დო კვონს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

ფოტო - დო კვონს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ
Terraform Labs-ის დამფუძნებელს ექნება შესაძლებლობა, მონტენეგროს ციხიდან გირაოთი გამოვიდეს. სასამართლოს განცხადების თანახმად, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, გაყალბების ბრალდებით სასამართლო პროცესის მოლოდინში, დო კვონი შინაპატიმრობაში დარჩება.
პოდგორიცას ძირითადმა სასამართლომ დააკმაყოფილა კვონის ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 400 000 ევროს (435,000 აშშ დოლარი) შეტანის შესახებ. წესების თანახმად, კვონი და მისი მრჩეველი, კომპანია Terra-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჰან ჩან ჩჟუნი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. თანაც, მათ ბინიდან გასვლა აეკრძალებათ. 
 
მარტში კვონი და ჩჟუნი მონტენეგროს ხელისუფლებამ ყალბი დოკუმენტების გამოყენების მცდელობისთვის დააკავა. აშშ-მა და სამხრეთ კორეამ მათი ექსტრადიცია კვონის კრიპტოვალუტური საწარმოს კრახთან დაკავშირებული სისხლის სამართლის ბრალდების წარსადგენად მოითხოვეს.  
 
სხდომაზე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე მილიონიან ქონებას ფლობენ და მათი ცოლები გირაოს გადაიხდიან. ბრალდების მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლის თქმით, არ არსებობდა გარანტია, რომ კვონი გაქცევას არ ეცდებოდა, სასამართლომ გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. 
 
ბრალდებულებმა ასევე პირობა დადეს, რომ სისხლის სამართლის პროცესის დასრულებამდე სასამართლოს განკარგულებაში დარჩებიან და სასამართლო უწყებებს  ჯეროვნად უპასუხებენ. კვონის საქმის შემდეგი მოსმენა 16 ივნისს გაიმართება. გირაოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეებს გასაჩივრებისთვის სამდღიანი ვადა აქვთ.

GC
GN Crypto
ავტორი