ევროკავშირმა AML-პოლიტიკის ფარგლებში NFT პლატფორმებს დაუმიზნა

icon NFT
ფოტო - ევროკავშირმა AML-პოლიტიკის ფარგლებში NFT პლატფორმებს დაუმიზნა
ევროკავშირის უკანონო ფინანსური საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გაერთიანება არაჩანაცვლებად ტოკენებს განსაკუთრებით დააკვირდება.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაამკაცრა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის წესები. ამჯერად ევროკავშირმა, რომელიც 27 ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს, სამიზნეში NFT პლატფორმები ამოიღო.

ევროპარლამენტის წევრმა აურორა ლალიუკმა კენჭისყრის დეტალები საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"ამ კენჭისყრის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ NFT პლატფორმები ახლა უნდა შეესაბამებოდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის იურიდიულ მოთხოვნებს“, - დაწერა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი ანონიმურ ტრანზაქციებზე 1000 ევროს ლიმიტის შემოღებას გეგმავს.

მათ, ვინც ამ ზღვარს გადააჭარბებს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ.

გარდა ამისა, ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო (AMLA) შეძლებს შეადგინოს პლატფორმების სია, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომლებიც პოტენციურად შეიძლება უკავშირდებოდეს ფულის გათეთრების, ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს.

"აკრძალული იქნება შრომითი და საქმიანი ურთიერთობა არარეგისტრირებულ, ან არალიცენზირებულ პლატფორმებსა და ორგანიზაციებთან. ასეთი ორგანიზაციების საორიენტაციო და არასრულ ჩამონათვალს დაადგენს #AMLA“, - წერს ლალიუკი.

ევროკავშირს კრიპტოაქტივების ერთიანი უნიფიცირებული ნორმატიული ბაზის შემუშავების პროცესი ჯერ კიდევ წინ აქვს. 

კენჭისყრა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) მიერ წესების გამკაცრების ფონზე მიმდინარეობს. თებერვალში, SEC-მა კრიპტობირჟა Kraken დაადანაშაულა იმაში, რომ სტეიკინგის პროგრამის ფარგლებში ის მომხმარებელს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს სთავაზობდა. 

კომპანია საკითხის დარეგულირებასა და მომსახურების შეწყვეტას დათანხმდა.

ბირჟამ Coinbase უკვე წარადგინა SEC-ში პეტიცია, რომელშიც  განმარტა, რატომ არ შეიძლება ციფრული აქტივების სტეიკინგის გათანაბრება ფასიან ქაღალდთან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პეტიცია უყურადღებოდ დარჩა.

მანამდე GNcrypto წერდა, რომ ორშაბათს ფინანსთა მინისტრმა ენდრიუ გრიფიტმა განაცხადა, რომ სამეფო ზარაფხანა თავისი NFT პროექტის დაწყებას ჯერ არ გეგმავს, თუმცა არც ამ საკითხის განხილვაზე ამბობს უარს.