოდ სუბიექტური მიზეზების გამოა შექმნილი (მაგალითად, Twitter-ზე ილონ მასკის პოსტის, ან Reddit-ზე რომელიმე ჩატის მომხმარებელთა შეთქმულების გამო). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგიერთი შიტკოინის კაპიტალიზაცია შეიძლება აღემატებოდეს ისეთი ფუნდამენტური პროექტების კაპიტალიზაციას, როგორიცაა Polygon ან Polkadot.

FOMO – fear of missing out-ის შემოკლება (ხელიდან გაშვებული სარგებლის დაკარგვის შიში)

FOMO-ს უახლესი მაგალითი იყო პროექტი Arbitrum, რომელმაც კარგად დააჯილდოა ყველა, ვინც მათ პროექტში აქტიურობდა. ჩადებული რამდენიმე ათეული დოლარიდან, მონაწილეებმა ჯილდოდ რამდენიმე ასეული და ათასობით დოლარიც კი მიიღეს. შესაბამისად, ყველას, ვინც იცოდა პროექტის შესახებ, მაგრამ დაიზარა მონაწილეობა, გაუჩნდა FOMO.

ჭიქა (Depth of Market)

ციფრული აქტივების შესყიდვის, ან გაყიდვის განაცხადების (ორდერების) ცხრილი. ტერმინი მოვიდა საფონდო ბაზრიდან, სადაც მას იგივე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საქონელთან, კონტრაქტებთან, ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში.

თაიმფრეიმი

ეს არის დროის ინტერვალი (პერიოდი) სავაჭრო აქტივის გრაფიკის მიხედვით. ისეთი ინსტრუმენტების დახმარებით, როგორიცაა Tradingview, საფასო გრაფიკის დაჯგუფება გარკვეული პერიოდის მიხედვითაა შესაძლებელი. თუ აირჩევთ H1 ინტერვალს, მაშინ გრაფიკზე თითოეული სანთელი ერთი საათის პერიოდს ასახავს.

სანთელი

არჩეული პერიოდის განმავლობაში ფასების მოძრაობის გრაფიკზე დალაგებისა და ასახვის ერთ-ერთი საშუალება (თაიმფრეიმი).

RR (Risk:Reward) 

სავაჭრო გარიგების დადებისას შესაძლო რისკისა და პოტენციური მოგების  თანაფარდობა.

Stop loss

დანაკარგების იძულებითი შეჩერება. ყიდვის, ან გაყიდვის ორდერის ერთ-ერთი ვარიანტი. როდესაც ფასი მიაღწევს Stop Los-ის ნიშნულს, ვაჭრობა ტრეიდერისთვის მისაღები ზარალით იხურება.

სკალპინგი

მრავალი სტრატეგიიდან ერთ-ერთი, რომელიც მცირე თაიმფრეიმებით ვაჭრობას ითვალისწინებს.

სვინგი

სკალპინგის საპირისპიროა, როდესაც ღია გარიგებები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში.

POI (point of interest) 

ინტერესის ზონა, ადგილი, სადაც ტრეიდერი იღებს გადაწყვეტილებას გარიგების გახსნის, ან დახურვის შესახებ.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველა კრიპტოტერმინი, რომლის მოსმენა და წაკითხვა სპეციალიზებული გამოცემების გვერდებზეა შესაძლებელია. ასევე, ტრეიდერები იყენებენ გაცილებით ბევრ სპეციფიკურ სიტყვას, რომლებიც დაკავშირებულია მათ სავაჭრო სტრატეგიასთან, ან იმ სახეობის ანალიზთან, რომელსაც ისინი ვაჭრობისთვის იყენებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მინიმუმი საშუალებას მოგცემთ უფრო მეტად გაერკვეთ კრიპტოვალუტური ბაზრის ნიუანსებში.