შარშან სალვადორის ხელისუფლებამ ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებად აქცია და Bitcoin City-ის შექმნა დააანონსა. ცოტა ხნის წინ მზის ენერგიაზე ბიტკოინის მაინინგის კიდევ ერთი პროექტი დაიწყო, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიციები მიიღო.
ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ფართობის მქონე ქვეყანა, სალვადორი, მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც 2021 წელს ბიტკოინი გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარა. მას ისეთივე უფლებები აქვს, როგორც აშშ-ის დოლარს, რომელიც იქ ეროვნული ვალუტის სტატუსით სარგებლობს. საერთოეროვნული ენთუზიაზმის ფონზე, სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ რამდენიმე ხმაურიანი პროექტი დააანონსა, რომელთაგან ორი მომავლის ქალაქის, Bitcoin City-ს მშენებლობა და გეოთერმულ ვულკანურ ენერგიაზე ბიტკოინის მაინინგია.
2022 წლის ზაფხულში კიდევ ერთი პერსპექტიული პროექტი დაანონსდა. მთავრობამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტებს, რომლებიც მზის მძლავრი ელექტროსადგურის მშენებლობას ეხებოდა. მან ბიტკოინფერმა უნდა კვებოს, რომელიც დასახლება ელ გავილანში მდებარეობს, ის კი, თავის მხრივ, ნუევა კონსეპსიონის სოფლის მუნიციპალიტეტში შედის.
ახალი მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 6 მეგავატი იქნება
მსგავსი პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება განსხვავებულია. ზოგს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე მშენებლობების გავლენის, ტყეების გაჩეხისა და რეგიონში წყლის დეფიციტის გაზრდის ეშინია. ზოგი სამუშაო ადგილების მატებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებსა და მასშტაბურ ელექტრიფიკაციას ელოდება (ახლა ოჯახების დიდი რაოდენობა ელექტროენერგიის საერთო ქსელს მიერთებული არ არის).
სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ასეთი პროექტი სოფლის ღარიბ ფერმერულ თემში ინვესტიციების შემოდინებას შეუწყობს ხელს და ადგილობრივ სალვადორელთა ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. გარდა ამისა, მათი აზრით, ჭარბი ელექტროენერგიის ტრანსპორტირება საერთოეროვნულ ქსელშია შესაძლებელი, რაც მთელი ქვეყნის სიმძლავრეს გაზრდის.
ვინ არის ინვესტორი?
პროექტი შვეიცარიული კონსორციუმის მეშვეობით ფინანსდება, რომლის ინტერესებს ინვესტორი ხოსე ლოპესი წარმოადგენს. ის შვეიცარიის მოქალაქეობის მქონე სალვადორელია, რომელმაც გადაწყვიტა, ინვესტიციები მშობლიურ ქვეყანაში ჩაედო.
ჩემთვის ამ პროექტის ხელმძღვანელობა დიდი პატივია... მე ვალში ვარ სალვადორის წინაშე და ჩემი ფონდის ყველა ინვესტიცია ჩვენი მშვენიერი ქვეყნის კეთილდღეობისკენ იქნება მომართული- დაწერა ლოპესმა "ტვიტერზე".
ინვესტორმა განაცხადა, რომ ის და მისი ბიზნესპარტნიორები სალვადორში განახლებადი ენერგიის წყაროებზე ბიტკოინის მაინინგის პროექტში $200 მილიონის ჩადებას გეგმავენ. დასაწყისისთვის პროექტისთვის $15 მილიონის ოდენობის პირველი ტრანში გამოიყო, დანარჩენი ტრანშები კი ყოველი დაგეგმილი ეტაპის დასრულების შემდეგ განხორციელდება.
ნუევა კონსეპსიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი რაულ პენია პროექტს მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ მისი წყალობით ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას შეძლებს. მისი თქმით, ლოპესი დაჰპირდა, რომ ამ რაიონში ახალი გზები დაიგება, ყველა სახლი კი ელექტრიფიცირებული იქნება.
ჩვენ რომ გვეფიქრა, რომ ეს პროექტი დაგვაზიანებდა, პირველები ვიქნებოდით, ვინც მის წინააღმდეგ გამოვიდოდა- განაცხადა პენიამ, რომელიც პროექტში თემისა და მუნიციპალიტეტისთვის დიდ პერსპექტივებს ხედავს.
მშენებლობის პირველი ხაზის ამოქმედება
სრულად განახლებადი ბუნებრივი რესურსების მქონე, 6-მეგავატიანი ელექტროსადგურის ფუნდამენტის პირველ ნაწილს, რომელიც მაინინგ ფერმას ენერგიით უზრუნველყოფს, 2022 წლის ივნისში ჩაეყარა საფუძველი. ამჟამად სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
პრეზენტაციასა და საზეიმო გახსნის ცერემონიას აშშ-ში სალვადორის ელჩი მილენა მაიორგა დაესწრო.
ეს, ალბათ, ყველაზე დიდი კერძო ინვესტიციაა, რაც კი ნუევა კონსეპსიონსა და ჩალატენანგოს დეპარტამენტში შემოსულა- განაცხადა მაიორგამ და დასძინა, რომ რეგიონში $200 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
ეკოლოგები პროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ
წყლისა და სანიტარიის ადგილობრივი ასოციაციის შეფასებით, მზის ელექტროსადგურის მშენებლობამ, შესაძლოა, დაახლოებით 74 აკრი (30 ჰექტარი) ტყის მასივის გაჩეხა გამოიწვიოს.
„ეს ტყე არამარტო თემის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის ფილტვებია. თუ ჩვენ გავჩეხთ უკანასკნელს, რაც დაგვრჩა, რა დღეში აღმოჩნდება მუნიციპალიტეტი?", - განაცხადა ნუევა კონსეპსიონის კომუნალური განვითარების ასოციაციის პრეზიდენტმა, ხოსე გილბერტო სალგუერომ.
ასოციაციის პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ბიტკოინის მაინინგის ენერგომოცულობით პროექტს, აღჭურვილობის გაგრილებისთვის, შეიძლება ბევრი წყალი დასჭირდეს. წყალი ფერმერებისთვის სარწყავი სისტემების მუშაობისთვის აუცილებელია და მისი დეფიციტი მოსავლის დაკარგვის რისკს ზრდის.
ბიტკოინის ექსპერიმენტი ქვეყნის დონეზე
პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს მთავრობა თვლის, რომ ბიტკოინზე ორიენტირებული პოლიტიკა ინვესტიციების მოზიდვას, ფულადი გზავნილების ღირებულების შემცირებას, ტურისტების რაოდენობის გაზრდასა და ფინანსური ინკლუზიურობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
თუმცა, მას შემდეგ რაც 2021 წლის სექტემბერში სალვადორმა ბიტკოინს გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი მიანიჭა, კრიპტოვალუტის ღირებულება მხოლოდ შემცირდა, რამაც პოტენციური ინვესტორები დააფრთხო და ქვეყნის ციფრული აქტივების რეზერვები შეამცირა.
პროექტს Bitcoin City, რომელიც მეგაპოლისი და კრიპტოინვესტორების ნავსაყუდელი უნდა ყოფილიყო, სადაც მაინინგი ვულკანის ენერგიაზე მოხდებოდა, განხორციელება არ ეწერა.
სალვადორის ცენტრალური სარეზერვო ბანკის სტატისტიკამ აჩვენა, რომ გასული წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის საფულეების გამოყენებით ფულადი გზავნილების წილი 2%-ს არ აღემატებოდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოუწოდა სალვადორს, ბიტკოინისთვის გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი ჩამოერთვა, რადგან, მისი განცხადებით, ქვეყანა ფინანსურმა, ეკონომიკურმა და სამართლებრივმა პრობლემებმა მოიცვა. ამაზე მთავრობამ უპასუხა, რომ ექსპერიმენტი გაგრძელდებოდა.
ბიტკოინის მაინინგისთვის მზის ელექტროსადგურის გამოყენების პროექტის წარმატებით დაწყებამ, რასაც მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ახლდა თან, ქულები შემატა რეფორმატორების გუნდის წევრებს, რომლებსაც პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე ხელმძღვანელობს.
აშშ-ში სალვადორის ელჩი მილენა მაიორგა თვლის, რომ ბიტკოინეკონომიკის განვითარება მსოფლიოში სალვადორისადმი ნდობას ზრდის.
ქვეყანაში ინვესტიციები შემოდის და ეს პროცესი შეუქცევადია- განაცხადა მან.
ადგილობრივების მოლოდინი
ნუევა კონსეპსიონის მაცხოვრებლების უმეტესობა ნატურალური მეურნეობით, პირუტყვის მოშენებითა და მცირე ბიზნესით ირჩენს თავს. ბევრი ოჯახი აშშ-ში მყოფი მშრომელი მიგრანტებისგან გამოგზავნილ ფულზე ცხოვრობს.
43 წლის ფრედის ესკობარი, რომელიც ნუევა კონსეპსიონის ცენტრში უნივერსალურ მაღაზიას ხელმძღვანელობს, თვლის, რომ მზის ელექტროსადგურის ახალი პროექტი და ინვესტორების შემოსვლა მცირე ბიზნესის მფლობელებს დახმარება.
„თუკი ჩვენს მუნიციპალიტეტში მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება, მეტი თანხა იტრიალებს. ჩვენ ყველანი ამით მხოლოდ მოვიგებთ”, - განაცხადა მან.
ქალაქ ელ გავილანის მკვიდრი, 36 წლის მაირა პორტილიო, რომელიც სახლების დალაგებით დღეში დაახლოებით 4 დოლარს შოულობს, ამბობს, რომ საკუთარი ოჯახის პირობების გაუმჯობესება ძალიან უნდა, მაგრამ შეეშინდა, როდესაც გაიგო, რომ პროექტმა, შესაძლოა, გარემოს ზიანი მიაყენოს.
თუ პროექტი ჩვენზე უარყოფითად იმოქმედებს, მაშინ უმჯობესია, საერთოდ არ დაინერგოს- განაცხადა მან.
ბევრმა მაცხოვრებელმა განაცხადა, რომ პროექტზე რაღაც სმენია, მაგრამ სურს, მეტი გაიგოს.
თუ მათი მზის პანელები ჩვენს სახლებს ენერგიით უზრუნველყოფს, ეს დიდი დახმარება იქნება- თქვა 12 შვილის მამამ, ალექს სანტამარიამ, რომლის სახლი ელექტრიფიცირებული არ არის.
ის თვლის, რომ სჯობს, ინვესტორებმა საჭიროებების შესახებ უშუალოდ თემს ჰკითხონ და თუ რაიმეში დაეხმარებიან, თემი ბედნიერი იქნება.