Ethereum და Ethereum Classic: რა განსხვავებაა

ფოტო - Ethereum და Ethereum Classic: რა განსხვავებაა
შესაძლებელია თუ არა, რომ მამა შვილზე გვიან დაიბადოს? კრიპტოვალუტების სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. სწორედ ასე მოხდა Ethereum Classic-ის შემთხვევაში, რომელმაც მისი წინაპრის, ETH-ის საბაზისო კოდი შეინარჩუნა.

როგორ გაჩნდა ETC

Ethereum Classic კრიპტოვალუტაა, რომელიც 2016 წელს, Ethereum-ის გაყოფის დროს გაჩნდა. მაშინ ვიტალიკ ბუტერინმა, ენტონი დი იორიომ და ჯოზეფ ლუბინმა გადაწყვიტეს, რომ Ethereum DAO-ზე მომხდარი თავდასხმისა და 3,6 მილიონი მონეტის დაკარგვის შემდეგ, აუცილებელია ბლოკების ჯაჭვების განახლება, რათა  თაღლითური ტრანზაქციები წაიშალოს და მომხმარებლებმა ფული დაიბრუნონ.

საზოგადოებაში აზრები გაიყო და მისი ნაწილი მსგავს ცვლილებებს არ დაეთანხმა. ცვლილებების მოწინააღმდეგეები, მათი თვალსაზრისის არგუმენტად, ამტკიცებდნენ, რომ თუ ტრანზაქციების შენახული ისტორიის რედაქტირება შესაძლებელია, თუნდაც კარგი მიზნისთვის, მაშინ ბლოკჩეინი უცვლელობის ძირითად იდეას დაკარგავს.

ძნელია, დეცენტრალიზაციაზე ამ შეხედულებას არ დაეთანხმო.

მაგრამ დამფუძნებლებმა თავისი გაიტანეს და ქსელის ჰარდფორკი ჩაატარეს. ორი ეთერის გზები გაიყარა. ერთ-ერთმა მათგანმა, განახლებულმა, თავდასხმის შესახებ წაშლილი მეხსიერებით, მოპარული აქტივები პროგრამულად დააბრუნა და ბუტერინის ხელმძღვანელობით საკუთარ გზას დაადგა. მეორეს მხარდაჭერა იგორ არტამონოვის, ჩარლზ ჰოსკინსონის და გევინ ვუდის გუნდებმა ითავეს.
Ethereum Classic-მა საფუძვლად Ethereum-ის უცვლელი საბუღალტრო წიგნი აიღო, რომელიც ჰაკერული თავდასხმის შემდეგ განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას შეიცავს. ვინაიდან „კოდი კანონია“, როგორც ეს "Ethereum Classic-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია" აღნიშნული. 
Ethereum Classic-ის ბლოკჩეინს, ისევე როგორც Ethereum-ის ქსელს, სმარტ-კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების მხარდაჭერა შეუძლია, ასევე EVM-ის (ეთერიუმის ვირტუალური მანქანა) შესაძლებლობებს იყენებს. მაგრამ მათი მსგავსება ამით მთავრდება.

რა განსხვავებაა ახლა ETH-სა და ETC-ს შორის?

ყველაზე თვალსაჩინო: კრიპტობაზარზე კაპიტალიზაციის მიხედვით, Ethereum მეორე ადგილს მყარად იკავებს და პოზიციების დათმობას არ აპირებს, ხოლო  Ethereum Classic ლიდერების პირველ ათეულშიც კი არ შედის. ხანდახან პროექტი მე-18 ადგილზე ადის, თუმცა უფრო ხშირად მესამე ვაგონშია (სტატიის  მომზადების მომენტში 24-ე ადგილი CoinMarketCap-ის მიხედვით).

ETC არ მიჰყვება ფასების იმავე ტრაექტორიას, როგორც ETH. ფასების განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ETC-ს  ფიქსირებული მიწოდება აქვს, ETH-ს კი - არა. "კლასიკის" მაქსიმალური მიწოდება 210,7 მილიონი მონეტის დონეზეა განსაზღვრულო, ამასთან მაინერების ჯილდო ბლოკისთვის ყოველ 5 მილიონ ბლოკში ერთხელ 20%-ით მცირდება.

ამოქმედების დღიდან Ethereum Classic ცდილობდა, ETH-ისგან განსხვავებული ყოფილიყო, ამასთან, რაც დრო გადის, ორი ქსელის ტექნიკური მახასიათებლები  უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს.
 
Ethereum-ის ბლოკჩეინი PoS-ზე გადავიდა, რამაც ელექტროენერგიის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანა და ქსელში საკომისიო მნიშვნელოვნად შეამცირა.

Ethereum Classic-ის ბლოკჩეინი კვლავ ენერგომოხმარების კუთხით ხარჯიან PoW ალგორითმს იყენებს, ანუ ახალი მონეტების მოპოვება ტრადიციული მაინინგით ხდება.

ETC-ის ბლოკჩეინი 51%-იანი თავდასხმის (ორმაგი ხარჯვის) მსხვერპლი სამჯერ გახდა - 2019 წლის იანვარში, ასევე 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში. საერთო ჯამში, მილიონზე მეტი ETC იყო მოპარული. გუნდმა მთელი მოპარული თანხები მომხმარებლების ბალანსზე დააბრუნა.

ETH-ის ბლოკჩეინის გატეხა 2021 წლის სექტემბერში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

Ethereum Classic-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა პროტოკოლშია დაფიქსირებული და გამჭვირვალეა: მაინერებმა ზუსტად იციან, რამდენ  ჯილდოს მიიღებენ და კიდევ რამდენი ბლოკის მოპოვება მოუწევთ. 

რაც შეეხება ჯილდოებსა და საკომისიოებს ETH-ის ქსელში, ისინი ცვალებადია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვალიდატორებს ამჟამად განუსაზღვრელი ვადით მინიმუმ 32 მონეტის გაყინვა უწევთ, რათა ახალი ბლოკების შექმნის უფლება მოიპოვონ. ამასთან, ჯილდოს გაანგარიშებისთვის საპროცენტო განაკვეთებსა და ინვერსიული კვადრატული ფესვის ფუნქციას იყენებენ. 

შეიძლება შევაჯამოთ, რომ ბუტერინის ახალი ეთერი, ბლოკჩეინის ცენტრალიზაციის ნიშნებისა და დაჯილდოების გასაგები სისტემის არარსებობის მიუხედავად, ტექნოლოგიურად უფრო მძლავრი და წარმატებულია. 

Ethereum Classic-მა კი შეინარჩუნა კრიპტოვალუტის ყველა მახასიათებელი, როგორიც მათი ფორმირების ეტაპზე იყო: სამართლიანი განაწილება, გამჭვირვალობა, უცვლელობა.

აქვს თუ არა მომავალი Ethereum Classic-ს?

ამჟამად, ETC დეველოპერების ძირითადი ყურადღება კოდის, როგორც კონცეფციის მხარდაჭერას ეთმობა. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ბლოკჩეინში კოდის შესრულებაზე ცენზურის დაწესების უფლება არავის აქვს. Ethereum Classic სმარტ-კონტრაქტების შესრულებას კვლავინდებურად აადვილებს, დეცენტრალიზებული მმართველობის უპირატესობებს სთავაზობს და მაინინგზე უარის თქმას არ აპირებს. 

მაგრამ Ethereum, როგორც NFT-ების შესაძენად, გასაყიდად და შესაქმნელად  უპირატესი ბლოკჩეინი, Ethereum Classic-ზე დომინირებას აგრძელებს. ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ETC-ს მომავალი არ აქვს. მაგრამ ETH, სავარაუდოდ, ორი შესაძლოდან უფრო სანდო და პოპულარულ ბლოკჩეინად დარჩება. 

დიდწილად, ეს Ethereum Foundation-ის მარკეტოლოგების და PR განყოფილების დამსახურებაა. მათ Ethereum-ის ბლოკჩეინზე დეველოპერებისთვის გლობალური სკოლის შექმნა შეძლეს. გარდა ამისა, კომპანია ცდილობს, მარეგულირებლებთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს და კერძო და საჯარო კომპანიებთან, მათ შორის UNICEF-თანაც კი, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს აფორმებს. 

დავამატებთ, რომ წარმატებასა და სიმდიდრეს ბედნიერება ყოველთვის არ მოაქვს. ტყუილად კი არ დატოვა Ethereum-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, ენტონი დი იორიომ გუნდი 2021 წელს და ყველა კრიპტოპროექტზე უარის თქმა გადაწყვიტა. მას ეშინოდა, რომ საფრთხე მის უსაფრთხოებას დაემუქრებოდა: კომპანიის გასაოცარმა წარმატებამ და გამომუშავებულმა მილიონებმა აიძულა, დაექირავებინა პირადი მცველები, რომელთა გარეშეც სახლიდან არ გადიოდა.